"წამოდით, მიატოვეთ ყველაფერი-მეთქი, მაგრამ... საფლავებს უპატრონოდ როგორ დავტოვებთ, აქაურობა ტყედ იქცევაო" - რა ხდება კოდორის ხეობაში?
"წამოდით, მიატოვეთ ყველაფერი-მეთქი, მაგრამ... საფლავებს უპატრონოდ როგორ დავტოვებთ, აქაურობა ტყედ იქცევაო" - რა ხდება კოდორის ხეობაში?
ამ ცოტა ხნის წინ კოდორის ხეობაში ჩამოინგრა ისედაც დაზიანებული გვირაბი, რომელიც ხეობას დანარჩენ აფხაზეთთან აკავშირებდა და 100-ზე მეტი იქაური, ფაქტობრივად, გარემოს მოწყვეტილი აღმოჩნდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სახლ-კარი არ მიატოვეს და პირველადი მოხმარების საგნებისთვის ხან სოხუმის, ხან გალის, ხანაც ზუგდიდის ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში მიდიოდნენ, ახლა კი რისკის ფასად უწევთ ჩამონგრეული გვირაბის გავლა და უკან დაბრუნება.
ეს გვირაბი ხეობაში 1964 წელს აშენდა. 2008 წელს, მას შემდეგ,
რაც საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობის კონტროლი დაკარგა, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ის "ადმინისტრაციულად" გულრიფშის რაიონს მიუერთა
.

სოფელ აჟარის ე.წ. გამგებლის, სერგეი ჯოპუას თქმით, გვირაბი­ ნახევრად დანგრეულია და მისი აღდგენა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ უახლოეს პერიოდში არაფერი შეიცვლება.

"კვირის პალიტრა" ანა ქოჩქიანს დაუკავშირდა. მან ხეობა 2008 წელს
დატოვა, თუმცა მისი ოჯახი და ნათესავები დღემდე კოდორში ცხოვრობენ.

- ჩემი ბებია-ბაბუა და რამდენიმე ნათესავი ხეობაში დარჩნენ... მათ დღემდე საბჭოთა პასპორტები აქვთ და მიმოსვლა უწევთ ე.წ. საშვებით, რომლებსაც აჟარის ადმინისტრაციის დამოწმების შემდეგ ადგილობრივი უშიშროების სამსახური გასცემს...

გვირაბის დაზიანებამდე რამდენიმე ოჯახი აგროვებდა საწვავის ფულს, მძღოლს მგზავრობის ფულსაც უხდიდნენ და მას გულრიფშამდე ან ენგურის ხიდამდე მოჰყავდა კოდორელები, იქიდან ზუგდიდში მოდიოდნენ და აქ ჩვენც ვახვედრებდით მედიკამენტებს - ტკივილგამაყუჩებლებს, სიცხის დამწევ საშუალებებს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, პირველადი მოხმარების პროდუქციას...
მოსახლეობა მიწას ამუშავებს, მარცვლეული მოჰყავს, მესაქონლეობას მისდევს. რძის ნაწარმს აბარებენ, მაგრამ კბილი რომ ასტკივდეთ, სოხუმში ან გალში თუ ჩავლენ, თორემ არსად არაფერი იშოვება, სოხუმამდე ჩასვლას კი ხუთი საათი უნდა, გალამდე - უფრო მეტი.



- როგორ უკავშირდებით მათ?
- ნაწილი რუსული კომპანიის ქსელით სარგებლობს, თუმცა რუსული მობილური კავშირი ძვირია, ამიტომ იქაურებმა იციან ადგილები, სადაც ჩვენი ქსელები იჭერს და იქიდან გვიკავშირდებიან. ხეობაში 5 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 100 თუ იქნება. მათ შორის რამდენიმე აფხაზური ოჯახია, თუმცა მშვიდობიანად ცხოვრობენ, მეტიც - ერთმანეთს ხელს უმართავენ.

ახლა, გვირაბის ჩამონგრევის შემდეგ, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოექცნენ. აფხაზები ამბობენ, ამ გვირაბის შეკეთება ჩვენზე მეტად რუსებს სჭირდებათ, რადგან იქვე მათი სამხედრო ბაზაა, ამიტომ მათ აღადგინონო... რამდენიმე წლის წინ მართლაც ჩამოუყვანიათ რუსებს ურალელი სპეციალისტები გვირაბის კაპიტალურად შესაკეთებლად, თუმცა მის აღდგენას 240 მილიონი რუბლი სჭირდებოდა, ამიტომ სამუშაოები გადაიდო...

- ვიცი, რომ მათთვის ვერტმფრენის შეძენაზეც ლაპარაკობდნენ.
- დიახ, გვირაბის აღდგენის პარალელურად, იქაურებისთვის ვერტმფრენების შეძენასაც გეგმავდნენ, რითაც ისინი კვირაში ერთხელ სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში ჩაფრინდებოდნენ, იქიდან კი მთელ აფხაზეთში, ყველგან შეძლებდნენ ჩასვლას. მოსახლეობას ყველის, ხორცის, თაფლისა და სხვა პროდუქტის სოხუმის ბაზარში ჩატანის შესაძლებლობა ექნებოდა... ეს პროექ­ტი შესთავაზეს კიდეც რუსებს, მაგრამ მათ მხოლოდ ზოგადი პასუხი დაუბრუნეს - განვიხილავთო. იქაურები ამბობენ, რომ გვირაბის ასეთი დაზიანება სწორედ რუსების ბრალია, რადგან სოხუმი-ქოფჩარის გზაზე მუდმივად დადიან მძიმე ტექნიკით... ამას აფხაზებიც ამბობენ, თუმცა მხოლოდ კულუარებში, ისევე, როგორც იმას, რომ სამშენებლო მასალის მოსაპოვებლად რუსები კოდორის ხეობაში ხეებს უმოწყალოდ ჩეხავენ და ბრაკონიერობენ კიდეც. იქაურები ამბობენ, რომ უკონტროლო ნადირობით რუსებს არც აფხაზი "მაღალჩინოსნები" ჩამოუვარდებიან.

- რა პირობებში არიან ხეობაში დარჩენილი ქართველები?
- პირობები მძიმეა ცივილიზაციას მოწყვეტილი არიან, მოსახლეობის უმეტესობა მოხუცია... განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, როცა გზა და წყლები იყინება. უხვი თოვლის გამო მიმოსვლა უფრო რთულდება... ასეთ დროს, ღმერთმა დაიფაროს, ვინმე ავად გახდეს. როგორც წინა საუკუნეებში, ცხენით უწევთ ექიმის ხეობაში აყვანა.

ამას ემატება სტრესული გარემო, მიტოვებული სახლები. ბაბუა ამბობს, ზამთარში დათვები ეზოებში შემოდიანო...
ქუჩებში დღემდე ყრია ქართველების მიტოვებული, გაძარცვული მანქანები, დანგრეულია ომამდელი ადმინისტრაციული შენობები, მათ შორის - ბანკის ფილიალები, ავტოგასამართი სადგურები. სოფლების შესასვლელებში დღემდე დგას ბანერები ქართული წარწერებით, მაგრამ ჟანგი აქვს მოდებული...
ჩემებს ვეხვეწები, წამოდით, მიატოვეთ ყველაფერი-მეთქი, მა­გრამ ვინ გისმენს? საფლავებს უპატრონოდ როგორ დავტოვებთ, აქაურობა ტყედ იქცევაო. სხვის მიცვალებულებსაც უვლიან - ახლა ყველა ჩვენიაო.

- მათთან ახლოს არის რუსების სამხედრო ბაზა. იქაურ სვანებთან აქვთ მათ ურთიერთობა?
- როგორც ვიცი, რუსი ჯარისკაცები ამოდიან საჭმლისა და ჭაჭისთვის. ერთგვარი ბარტერი აქვთ - ზეთში, მაკარონში, კონსერვებსა და სხვა პროდუქტებში ცვლიან. როგორც ბაბუა ამბობს, მშიერ, ნაცემ და გამხდარ ჯარისკაცებს თვითონაც აჭმევენ - მაგათ საცოდაობას ვერ ვუძლებ, პატარა ბიჭებს მონებივით ექცევიან, არყისა და სიგარეტისთვის ამათხოვრებენო.
არც ნაცი, არც ქოცი
10 აპრილი 2020 13:55
მიშა, მიშა, ამდენ ცოდვას როგორ ზიდავ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები