"გერმანელებიც კი შეცვალა იზოლაციაში ცხოვრებამ. მეზობლები აივნიდან მკითხულობენ, რეზო, როგორ ხარო?"
"გერმანელებიც კი შეცვალა იზოლაციაში ცხოვრებამ. მეზობლები აივნიდან მკითხულობენ, რეზო, როგორ ხარო?"
ფოტო:რეზო ჩხიკვიშვილი
"ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით. გკოცნით, გეფერებით და მიყვარხართ ძალიან"

უკვე ბევრი წელია, რაც მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიაში ცხოვრობს­ და მოღვაწეობს. როგორც ყველა, ისიც იზოლაციაშია ფიქრებს მიცემული... "აქამდე ადამიანისთვის წინა პლანზე ძალაუფლებისთვის ბრძოლა, მომხვეჭელობა და ფინანსური კეთილდღეობა იყო, ახლა ყველაფრის გადაფასება ხდება", - ამბობს მსახიობი.

- ვცხოვრობ ესენში. ეს ლამაზი ქალაქი 2010 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო, 2017 წელს - მწვანეთა დედაქალაქი. ახლა აქ, ისევე, როგორც მთელ გერმანიაში, ყველაფერი გაჩერებულია. ანგელა მერკელმა
განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას ასეთი გამოწვევა არ ჰქონიაო. ახლა მერკელიც კარანტინშია, რადგან კონტაქტი ჰქონია კორონავირუსიანთან...

ეს 80-მილიონიანი ქვეყანა ცდილობს მობილიზებას. როგორც საქართველოში, აქაც ყველა ზომა მიიღეს - საავადმყოფოები გა
დააკეთეს, პერსონალი გადაამზადეს, სასუნთქი აპარატები რომ არ დაკავ­დეს, გეგმური ოპერაციები და კვლევები შეჩერებულია. ყველას გვთხოვენ და მოგვიწოდებენ, დავრჩეთ სახლში. ეს არის გადარჩენის მთავარი გზა. მოკლედ, ყველანი სახლში ვართ, მერკელიც სახლიდან მუშაობს.

სულ ცოტა ხნის წინ ცხოვრება დუღდა, ახლა ყველაფერი გაჩერდა, აღარც სამსახურები გვაქვს, აღარც სოციალური კონტაქტები. ადამიანებს ფსიქოლოგიურ წნეხშიც აქცევს ასეთი ჩაკეტილი ცხოვრება, მაგრამ ისევ მერკელის ნათქვამს გავიმეორებ: "თუ გვინდა ქვეყანა დავიცვათ, უნდა დავემორჩილოთ წესებს!". მან მადლობა გადაუხადა გერმანელებს, რომლებიც საოცრად კანონმორჩილი ხალხია და ზედმიწევნით იცავენ წესებს.

- წესების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდა?
- აქაურების უმრავლესობა ყველა მითითებას ასრულებს. ქალაქი თითქმის ცარიელია, ამიტომაც არ არის სანქციების გატარება საჭირო. ბავარიაში ჯარიმა 25.000 ევროა დაწესებული იმ რესტორნებისა თუ გასართობი ცენტრებისთვის, რომლებიც ქორწილს, დღეობებს ან წვეულებებს გადაიხდიან. მუშაობენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, პურის საცხობები, სააფთიაქო ქსელი, ბანკები, ფოსტა. მოედნებს წითელი ლენტები აქვს შემოვლებული, რომ არავინ შევიდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება...

- თქვენ როგორ გაგყავთ დრო იზოლაციაში?
- მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მედიას, მოწყენის საშუალებას არ მაძლევენ. ეს სასიამოვნოა. ერთმანეთისთვის აღარ გვეცალა, ადამიანებს ურთიერთობა გვქონდა გაწყვეტილი, ახლა ისეთებისგან ვიღებთ მოკითხვებს, ზარებს, რომ დედამიწა გათბა, გალღვა...
რეზო ჩხიკვიშვილი ოჯახთან ერთად

გერმანელებიც კი შეცვალა იზოლაციაში ცხოვრებამ. მეზობლები აივნიდან მკითხულობენ, რეზო, როგორ ხარო? ამას წინათ მე და ჩემი მეუღლე ველოსიპედით ვაპირებდით გასეირნებას. ავტოფარეხიდან გამოვიყვანე მამაკაცის ორი ველოსიპედი. ამ დროს მოვიდა მეზობელი ცოლ-ქმარი, რომლებიც 5-6 წელი არ მენახა, მომესალმნენ, მომიკითხეს... გვინდა მეუღლესთან ერთად ველოსიპედით გავისეირნოთ-მეთქი. მისი ველოსიპედი რომელია, ამით უნდა გაისეირნოსო, შეიცხადეს. ჰო, ცოტა შესაკეთებელია-მეთქი... გადახედეს ერთმანეთს, ფარეხიდან ახალი, ქალის ველოსიპედი გამოიტანეს, ეს ჩვენგან საჩუქრად შენს მეუღლეს, ტკბი­ლად და ჯანმრთელად იყავითო. ასეთი სითბო და ყურადღება გამოხატეს. მეც დავპირდი, მალე ქართულ ღვინოს შემოგაშველებთ-მეთქი. ასე გალღვა ურთიერთობები.

ახლა ხომ ვხვდებით, რომ ყველაზე მთავარი ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და თანადგომაა... ამიტომაც არის გამოცხადებული გლობალური სოლიდარობა. ჩვენ ერთი დიდი ჯაჭვი ვართ. მიხარია, ჩვენი პლანეტა ასე რომ გათბა. ახლა მახსენდება "დარაბებს მიღმა გაზაფ­ხულია", იქ ამბობს ჩემი გმირი: "ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში. სად მოვახერხეთ ამის ჩატკეპნა? რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ?!" ის ჩატკეპნილი ამოდის ახლა და მჯერა, მალე დადგება გაზაფხული ჩვენს დარაბებს მიღმა.

- დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ყურადღება საქართველოსკენაა მომართული...
- ბევრმა ქვეყანამ შეაქო საქართველო. ვამაყობ ლუგარის ლაბორატორიის შესაძლებლობებითა და მნიშვნელობით. ახლა პოზიციაც და ოპოზიციაც ერთი იდეითა და მიზნით ცხოვრობენ. მივესალმები ამას. ქედს ვიხრი სანიტრების, ექთნების, მედდებისა და ჩვენი გამორჩეული ექიმების წინაშე, ისინი ამ ბრძოლას წინ უძღვიან მთავრობასთან ერთად. ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით. გკოცნით, გეფერებით და მიყვარხართ ძალიან. სულ ვფიქრობდი, რაღაც ბიძგი გვინდა-მეთქი... საქართველო ერთადერთია და მართლაც იკაშკაშებს, რადგან გაჭირვების ჟამს ასეთი სიყვარული, ასეთი თანადგომა, არსად იციან. ჩვენ გავიმარჯვებთ­, ერთად ვიქნებით, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში, სიკეთით ვიცხოვრებთ და ჩვენს შვილებსაც კარგი მომავალი ექნებათ. მე ამის მჯერა და ეს მაცოცხლებს!


tata
13 აპრილი 2020 13:13
ჯანმრთელობას და წარმტებებს გისურვებთ.
ნატა
12 აპრილი 2020 17:40
ჯანმრთელობა და სახარული არ მოგაკლოთ უფალმა ლამაზო ოჯახო, ბატონო რეზო ჩვენი თაობის უსაყვარლესი მსახიობი ხართ,მრავალი ხალისიანი და მშვიდობიანი დღეები მოგმატოთ უფალმა,იხარეთ და გვემრავლოს თქვენისთანა პატრიოტი ქართველები .თქვენს სპექტაკლს, ,,დარაბებს მიღმა....ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით ვუყურებ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები