"ვერ ვხედავ პრობლემას, თუ წმინდა სინოდი ზიარების ფორმას დროებით შეცვლის, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ..." - კვირის პალიტრა

"ვერ ვხედავ პრობლემას, თუ წმინდა სინოდი ზიარების ფორმას დროებით შეცვლის, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ..."

"ჩვენი ეპარქიის დეკანოზი და ქართველი ემიგრანტები ებრძვიან ამ ვირუსს..."

ახალი კორონავირუსის გამო მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წინამძღვარი თანახმაა, თუნდაც დროებით სასულიერო ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალოს. მაგალითად, მორწმუნეთა უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან დისტანცია, უნდა ჩატარდეს ონლაინწირვები და სხვ.

"კვირის პალიტრა" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე საბას (ინწკირველი) ესაუბრა. მან მრევლს მოუწოდა: "დარჩით შინ და საკუთარი სახლები აქციეთ ეკლესიად". მეუფე საბას გადაწყვეტილებით, ეპარქიას დაქვემდებარებულ ყველა ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან, აუცილებლობისას კი ისინი მზად არიან, სხვადასხვა საეკლესიო წესის შესასრულებლად მორწმუნეებს შინ ეწვიონ.

- ამ საშიშმა ვირუსმა დაგვანახვა, რომ კაცობრიობამ დედამიწა დაღალა და ახლა ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტა. საინტერესოა, რას გვეუბნება თუ გვანიშნებს სამყარო?! როგორც სასულიერო პირსა და მოკვდავ ადამიანს, მიფიქრია ამაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვხედავ, რა ხდება ამერიკის ერთ-ერთ უძლიერეს მეგაპოლისში, ნიუ-იორკში, ჩემ გარშემო... სამყაროში ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და ყველაფერს ბუნების კანონზომიერებასთან მივყავართ. რასაკვირველია, ტრაგედიაა, კორონავირუსმა ამდენი ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, მაგრამ მეორე მხრივ, დაგვანახვა, სად არის ადამიანი, სამყარო და რა არის ამ ყველაფრის საწყისი... ამ დიდმარხვის პერიოდში განსაკუთრებით ქრისტიანებს გვეკისრება პასუხისმგებლობა. მარხვა ის კი არ არის, რა ვჭამოთ და რა - არა, არამედ ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვაა... ყოველდღე უნდა ვფიქრობდეთ, რა გვაჩვენა ამ ვირუსმა, რომელმაც სიკვდილი დაგვიმეზობლა, გაგვიშინაურა, მაგრამ იმავდროულად, მოგვამზადა ჭეშმარიტი, გულწრფელი სიყვარულისთვის. ნებისმიერ ადამიანში უნდა დავინახოთ ღვთის ხატება, რადგან უფალი ამბობს, ამქვეყნად ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატადო. ადამიანის გაფრთხილება ნიშნავს, რომ ჩვენი და უფლის ურთიერთობას, მის სიყვარულს ვუფრთხილდებით... თავად უფალი იესო ქრისტე გაეკრა ჯვარზე ადამიანისთვის, ჩვენ კი ისე გავაუფასურეთ ეს უზენაესი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც, რომ ვიდრე ასეთი უბედურება არ დაგვატყდა თავს, ვერ გავიაზრეთ, სად ვართ, რისთვის მოვედით და ყველაზე მთავარი - რომ ბოლოს მაინც მამაღმერთან უნდა დავბრუნდეთ. ეს არის ყველა ჩვენგანის რწმენისა და სიყვარულის გამოცდა, ოღონდ რწმენა შეჯიბრებით კი არა, უფლისმიერი სიყვარულით უნდა გამოვხატოთ.

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი კოვზით ზიარება, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების მიზეზი გახდეს, სხვების თქმით კი არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი... რას ურჩევთ მრევლს ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ევქარისტია ანუ ზიარების საიდუმლო არის ქრისტეს სისხლისა და ხორცის ერთობა. პირადად ჩემთვის ეს სიცოცხლის წყაროა, ამიტომ იმის თქმა, რომ ევქარისტიით, ქრისტესთან მიახლებით, შეიძლება რამე გადმომედოს და უფალი გახდეს დაავადების წყარო, ყოვლად დაუშვებელია... თუმცა, რაც შეეხება საერთო კოვზს, მაცხოვნებელი თავად ზიარებაა და არა - კოვზი. მეტიც -პირველ საუკუნეებში ზიარება კოვზით არ ხდებოდა. ბევრ ეკლესიაში ის VIII-X საუკუნეებში შემოვიდა, მერე კი საყოველთაო გახდა.

ეკლესიაში ნებისმიერი ცვლილება მტკივნეულად აღიქმება და ეს მრევლისთვის მიუღებელია, თუმცა მთელი გულით შესრულებულ წირვას და აღვლენილ ლოცვას - თბილისში აღსრულდება ის თუ ფილადელფიაში, მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიასა თუ კათოლიკურ ტაძრებში, ერთი და იგივე მადლი აქვს, რადგან ერთ ქრისტეს ვეზიარებით, ამიტომ ახლა, ამ მძიმე პერიოდში, სახლშიც შეგვიძლია გულით ვილოცოთ, უფალთან ვიყოთ და გვიყვარდეს.

მე ვერ ვხედავ პრობლემას, თუ წმინდა სინოდი ზიარების ფორმას დროებით შეცვლის, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მისი შეცვლის მოთხოვნის ფორმაც უფრო რბილი უნდა იყოს. არ ვიცი, ახლა როგორი წესია და არც ის ვიცი, შეგვიშვებენ თუ არა ვირუსით დაავადებულ პაციენტთან საზიარებლად, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენ მას სპეციალური ჭურჭლიდან ვაზიარებთ...

არ მიწყინოს მრევლმა, მაგრამ გულში ხომ ვიცით, როგორი "კანონმორჩილები" ვართ? დისტანციის დაცვას ვგულისხმობ... რამდენი ხანი დაგვჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ნაგავი ქუჩაში არ დავყაროთ, თუმცა სრულყოფილად დღემდე არ ვასრულებთ ამ წესს. შემაძრწუნა სოციალურ ქსელებში ზოგიერთი პოსტის ავტორმა თუ ავად გავხდი, ეკლესიაში მოსვლა რატომ უნდა ამიკრძალოთ, მე მწამს, რომ იქ მოვალ, ვილოცებ და განვიკურნებიო...

- დამეთანხმებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ადამიანი ორმეტრიან დისტანციას დაიცავს... - არც მე მჯერა. მეც გამიჭირდა, ამეხსნა მორწმუნეებისთვის, რატომ უნდა დარჩენილიყვნენ შინ და ონლაინრეჟიმით ენახათ მსახურება, მაგრამ ეტაპობრივად მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მანამდე ვფიქრობდი, ათი ადამიანი ერთ დღეს მოსულიყო, ათი - მეორე დღეს, მაგრამ მრევლმა ეს არ გაითვალისწინა... მერე ვარჩიე, ადამიანები არ დამეყო პრინციპით: "თუ ნაკლებად სწამს, შინ დარჩება, თუ მეტად - ტაძარში მოვა", რათა მერე ვინმეს არ ეთქვა, აი, შენ შეგეშინდა, მე კი ეკლესიაში ვილოცეო. ამიტომ მოვუწოდე ყველას შინ დარჩენისკენ.

ყველაზე დიდი სიყვარულის გამოვლინება ადამიანზე ზრუნვაა და როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესიაც ვალდებულია, გაუფრთხილდეს მრევლს, მოქალაქეებს, თუნდაც ურწმუნოებს. ვირუსი არ ინდობს არც ღვთის მადიდებელს და არც - ღვთის მაგინებელს.

მინდა გამოვხატო ჩემი დიდი სიყვარული პატრიარქისა და სინოდის წევრების მიმართ, მაგრამ ამის უთქმელობა არ შეიძლება... ისინი ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც შეიძლება ქვეყანა დადგეს... პატიებას ვთხოვ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უფრო მწარე გამოცდილება მაქვს. სასულიერო პირი და ქართველი ემიგრანტები ებრძვიან ამ ვირუსს და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ეს უბედურება საქართველოშიც უფრო გავრცელდეს... მე ვხედავ, რაც ჩემ გარშემო ხდება და ღმერთმა დაიფაროს საქართველო ასეთი ფართო გავრცელებისგან, მაგრამ ამას ადამიანებმაც უნდა შევუშალოთ ხელი...

ერთ მაგალითს მოვიყვან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. მაშინ მეუფე ისაიამ თავისი მრევლი არ მიატოვა, მაგრამ მსახურება მხოლოდ იმიტომ ტარდებოდა, რომ იქ დარჩენილი სასოწარკვეთილი ადამიანები შეეფარებინა, ეპატრონა და მათთვის ეთქვა, ბომბებს დაემალეთ, გაიქეცით და თავი გადაირჩინეთო. ვინც მას დაუჯერა, ქვეყნის მოღალატეა?!

ვირუსი ბომბზე უარესია - დაინფიცირებული ადამიანი მას უსასრულოდ ავრცელებს. ჩვენ მოვუწოდეთ მრევლს შინ დარჩენისკენ, რადგან არ ვიცით, რომელი ადამიანია ამ ბომბის მატარებელი... ჩვენ ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანების ერთად ყოფნა სახიფათოა, რადგან ეს ვირუსი არავის არჩევს. საქართველოში თავდადებული ექიმების, სახელმწიფოს წყალობით ამ საშინელებას ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მეორე ტალღა დაიწყო. ხომ ვნახეთ, რა მოხდა ბოლნისსა და მარნეულში დაუდევრობის გამო?! მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგიმ ხალხს უთხრა, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის, თქვენ დარჩით სახლშიო... მისი მადლობელი ვარ.

არავინ გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის და მოდი, წამხედურობით, რწმენასა და ურწმუნოებას შორის შეჯიბრებით მსხვერპლნი ნუ გავხდებით...

- ამერიკაზეც გვიამბეთ. ვიცით, რომ ყოველდღიურად იმატებს ავადმყოფთა რაოდენობა. - დიახ და როგორც გვეუბნებიან, ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა. რამდენიმე დღეში ვითარება გაუარესდება. ნიუ-იორკში ძალიან მძიმე ვითარებაა, მთელ ამერიკაში ყველაზე მძიმე სურათი ამ ქალაქშია და თანაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

- რამ განაპირობა ეს? - არ ვიცი. ამერიკა ძალიან დიდი სახელმწიფოა და ძნელია ყველაფრის გაკონტროლება. ძნელია, ასე ხელაღებით საზღვრები ჩაკეტო და რადიკალური ზომები მიიღო, ყველაფერი ზედმიწევნით გააკონტროლო, რადგან ნიუ-იორკში თითქმის ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობს. ვიდრე სახელმწიფომ უსაფრთხოების ზომები არ გაამკაცრა, რეგულაციები არ შემოიღო, საფრთხე არ გაითვალისწინეს. მერე ხელისუფლება იძულებული გახდა, ყველაფერი დაეკეტა სასურსათო მაღაზიების, ბანკების, აფთიაქებისა და სხვა სასიცოცხლო ობიექტების გარდა... ახლა ხალხი დაზაფრულია. ამას წინათ საბანკო მომსახურება დამჭირდა და შენობაში რომ შევედი, ისეთი მკაცრი წესები დამხვდა, ვერაფერს გავხდი - წინასწარი დარეკვისა და შეხვედრის დათქმის გარეშე არ მიგიღებენ, თუმცა ევროპამაც და ამერიკამაც პრევენციული ზომების მიღება დააგვიანეს. ამის ფონზე რაც საქართველოში ხდება, რასაც ჩვენი პატარა ქვეყანა ახერხებს ამ ვირუსთან ბრძოლაში, საოცრებაა! თქვენი გაზეთით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს, ჯანდაცვის უწყების თავდადებულ ხელმძღვანელობას, ლუგარის ლაბორატორიის შემქმნელებს - ყველას, ვინც შეაჩერა ჩვენს ქვეყანაში ვირუსის მასშტაბური გავრცელება, რაც ამერიკამ ვერ შეძლო, თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, მისი მასშტაბიც არის.

- ზემოთ თქვით, რომ სასულიერო პირს დაუდგინდა კორონავირუსი. ახლა როგორ არის?

- დიახ, ჩვენს ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს დაუდგინდა ეს ვირუსი. ჩვენ არ ვმალავთ მის გვარ-სახელს, რადგან ახლა ინფორმაციის დამალვა დანაშაულია. ყველაფერზე დაუფარავად ვლაპარაკობთ, რათა გავაფრთხილოთ ის ადამიანები, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, რომ თვითიზოლაციაში იყვნენ და ამით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც გაუფრთხილდნენ... მადლობა ღმერთს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

20 მარტს სიცხემ აუწია თუ არა, მაშინვე მიმართა ექიმს; ანალიზი გაუკეთეს, ტესტიც აიღეს, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც რამდენიმე საათში ანალიზის პასუხი მზად არის, აქ უკეთეს შემთხვევაში სამი-ოთხი დღე სჭირდება პასუხს. წარმოიდგინეთ, ლაპარაკია ამერიკაზე, სუპერსახელმწიფოზე, რომელიც არა მხოლოდ ჯანდაცვის, ყველა სისტემის სტანდარტს ამკვიდრებს! ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პაციენტი ბევრია და ლუგარის დონის ლაბორატორიებიც ყველგან არ არის. ასე რომ, როცა მამა იოსებმა ტესტი გაიკეთა, ცალკე ოთახში მოთავსდა. ველოდებოდით პასუხს, რომელიც 24 მარტს მივიღეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დაუდგინდა, ის მაინც სახლშია, ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობით. საავადმყოფოში არ მიჰყავთ, რადგან ადგილები არ ჰყოფნით.

აქ სასულიერო პირების უმეტესობა დამატებით სამუშაოზე მუშაობს. ასე იყო მამა იოსებიც და, სავარაუდოდ, მას ვირუსი იმ სამსახურში გადაედო. ტაძარში დაინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო, შესაბამისად, ქართველ მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონია. ასაკიდან გამომდინარე, რისკჯგუფს არ განეკუთვნება. სამწუხაროდ, ეს ვირუსი ნიუ-იორკში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე ქართველს დაუდგინდა...

- როგორია მათი მდგომარეობა? - საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველას მდგომარეობა სტაბილურია. მე ყველას ვთხოვ, არ დამალონ სიმპტომები. უცხოეთში ქართველებს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ყველანი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ძალიან გაგვიხარდა, რომ ბევრს უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

- ვიცი, რომ ბევრს დაბრუნება სურს. ალბათ, გესაუბრნენ ამაზე. - ძალიან ბევრს სურს დაბრუნება. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც საბუთები მოწესრიგებული აქვს და, ალბათ, დაბრუნდებიან კიდეც... ამ მხრივ ნიუ-იორკის გენერალური საკონსულო ძალიან გამართულად მუშაობს. როცა ქართველები ჩაკეტილი საზღვრის გამო სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, მათთვის დროებით საცხოვრებელს ვპოულობთ. მაქვს ურთიერთობა გენერალურ კონსულთან, დიანა ჟღენტთან და მას ვაწვდი ინფორმაციას იმ ქართველებზე, ვისაც დახმარება სჭირდებათ. რამდენიმე მათგანისთვის მეც მოვძებნე დროებითი საცხოვრებელი და თუ ვინმეს დასჭირდება, დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვარ.