ნებაყოფლობითი იზოლაცია - ანუ როგორ შეხვდნენ საშიშ ვირუსს ცნობილი ადამიანები
ნებაყოფლობითი იზოლაცია - ანუ როგორ შეხვდნენ საშიშ ვირუსს ცნობილი ადამიანები
ვირუსმა, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა, მთლიანად შეცვალა ჩვენი სამყარო. თითქოს სულ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ - რეალობაში, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით. ალბათ, ჩვენს მკითხველს აინტერესებს­, როგორ აღიქვამენ ამ რეალობას ცნობილი ადამიანები და როგორ აფასებენ საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს:

"ამ დღეებმა ბევრი რამ გვასწავლა"


ეკა ნიჟარაძე, მსახიობი: - მეც სხვებივით ნებაყოფ­ლობით იზოლაციაში ვარ. მეგონა, სახლში გამოკეტვა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ეს არც ისე რთული ყოფილა. 3-4 დღეში ერთხელ მაღაზიაში გავდივარ პროდუქტის შესაძენად. კარგი ის
არის, რომ მთელმა ოჯახმა ერთად მოვიყარეთ თავი. ბავშვები თითქოს გრძნობენ, რომ ასეა საჭირო და ქუჩაში გასვლას არ ითხოვენ. გაგვიმართლა, აივანი გვაქვს და სათამაშოდ იქ გამყავს.

დღეს ბევრი აკრიტიკებს ჩვენს მთავრობას, ამბობენ, ავიარეისები თავიდანვე უნდა აეკრძალათო. ასე რომ მოქცეულიყვნენ, ბევრი ჩვენი მოქალაქე საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, მათ
შორის ჩემი შვილიც... სულ სხვა საქმეა, რას გააკეთებენ შემდგომში, როცა ამდენი ხალხი უმუშევარია, ლარის კურსი კი საგანგაშო ზღვარზეა. ამ დღეებმა ბევრი რამ გვასწავლა, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ის ხალხი, ვისაც სოფელში მიწა აქვს, წავიდეს და დაამუშაოს, რომ ყველამ თავისი სარჩო მოიპოვოს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩინელებზე, რომლებმაც ეს საშინელება 2 თვეში დაამარცხეს. საქმე ის არის, რომ ჩინელები კანონმორჩილი ხალხია, უთხრეს, სახლში უნდა დარჩეთო და დარჩნენ, ნიღაბი გაიკეთეთო და გაიკეთეს... გული მტკივა იმ უბედურების გამო, რაც იტალიაში ტრიალებს. იმედია, ეს ყველაფერი გადაივლის და ცოტა ხანში ცუდი სიზმარივით გაგვახსენდება.

"ცოტა საწყენია, რომ ჩემთვის ერთი ოთახი არც ერთ საკარანტინო სივრცეში არ მოიძებნა"


დათო ტურაშვილი, მწერალი:
- ორკვირიანი თვითიზოლაციის გადაწყვეტილება თავად მივიღე, რადგან ჰოლანდიაში ვიყავი. გამოფრენამდე ამსტერდამის აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა და დიდი ალბათობა იყო, რომ კორონავირუსი ვინმესგან გადმომდებოდა. ამიტომ ძალიან მინდოდა კარანტინში მოხვედრა, მაგრამ არც კარანტინში გადამიყვანეს და არც თვითიზოლაციაში, რადგან არც სიცხე მქონდა და არც სხვა სიმპტომები. მიუხედავად ამისა, გარეთ არ გავსულვარ და არც ვაპირებ. ძალიან მიკვირს, რომ გერმანიიდან ჩამოსულებს ეკუთვნით კარანტინი და ჰოლანდიიდან ჩამოსულებს კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში კორონავირუსით გარდაცვლილების რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება გერმანიაში ამავე ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვს. ცოტა საწყენია, რომ ჩემთვის ერთი ოთახი არც ერთ საკარანტინო სივრცეში არ მოიძებნა. ბევრი ამბობს, სახლში ჩაკეტვა რთულიაო, მაგრამ მწერლებისთვის მარტოობა ადვილია. ჩემს ოჯახზე რომ არ ვდარდობდე, მარტოობა სულაც არ მაწუხებს. ჩვენი ხალხიც უნდა შეეგუოს, რომ ყველანაირი შეკრებისგან მოგვიწევს დროებით თავის შეკავება, რადგან ეს აუცილებელი პირობაა ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში. ბოლოს კი მსურს მადლობა და პატივისცემა გამოვუცხადო ექიმებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც კორონა ვირუსის შესაჩერებლად თავდაუზოგავად იბრძვის.

"მთავრობა კი ცდილობს ამ უბედურებისგან ხალხის დაზღვევას, მაგრამ ცოტა უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა"


გია ბუღაძე, მხატვარი: - ამ დღეებში მეც სხვებივით ვცხოვრობ: ჩემს წიგნებსა და ნახატებთან ვარ, ამიტომ მარტოობა და სახლში ყოფნა არ მიჭირს. ლექციებსაც ონლაინრეჟიმში ვატარებ. მთავრობა კი ცდილობს ამ უბედურებისგან ხალხის დაზღვევას, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტა უფრო სწრაფად და ოპტიმალურად უნდა ემოქმედა. კორეული გამოცდილება უნდა გადმოგვეღო და ტესტირება დიდი ხნის წინ ჩატარებულიყო. მეც ვაღიარებ, რომ წინა ხელისუფლება რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც კი სწრაფად იღებდა. კარგი, ისინი არ ვარგოდნენ და წავიდნენ, მაგრამ ახლა რა ხდება? - კაცი, რომელიც ქვეყანას მართავს, შარშანდელი თოვლივით გაქრა. პარადოქსულ სიტუაციაში ვართ - ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი არსად ჩანს.

სააკაშვილს აკრიტიკებდნენ, გორში რუსების თვითმფრინავმა შეაშინაო, კარგი, ის მოვიშორეთ, მაგრამ ეს სად არის? მაინც მსურს ჩვენი საუბარი დადებითი ნოტით დავასრულო: როგორც ყველა, მეც აღტაცებული ვარ ჩვენი ექიმების საქმიანობით და რატომღაც მგონია, ამ ვირუსს მალე დავამარცხებთ. ალბათ, მერე უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ერთმანეთს და ჩვენს საყვარელ დედამიწას, რომელსაც აქამდე უდიერად ვექცეოდით და პასუხად იმანაც გვარიანად შეგვაჯანჯღარა. ეს დიდი განსაცდელია, რომ+ელიც ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ თავიც გადავირჩინოთ და სხვებიც გადავარჩინოთ.

"სხვისი გაკრიტიკება ძალიან ადვილია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა"


ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი: -
მეც ყველანაირად ვცდილობ თვითიზოლაციაში ვიყო. ქუჩაში მხოლოდ მაშინ გავდივარ, როცა პროდუქტი და მედიკამენტები უნდა შევიძინო, ან ჩემი ძაღლები გავასეირნო. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ტესტირება ყველამ რომ ჩაიტაროს, მაგრამ ამის ფუფუნება ყველა ქვეყანას არა აქვს, ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ქართული სახელმწიფო დაავადების პრევენციაზე მაქსიმალურად ზრუნავს და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სხვისი გაკრიტიკება ძალიან ადვილია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რაც კეთდება, ყველაფერი ზუსტად და სწორად კეთდება. ის მორწმუნეები კი, რომელთაც მტკიცე რწმენა არა აქვთ, ეკლესიაში მისვლას და ზიარებას თავს მოარიდებენ, მაგრამ ვისაც მართლა სწამს, რომ ზიარების დროს არ დაინფიცირდება, მას სახლში ვერ გააჩერებ. ამქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. მე ერთი რამ ვიცი: უნდა დავრჩეთ სახლში, რასაც ექიმები გვირჩევენ შევასრულოთ და უფლის წყალობის იმედად ვიყოთ. მანამდე, ალბათ, ეს ვირუსიც დამარცხდება და ყველაფერი კარგად იქნება.

"ვისაც სიცოცხლე არ უნდა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს - სხვებს რას ერჩის?!"


კოტე ყუბანეიშვილი, პოე­ტი: - აბა, რა გითხრათ? მთავრობა ცდილობს მაქსიმალური გააკეთოს, მაგრამ თუ თითოეული ჩვენგანი თვითიზოლაციის ზომებს არ დაიცავს, არაფერი გამოვა. ჩვენ, ხელოვანებმა, ხალხს საკუთარი მაგალითით უნდა ვაჩვენოთ, რომ ექიმების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ. ძალიან რთული სიტუაციაა, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მატულობს, ამიტომაც ვცდილობ თვითიზოლაციაში დავრჩე. ცხადია, ამას ყველა ვერ შეძლებს, რადგან ხალხი პურის ფულისთვის გადის ყოველდღე სახლიდან, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ.

ამ ვირუსმა მთელი მსოფლიო შეარყია, თითქოს ახალ ენერგეტიკულ ველში გადავედით და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. მე ის ხალხი მაკვირვებს, რომელიც კარანტინიდან გარბის - როგორც ჩანს, პანიკაში არიან და ვერ ხვდებიან, რომ გაქცევით ამ პრობლემას ვერ მოვერევით. უფრო მკაცრადაც ვიტყვი: სიბნელეა, როცა წითელი ზონიდან ჩამოდიხარ და ამას მალავ, როცა ირგვლივ მყოფებს არ უფრთხილდები. ალბათ, ჩვენც სამხრეთ კორეას უნდა მივბაძოთ, სადაც ყველას ტესტი ჩაუტარეს და ყველა რეკომენდაცია უმკაცრესად დაიცვეს. რაც შეეხება ტაძარში მისვლას და ზიარებას, ხომ შეიძლება მორწმუნეებმა ცოტა ხნით ამისგან თავი შეიკავონ? რა საჭიროა ახლა ტაძარში მისვლა, სადაც უამრავი ხალხი იკრიბება? ჩემი აზრით, ეს ახლა თვითმკვლელობას უდრის და ვისაც სიცოცხლე არ უნდა, წავიდეს და მტკვარში გადახტეს - სხვებს რას ერჩის?!

ხათუნა ჩიგოგიძე
პელტონ-ჯონი
13 აპრილი 2020 01:54
ნახეთ დათო ტურაშვილი,

გადაცემა „360 გრადუსში“ 27 მარტი 22.12 საათზე

და ნახავთ კაჭრეთის საუკეთესო სასტუმროში როგორ ნებივრობს და როგორ უხდის მადლობას ქებურიებს, და აქ კი წერს.

"ცოტა საწყენია, რომ ჩემთვის ერთი ოთახი არც ერთ საკარანტინო სივრცეში არ მოიძებნა".

მის სიმართლეძე და კაცობაზე თქვენ გააკეთეთ დასკვნები.

ალბათ შეეშინდა დაეწერა სიმართლე,
ვოოტ
12 აპრილი 2020 20:44
მაგ ლოგიკით - ვისაც სულის ცხონება არ გინდათ, წადით და ჯულიეტოვნას ეცით თაყვანი, ეკლესიას რას ერჩით?!...
ტურაშვილს!
12 აპრილი 2020 18:09
ჩვენ შეკრებაზე არ მივდივართ, ჩვენ ღმერთის სახლში მივდივართ. შეკრებებზე თქვენისთანები დადიან, ჰოლანდიელო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა