როგორ უცვლიდა ფრანგი ქალბატონი ქართველ ემიგრანტს ოქროს საყურეებს სპირტში - კვირის პალიტრა

როგორ უცვლიდა ფრანგი ქალბატონი ქართველ ემიგრანტს ოქროს საყურეებს სპირტში

"ასეთ აწყობილ ქვეყანაში კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ, როგორ იცვალა ღირებულებებმა ფასი" "უცნაური", ვფიქრობ, ყველაზე ბუნდოვანი სიტყვაა და მაშინ ვიშველიებთ, როცა ჩვენი წარმოდგენა ვერ ეწევა მოვლენას ან არსებას, რომელზეც ძალიან გვინდა რაღაც ვთქვათ", - გაბრიელ გარსია მარკესი

XXI საუკუნეში, ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ადამიანს თავი ყოვლისშემძლე ეგონა, მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის. სანამ მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნასა და ხალხის გადარჩენაზე ფიქრობენ, ადამიანები სოლიდარობის გამოხატვითა და ერთმანეთის გამხნევებით ცდილობენ ჟამიანობასთან გამკლავებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები კი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობენ. თანადგომისა და მხარდაჭერის უპრეცედენტო შემთხვევებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველები "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობენ.

თიკა კვაჭაძე პარიზის შუაგულში, მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე, ორსეის მუზეუმთან ცხოვრობს. ერთ დროს ტურისტებით სავსე ამ უბანში ახლა პატრული მორიგეობს. ქალაქში სამარისებური სიჩუმეა, პერიოდულად რუპორში გაისმის პოლიციის ხმა: "შედით სახლში!"

როგორია პარიზის მდიდრულ უბანში კარანტინში ცხოვრება და როგორ შეიცვალა ფრანგული ბურჟუაზია ერთ დღეში, თიკა პარიზიდან გვიამბობს:

- თბილისიდან პარიზში 6 მარტს ჩამოვედი, მაშინ აქ დაახლოებით ისეთი ვითარება იყო, როგორიც ახლა საქართველოშია - რამდენიმე ათეული კაცი დაინფიცირებული იყო. 4 დღეში განგაში ატყდა, იმდენად სწრაფად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომ ოჯახისთვის პროდუქტი რომ მომემარაგებინა, მაღაზიაში წასვლაც ვერ მოვასწარი. 24 საათში დაიხურა ყველა კაფე, რესტორანი, დიდი დაწესებულება, მერიაც კი. რესტორნებს მიუთითეს, ერთ ღამეში დაეცალათ ობიექტები და დაკეტილიყვნენ. მათ გამოჰქონდათ საკვები და ქუჩაში ხალხს ურიგებდნენ. ქალაქში გამოიყვანეს სამხედრო ნაწილები. ახლა მხოლოდ პროდუქტის საყიდლად თუ გახვალ, ისიც უახლოეს მარკეტში და თუკი ზედმეტი მანძილის გავლას დააპირებ, პოლიცია რუპორში გიყვირის, დაბრუნდი სახლშიო.

არავითარ დამაიმედებელ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ყველაზე ცუდი ის არის, მთავრობა გვეუბნება, ეს ჯერ დასაწყისიაო და წესებს უფრო ამკაცრებს. უსახლკაროები ქუჩაში რომ არ იყვნენ, სასახლე, სადაც კანის ფესტივალი იმართება, მათ თავშესაფრად გადაიქცა. საფრანგეთში 70 ლაბორატორია მუშაობს ანტივირუსულ წამალზე. დღეში 4000 ტესტი იხარჯება, ამოწმებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვთ. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ზედმეტი ნიღაბი აქვთ, მიაწოდონ ექიმებს, რადგან დეფიციტია. ვერსად ნახავთ ვერც სპირტს, რეზინის ხელთათმანსა და ანტისეპტიკურ ხსნარს.

ამ ვირუსმა ძალიან შეცვალა საფრანგეთის ბურჟუაზიული ფენა. მე ორსეის მუზეუმთან ახლოს ვცხოვრობ, რადგან ჩემი დედამთილი იქ მუშაობს... ამ უბანში., ძირითადად, მდიდარი და ამაყი პარიზელები სახლობენ. აქამდე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი მათთან ურთიერთობა, ამას წინათ კი ყველაზე მდიდარმა მეზობელმა ჩემს დედამთილს დაურეკა და თბილად მოიკითხა, როგორ არიან თქვენი შვილიშვილები, ყველა როგორ ეტევით პატარა ფართობში, ბავშვებს, ალბათ, ძალიან უნდათ ჰაერზე გასეირნებაო... ეს უზომოდ დიდ ყურადღებას ნიშნავს. ამ კორპუსში ცხოვრობს ერთი უმდიდრესი ქალიც. მისი მეუღლე პარიზში ცნობილი ხელოვნებათმცოდნეა, ქალი კი ჟურნალ "ფიგაროს" მთავარი რედაქტორი. ხშირად ბრენდულ ტანსაცმელს ჩუქნის ჩემს შვილებს და სულ ვფიქრობდი, როგორ გამომეხატა მადლიერება. რამდენიმე დღის წინ თბილისიდან ჩამოტანილი ანტისეპტიკური ხსნარი ჩავდე ლიფტში და ავუგზავნე. გახარებულმა დაგვირეკა, რამდენი ევრო გამოვგზავნოო. გაჩუქეთ-მეთქი, რომ ვუთხარი, გადაირია, ახლა რომ კორონასი არ მეშინოდეს, ჩამოვიდოდი და ფეხებს დაგბანდიო. კინაღამ შოკში ჩავვარდი... რამდენიმე კვირის წინ, სანამ ჯერ კიდევ ერთი საათით გასვლა ნებადართული იყო, ჩემს სამ შვილს ვასეირნებდი. უმცროსი წაიქცა, თბილისიდან წამოღებული სპირტი ამოვიღე და ფეხი მოვბანე. უცებ ვხედავ, კარგად ჩაცმული პარიზელი ქალი მიახლოვდება, იხსნის საყურეებს და მეუბნება, ამ სპირტს საყურეში გაგიცვლით, ოქროაო. გავოცდი. გამოგიტყდებით და, თვალი გამექცა საყურისკენ, მაგრამ მივხვდი, რომ სპირტს ახლა მეტი ფასი აქვს, ვიდრე ოქროს საყურეს. მაპატიეთ, მაგრამ სამი შვილი მყავს და ვერ გაგიცვლით-მეთქი. რა ეროვნების ხარო, მკითხა. ქართველი-მეთქი. თქვენ ძალიან კარგი დედები ყოფილხართო, გამიღიმა და წავიდა. ასეთ აწყობილ ქვეყანაში კიდევ უფრო მძაფრად გრძნობ, როგორ იცვალა ღირებულებებმა ფასი.

"ბერგამოს სასაფლაო ისე გადაივსო, ადგილები აღარ დარჩა მიცვალებულთა დასაკრძალავად"

ანა ც. ვერონის ახლოს, ქალაქ მანტოვაში ცხოვრობს. იქ კორონავირუსი 3 კვირის წინ დაფიქსირდა, ქალაქი კი სრულ იზოლაციაში მას შემდეგ მოექცა, რაც მთელი იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. სწორედ ამ ფაქტმა აიძულა იტალიელები სახლში გამოკეტილიყვნენ. ანა უკვე მესამე კვირაა კარანტინშია და მიუხედავად მძიმე ვითარებისა, იტალიელთა მებრძოლ სულსა და შემართებაზე საუბრობს:

- დაკეტილია ყველაფერი, მხოლოდ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების ქსელი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. ქალაქი ცარიელი და იზოლირებულია. შვილები მშობლებთან მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ პროდუქტით მოამარაგონ და კართან უტოვებენ ჩანთებს. ლომბარდიის სამედიცინო დაწესებულებები გადავსებულია პაციენტებით და ექიმები ყველას შესაბამის მომსახურებას ვერ უწევენ. მათთან ტელეფონით დაკავშირებაც შეუძლებელი გახდა, თვითნებურად საავადმყოფოში მისვლა კი აკრძალულია. დაინფიცირებულების უმრავლესობა ასაკოვანია. ბერგამოს სასაფლაო ისე გადაივსო, ადგილები აღარ დარჩა მიცვალებულთა დასაკრძალავად, ამიტომ რამდენიმე დღის წინ ცხედრები სამხედრო მანქანებით გადაასვენეს კრემატორიუმში. ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ ძვირფას ადამიანებთან გამოთხოვებას. მომავალში ახლობლებს მათ ფერფლს გადასცემენ...

პაციენტს დისტანციურად ემსახურება ოჯახის ექიმი, ტელეფონით აძლევს მითითებებს და უნიშნავს მკურნალობას. თუ პაციენტი ძალიან მძიმეა, კლინიკაში გადასაყვანად უნდა ჩადგეს რიგში, სანამ ადგილი არ გათავისუფლდება. ექიმებს უკვე პირბადეებიც აღარ აქვთ, არ ჰყოფნით სასუნთქი აპარატები და აღარც საწოლებია პაციენტებისთვის. ოჯახის წევრებს ხშირად არა აქვთ ინფორმაცია კლინიკაში მოთავსებული ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უნდა ელოდო და სასწაულის გჯეროდეს...

სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი დაინფიცირდა და რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. სასწრაფო მანქანის მძღოლი, რომელმაც უამრავი დაავადებული გადაიყვანა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, იტალიელები საოცრად ოპტიმისტები არიან, ასეთ დროსაც კი ინარჩუნებენ სიხალისესა და იუმორის გრძნობას. ცნობილი ადამიანები - ხელოვანები, სპორტსმენები ფინანსურად და მორალურად გვერდით უდგანან ქვეყანას. "სიკეთე და სიყვარული გადამდებია", - ამ პრინციპით ამხნევებენ იტალიელები ერთმანეთს. ყოველ საღამოს, 18.00 საათზე, ყველა თავის აივანზე მღერის.

უმრავლესობამ, მათ შორის მთავრობამაც, არსებული ვითარება სერიოზულად ვერ აღიქვა, შესაბამისად, დროულად არ მიიღეს ზომები. ამასთან, ქვეყანა ეკონომიკურად ნადგურდება და გასაგებია, რომ ეს აშინებდათ, მაგრამ ფაქტია, ძალიან დაიგვიანეს... უდარდელი იტალიელებიც არასათანადოდ აღიქვამდნენ ამ საფრთხეს. საოცარია, მაგრამ ახლაც არიან არაადეკვატური, შეუგნებელი ადამიანები - ჰგონიათ, პარკში სირბილი ან ქუჩაში უმიზეზოდ ბოდიალი სულაც არ არის პრობლემა. არადა, ტელევიზიით განუწყვეტლივ გადის ვიდეორგოლები, რომ გავფრთხილდეთ და შინ დავრჩეთ.