გუგა ქაშიბაძე: "გადავწყვიტე, ამ საკითხს იუმორისტულად მივდგომოდი" - კვირის პალიტრა

გუგა ქაშიბაძე: "გადავწყვიტე, ამ საკითხს იუმორისტულად მივდგომოდი"

ექიმ გუგა ქაშიბაძის შესახებ ბევრი გვსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას შთამბეჭდავი კარიკატურების შექმნაც შეუძლია. "ამჯერად ჩემი ნახატები არის პირბადეებზე, უსაფრთხოებაზე, ვირუსებზე" - ამბობს ექიმი.

- მეც სამსახურში ვარ და ჩემი მეუღლეც, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ დისტანციურად, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა შინ დარჩენა ბევრმა ისე გაიგო, რომ მხოლოდ სამსახურში აღარ მივლენ, სამაგიეროდ, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ჩამოუვლიან... მერწმუნეთ, ომში ვართ ჩაბმული, ვებრძვით უხილავ ძალას, რომელსაც არ ვიცნობთ, არ ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თვითონ კი კარგად შეგვისწავლა და ეს მისი უპირატესობაა. ყოველდღე 3 ოპერაცია მაინც მაქვს. მინდა ყველამ გაითავისოს, თუ აუცილებელი არ არის, ქუჩაში არ გავიდეს! ყოველი გასვლა და კონტაქტი საფრთხის შემცველია! რამდენიმე დღის წინ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე: 08.10 საათზე გავედი სახლიდან და ჩემთვის ვითვლიდი კონტაქტების რაოდენობას, 10.30 საათზე უკვე 80 ადამიანთან მქონდა კონტაქტი, მერე სათვალავი ამერია. გაფრთხილდით! თითოეულ გაფრთხილებას, რომელსაც სახელმწიფო გაძლევთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არავინ თქვას, რომ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. კორონა ვირუსმა ყველა სახელმწიფო, ყველა მოქალაქე, მთლიანად მსოფლიო შეცვალა. თითქოს დრო გაიყო კორონამდე და კორონას შემდეგ... ადამიანმა ბევრი რამ გადააფასა, რაღაც საერთოდ ამოაგდო, რაღაც თავიდან გააჩინა. თითქოს ყველანი სადღაც გავრბოდით და უცებ მივხვდით, რომ არ ყოფილა საჭირო დოღის ცხენებივით წრეზე სირბილი...

- თქვენი ჰობის წყალობით პრევენციული მოწოდებები ყურადღებამისაქცევი გახადეთ... - ბევრ მოქალაქეზე პირდაპირი გაფრთხილება ნაკლებად მოქმედებს, ამიტომ გადავწყვიტე, ამ საკითხს იუმორისტულად მივდგომოდი. ყველაზე ძალიან მომწონს ქალბატონი, რომელიც პირბადეზე ზემოდან პომადას ისვამს. ეს კარიკატურა ქალის ბუნებას კარგად ასახავს.