"ჩემს ცირას აკლდამაში ექნება თავისი ნომერი და ამ ნომრით მივაგნებ..."
"ჩემს ცირას აკლდამაში ექნება თავისი ნომერი და ამ ნომრით მივაგნებ..."
"ყოველდღე მოდის ერთი ქართველი მამაკაცი და მამხნევებს. სანთლები და ხატი მომიტანა..."

იმედია, ქართველი ექიმები შეძლებენ ამ განსაცდელთან გამკლავებას და არც ერთი გარდაცვლილი არ გვეყოლება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე შეიმუშავეს კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის რეკომენდაციები, რათა ამ გზით შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკი.

იმედია, ეს დოკუმენტი დოკუმენტად დარჩება და ჩვენი ექიმების ძალისხმევით საქართველოში ყველა დაავადებული გამოჯანმრთელდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში. გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნით საქართველოს საელჩომ
მოლაპარაკება გამართა ესპანეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო. ამის მიზეზია ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა დაკრძალვის მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა უპირობო დაცვა ყველა სახელმწიფოს მოვალეობაა.

"დღევანდელი პროტოკოლით, ორი გამოსავალი არსებობს. ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა. მეორე - ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს
სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს და შესაძლებელია ამ ადამიანების ესპანეთის ტერიტორიაზე დაკრძალვა", - ა
ღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ქართველი 74 წლის ბათუმელი გულნარა (დოდო) ასამბაძე იყო. ჩვენ ვცადეთ, მის ოჯახის წევრებს გავსაუბრებოდით, თუმცა ინტერვიუზე უარი თქვეს. შევიტყვეთ, რომ ქალბატონი დოდო ესპანეთში უკვე დაკრძალეს და როცა ესპანეთის მთავრობა ოჯახს ნებას მისცემს, ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ... 22 მარტს გარდაიცვალა 73 წლის სერგო მელაძე. იგი ბარსელონაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა... 34 წლის ცირა ალიხანაშვილს საქართველოში ხუთი შვილი ელოდებოდა. მისი მეუღლე ემუდარებოდა ყველას, ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებოდნენ, თუმცა... როცა მამუკა ნაჭყებია მიხვდა, რომ მეუღლის გადმოსვენება შეუძლებელი იყო, ესპანეთის მთავრობას ცხედრის აკლდამაში დაკრძალვის უფლება მისცა.

ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი. ის ესპანეთში, დევნილთა თავშესაფარშია, კარანტინში. ტირილით მიყვებოდა ოჯახის ტრაგედიაზე. ეს მართლაც სულისშემძვრელი ამბავია.

მამუკა ნაჭყებია: - თვე-ნახევრის წინ ცირას სიმსივნე აღმოაჩნდა და ესპანეთში ჩამოსვლა მოვახერხეთ. ფულს ხალხი გვირიცხავდა, ვისაც რამდენი შეეძლო, სრულიად უცხო ადამიანები... ახლობლებიც ამოგვიდგნენ გვერდში და წამოვედით იმ იმედით, რომ შვილებს გამოჯანმრთელებულ დედას ჩავუყვანდი... ერთი სული მაქვს, ბავშვებთან ჩავიდე. საელჩო შემპირდა, პირველივე სპეცრეისით მგზავრობას დაგიფინანსებთ და გაგიშვებთო. ვარაუდობენ, რომ ეს 10 აპრილამდე მოხერხდება. რომ ჩავფრინდები, კიდევ ორი კვირა მომიწევს კარანტინში ყოფნა, მაგრამ ამას აღარ ვჩივი - ოღონდ ჩავიდე, ოღონდ მივიდე ჩემს შვილებთან, მერე კი აუცილებლად დავბრუნდები და ცირას წავასვენებ. ხელისუფლება მპირდება, რომ დამეხმარება. მადლობა მათ გვერდით დგომისთვის.

- აქედან ელაპარაკებით ბავშვებს?
- დიახ, ხშირად ვურეკავ. არ მინდა ვაგრძნობინო, რომ ასე ცუდად ვარ. ვცდილობ, გავუღიმო. მე და ცირამ 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად... რომ ჩამოვედით, იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ უცებ ცა ჩამოგვექცა. რაც გამოვიარე, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ...

- როდის ჩახვედით ესპანეთში?
- 2 მარტს წამოვედით საქართველოდან. რამდენიმე დღე თავშესაფარში ვიყავით. მგონი იქ გაცივდა - ცუდი ამინდები იყო. საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, გვითხრეს, სეფსისია დაწყებულიო. ყველაფერმა ერთად შეუტია და ძალიან იყო დასუსტებული. ახველებდა, სიცხე ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა ეს ქიმიის რეაქციად ჩათვალეს. მერე მითხრეს, კორონავირუსის ეჭვი გვაქვსო. ცოტა ხნის შემდეგ თითქოს უკეთ გახდა, მითხრეს, მეორე ქიმია დავიწყეთო, მაგრამ უცებ მხედველობა და ხელ-ფეხის მგრძნობელობა დაკარგა. მოგვიანებითკი აღუდგა ყველაფერი, ტელეფონითაც ველაპარაკე წინა დღეს, რადგან მასთან აღარ მიშვებდნენ, მაგრამ უკვე არეულად ლაპარაკობდა. ჩანს, იმოქმედა ვირუსმაც, ქიმიამაც... თავიდან გაგვაფრთხილეს, ქიმია ძლიერია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ, გააჩნია, ორგანიზმი როგორ გადაიტანსო. თვითონ მთხოვდა, ეს ქიმია არაფერს მშველის, ცუდად ვარ, სახლში წამიყვანეო. ტიროდა, მაგრამ მითხრეს, ქიმიამ იცის ნერვული შეტევები, სტრესს იწვევსო. მეც ვამშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. იმედს ვებღაუჭებოდი... დილით კიD დამირეკეს, გარდაიცვალაო... თქვენ არ იცით, როგორი კეთილი, მზრუნველი და კარგი იყო...

აქ ქართველები არიან. სულ ვგრძნობმათ მხარდაჭერას. ერთი მამაკაცი ყოველდღე მოდის და მამხნევებს. სანთლები და ხატიც მომიტანა. მირეკავენ, მკითხულობენ, ყველა გამხნევებას ცდილობს, მაგრამ ამ ტკივილთან გამკლავება ძნელია. კიდევ ერთხელ მადლობა საელჩოს, რომ ცხედრის კრემაცია აგვარიდა. აკლდამაში იქნება დაკრძალული, ექნება თავისი ნომერი და ამ ნომრით მივაგნებ. როგორც კი მომეცემა საშუალება და გადასვენების ნებას დამრთავენ, გადავასვენებ.

ცირა ალიხანაშვილსა და მამუკა ნაჭყებიას ხუთი შვილი სამტრედიაში ბებიასთან, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამ ოჯახის უმძიმესი ისტორიის შესახებ "სიკეთის ქალაქმა" სიუჟეტი მოამზადა. ვნახეთ საცხოვრებელი, რომელსაც არც ერთი კარი და ფანჯარა არ აქვს. რვა წლის გიორგი არ მალავდა, რომ პური ენატრებოდათ, თუმცა ამბობდა, ოღონდ დედა ცოცხალი მყავდეს, მალე დამიბრუნდეს და არაუშავს, მშიერი დაძინებასაც ვისწავლიო, დღეს კი ბავშვებმა უკვე იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ...

სიუჟეტის ნახვის შემდეგ ამ ოჯახს ბევრი ადამიანი დაეხმარა საკვებით თუ ფულით. თუ ახლაც მოინდომებთ, უდედოდ დარჩენილ ხუთ პატარას ხელი გაუწოდოთ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თი­ბი­სი ბან­კი - GE94TB7075345064300015

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი - GE71BG0000000162469876

მიმ­ღე­ბი მა­მუ­კა ნა­ჭყე­ბია

არა ტროლი
07 აპრილი 2020 14:31
მომენტი არ გაუშვათ........................
meme
06 აპრილი 2020 19:23
ხო, ეხლა უხადეთ პირველივე რეისის და ცოლის გადმოსვენების ფულები. მანამდე დაგეფინანსებინათ და ხომ არ მოუწევდათ ამხელა გზის ასე უშედეგოდ გავლა
ლუხო
06 აპრილი 2020 19:19
უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავრბაც. (გალაქტიონი)

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები