"მე ვირუსის არ მეშინია, მე მეშინია იმის, რას იტყვიან შემდეგ ჩემზე, ჩემს ოჯახზე" - კვირის პალიტრა

"მე ვირუსის არ მეშინია, მე მეშინია იმის, რას იტყვიან შემდეგ ჩემზე, ჩემს ოჯახზე"

მას შემდეგ, რაც ქვემო ქართლის ორი რაიონი საკარანტინო ზონად გამოცხადდა, მედიისა და საზოგადოების ყურადღება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილი მდგომარეობისკენ არის მიპყრობილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა საკარანტინო ზონის მიღმა სოფლებში, რომლებიც ე.წ. წითელი ზონის გამო გარემოს მოწყვეტილი აღმოჩდნენ - ვგულისხმობ დმანისის მუნიციპალიტეტს, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

ამიტომ გადავწყვიტე, 26 მარტს შემოვლითი გზით - თეთრიწყარო-ბედიანი-გომარეთი - დმანისის მუნიციპალიტეტში ჩავსულიყავი და იქ შექმნილ სიტუაციას გავცნობოდი. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს გზა, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომლითაც იქაურებს დედაქალაქში ჩასვლა შეუძლიათ. გზის ნაწილი ისეთია, მხოლოდ მაღალი განმავლობის მანქანით თუ გაივლი. წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ვიყავი შესაბამისად აღჭურვილი და ზედმიწევნით ვიცავდი ყველა რეკომენდაციას.

თავდაპირველად თვალში დაცარიელებული სოფლები მოგხვდებათ - რამდენიმე სოფელი ისე გავიარე, არავინ შემხვედრია, თუმცა საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია და მიწის დიდი ნაწილიც - დამუშავებული. მოსახლეობა სხვადახვა პრობლემაზე წუხს, თუმცა ერთი, რაც აერთიანებთ, არის შიში, ეყოფათ თუ არა მომარაგებული პროდუქტი, ხომ არ დაგვიანდება ფქვილის შემოტანა და ა.შ.

როგორც სოფელ გომარეთში მითხრეს, იმის გამო, რომ ახლა სოფელზე დედაქალაქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა გადის, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით სოფელში შემსვლელ-გამომსვლელებს აკონტროლებენ, ყველას აფრთხილებენ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო ზონაში შესვლა აკრძალულია და მგზავრებს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საზღვრებში შეუძლიათ მიმოსვლა. როგორც გომარეთის, ისე სხვა ქართული სოფლების (სარკინეთი, განახლება, ველისპირი) მოსახლეობა პროდუქტის გაძვირებაზე წუხს, მაგალითად, შაქარი ზოგან უკვე სამი ლარი ღირს, ტომარა ფქვილი - 70 ლარი, რაც ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

რა თქმა უნდა, ყველა კარგად აცნობიერებს კორონავირუსის საფრთხეს, მაგრამ ზოგიერთ საკითხთან, მაგალითად, მიცვალებულის დაკრძალვის შეცვლილ წესთან შეგუება მაინც ძალიან უჭირთ. ერთ-ერთ სოფელში მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ იქაური გარდაიცვალა და კორონავირუსის გამო ოჯახი იძულებული იყო, მიცვალებული მეორე დღესვე პოლიციის თანხლებით დაეკრძალა, ქელეხის გარეშე.

ყარაბულახსა და კამარლოში (აზერბაიჯანული სოფლებია) "ბირჟა" დღემდე აქტიურია, თუმცა ახლა სოფელში თავმოყრილ ადამიანებს რამდენიმე ადგილას წააწყდებით. ამბობენ, რომ დისტანციას იცავენ. მე მათ სწორედ ერთ-ერთ ასეთ "ბირჟაზე" გამოველაპარაკე.

გავრცელებული აზრი, თითქოს აზერბაიჯანულ სოფლებში ზოგს ტელევიზორიც არ აქვს და ინფორმაციას ვერ იღებენ, მითია, რადგან დმანისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული სოფლები როგორც დოვლათის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით, უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მათი მეზობელი ქართული სოფლები. უკან დარჩა დრო, როცა მათი სალოცავები ალიზით იყო შელესილი. ვითარება რადიკალურად შეცვლილია - ყველა სახლის სახურავზე ე.წ. თეფშია წამოჭიმული.

ყარაბულახელები სურსათის სიმცირეს არ უჩივიან. ჩემს კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სოფლებში საინფორმაციო კამპანია, მიპასუხეს, რომ მათ ახალი ამბები მშობლიურ ენაზე მიეწოდებათ... მოკლედ, ამ სოფლებში მოსახლეობა აქამდე ყველაფრით კმაყოფილი იყო. ახლა ვირუსის ეშინიათ და თან ბრაზობენ, რომ სოცქსელებში მათ მიმართ აუარებელი შეურაცხმყოფელი პოსტი ქვეყნდება.

ქალაქ დმანისის ქუჩებში ხალხმრავლობა მხოლოდ ბანკთან და აფთიაქებთან შეიმჩნევა. სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს და მოსახლეობაც ცდილობს, რიგში დგომისას დისტანცია დაიცვას. სასურსათო მაღაზიები პროდუქციის სიმრავლით არ გამოირჩევა. მართალია, მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზოლში არ არის და ხელისუფლებაც ცდილობს, სურსათის პრობლემა არ შეიქმნას, მაგრამ კარანტინი ადგილობრივ ეკონომიკას თავის კვალს მაინც ატყობს. პირბადეებით, ძირითადად, საჯარო მოხელეები დადიან - როგორც ყველგან, აქაც პირბადის, ხელთათმნისა და სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტია.

იქაური ექიმები ამბობენ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ჯერ კორონავირუსის შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა ყველა სამედიცინო რგოლი მაინც მობილიზებულია; მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებსაც. ერთ-ერთი ქალბატონი საეჭვო სიმპტომებით მარნეულში ჩაიყვანეს, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფელში ოჯახის ექიმის კაბინეტი მუდმივად ღიაა, მათ ძალიან ცოტა აკითხავს. პირად საუბარში იქაურები ამბობენ, რომ ხალხს ექიმთან მისვლის ეშინია.

- მე ვირუსის არ მეშინია, მე მეშინია იმის, რას იტყვიან შემდეგ ჩემზე, ჩემს ოჯახზე, - მითხრა სოფელ განთიადის მცხოვრებმა და ვფიქრობ, ბევრის სათქმელი თქვა... პოლიციისა და სამხედროების საგუშაგო

სოფელ დიდი დმანისის ქვემოთ პოლიციისა და სამხედროების გაძლიერებული საგუშაგოა. საკარანტინო ზოლი სწორედ აქედან იწყება. რა თქმა უნდა, საგუშაგოზე მყოფებთან გასაუბრება ვცადე. ცოტა არ იყოს, დაიბნენ, როცა ვუთხარი, რომ იქ თბილისიდან ჩავედი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ მედია მხოლოდ მარნეულის საზღვართან ეგულებათ. პოლიციის თანამშრომელმა ორიოდე სიტყვით ამიხსნა, რომ იქიდან იწყება საკარანტინო ზონა და ნებისმიერი მიმართულებით წასვლა აკრძალულია, თან დამამშვიდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრები ვირუსისგან საიმედოდ არის დაცული.