წითელი ზონა - კვირის პალიტრა

წითელი ზონა

"ჩემი აზრით, აქ ეს ვირუსი იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენი ხალხი ხშირად დადიოდა თურქეთსა და აზერბაიჯანში"

კვირაზე მეტია, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის რეჟიმით ცხოვრობენ. 160 000 ადამიანს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმოსვლის უფლება შეეზღუდა. წითელ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე მუდმივად პატრულირებენ სამართალდამცველები. მოწმდება ყველა მოქალაქე და ავტომობილი. მარნეულის შესასვლელში მოეწყო საველე ჰოსპიტალი. ექიმები მუდმივად აკონტროლებენ მოსახლეობის ჯანმრთელობას.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებაზე მარნეულის მკვიდრი აზიზ ბაირამოვი და ბოლნისის მერიის თანამშრომელი ჩინარა ნაბიევა გვესაუბრებიან.

"ჩემი თვალით ვხედავ, როგორ თავგამოდებით იბრძვის ყველა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს და მთელ რაიონს არ მოედოს"

აზიზ ბაირამოვი: - საკარანტინო რეჟიმმა ჩვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძნელია სახლში ჯდომა, როცა იცი, რომ გარეთ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი. დღეს თუ არ იმუშავებ, ხვალ ფული არ გექნება. მაგრამ რა ვქნათ, კანონს უნდა დავემორჩილოთ. ცოტა ადრე უფრო მეტი ყურადღება, პასუხისმგებლობა რომ გამოგვეჩინა და ხელისუფლების მითითებები შეგვესრულებინა, ახლა ალბათ, ამ დღეში არ ვიქნებოდით.

- მოსახლეობა რამდენად იყო ინფორმირებული კორონავირუსის შესახებ? - ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ვირუსის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ არხებზეც ვრცელდებოდა. ჩვენ საშუალება გვაქვს, აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნილი ქართული გადაცემებიც მოვისმინოთ, ვუყუროთ. ინტერნეტიც ხომ გვაქვს? მე და ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა ყველაფერი ვიცოდით. უბრალოდ, ცოტა დაუდევრები ვართ. ზოგს არ სჯეროდა, რომ კორონავირუსი მართლაც სახიფათო იყო. ამბობდნენ, ეგეც ჩვეულებრივი გრიპია და აზვიადებენო.

- ახლა თუ იცავენ კარანტინის წესებს?

- პირველი ორი დღე უფრო იცავდნენ. ახლა ქუჩებში დროდადრო მაინც გამოდიან. კიდევ კარგი, მერიამ ჩაიხანები დახურა, თორემ იქ ისევ ხალხმრავლობა იქნებოდა. ალბათ, ჩვენი ხასიათის ბრალია ეს დაუდევრობა.

- კარანტინის დაწესებამდე რიტუალური ღონისძიებები ხშირად ტარდებოდა?

- კი, საკმაოდ ხშირად. მე მაშინაც ვეუბნებოდი ჩემს ნათესავებს, ასე ნუ მოიქცევით, საშიშია-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდნენ. ამბობდნენ, ჩვენთან კორონას რა უნდაო. ჩემი აზრით, აქ ეს ვირუსი იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენი ხალხი ხშირად დადიოდა თურქეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ გვეგონა, რომ იქ ვირუსი არ იყო გავრცელებული და მშვიდად დავდიოდით. ხშირმა მოგზაურობამ და დაუდევრობამ დაგვაყენა პრობლემის წინაშე.

- თქვენს ნაცნობებს შორის ვინმე თუ დაინფიცირდა? - ჩემი რამდენიმე მეგობარი კარანტინში და თვითიზოლაციაში იყვნენ, მაგრამ მათთან ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- მოსახლეობას სამედიცინო შემოწმება თუ ჩაგიტარდათ?

- კი, ექიმები მოვიდნენ, რამდენიმე კითხვა დამისვეს, სიცხე გამიზომეს და მითხრეს, ჯანმრთელი ხარო. ჩემი მშობლებიც გასინჯეს. ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. გვიხარია, რომ ქუჩაში დეზინფექცია ჩატარდა, ახლა ქალაქის სისუფთავეს მეტი ყურადღება ექცევა. მთავარია, ხალხმა პირადი ჰიგიენა დაიცვას და ყველა მითითება შეასრულოს.

- ჰიგიენური საშუალებების ან პროდუქტის დეფიციტი თუ არის ქალაქში?

- პირბადეები და ხელთათმანები არ იშოვება. საპონი და სადეზინფექციო საშუალებები ყველგან არის. პროდუქტიც გვაქვს, უბრალოდ ზოგიერთი რამ, მაგალითად, შაქარი და ფქვილი ცოტა გაძვირდა. თუ ერთი ტომარა ფქვილი ადრე 60 ლარი ღირდა, ახლა 70 ღირს. ხელისუფლება, ჯანდაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობა კრიზისს თავს კარგად ართმევენ.

ჩემი თვალით ვხედავ, როგორ თავგამოდებით იბრძვის ყველა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს და მთელ რაიონს არ მოედოს. ახლა მთავარია, როგორმე სამსახურებში დაბრუნების საშუალება მოგვცენ, თორემ ხვალ ჭამა ხომ გვინდა? სოციალურად გაჭირვებულებს დახმარება დაურიგეს. ჩვენ ჯერ დახმარება არ გვჭირდება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება დაგვჭირდეს..."

"სოფლის გამგებელმა კარდაკარ ჩამოიარა და კორონავირუსის შესახებ ყველა გააფრთხილა"

ჩინარა ნაბიევა, ბოლნისის მერიის თანამშრომელი: - ჩვენს სოფელში, ნახიდურში, ყველაფერი კარგად არის. ექიმებმა შეგვამოწმეს. გაირკვა, რომ ინფიცირებული არავინ გვყავს, არც იმ ოჯახიდან, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალბატონი სტუმრობდა, თუმცა ოჯახი დღემდე მაინც კარანტინშია - მათ პოლიცია დარაჯობს.

- კორონავირუსის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო?

- ჩვენს სოფელში ყველა ახალგაზრდამ იცის ქართული. ასაკოვანმა ხალხმა, რომლებმაც ქართული არ იციან, ინფორმაცია აზერბაიჯანული ტელეარხებით მიიღეს, მაგრამ ამის მიუხედავად, სოფლის გამგებელმა კარდაკარ ჩამოიარა და ყველა გააფრთხილა.

- სოფელში არც ხალხმრავალი ღონისძიებები გამართულა? - არა. მხოლოდ ერთხელ, კარანტინის შემოღებამდე იყო გასვენება, ხალხი ჩვეულებრივად შეიკრიბა, მაგრამ სოფლის გამგებელი ტალეხ ბაირამოვი მოვიდა და დაშალა. სოფელში ახლა ყველაფერი დაკეტილია. კარანტინის რეჟიმს ყველა იცავს.

ხათუნა ბახტურიძე