ბიძინა კულუმბეგოვი: "ჩინეთმაც გაგზავნა უკვე იტალიაში გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი" - კვირის პალიტრა

ბიძინა კულუმბეგოვი: "ჩინეთმაც გაგზავნა უკვე იტალიაში გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი"

"მთავარია, მასობრივი შიდაგადაცემა არ დაიწყოს..."

28 მარტს საქართველოში დაფიქსირდა შემაშფოთებელი შემთხვევა, ამ ფაქტის ეპიდემიოლოგებს ყველაზე მეტად ეშინოდათ - კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის პირველწყარო უცნობია. დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა დანარჩენი ორის დასნებოვნების წყაროს პოვნა, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება. ეს კი საყურადღებო და საგანგაშოა!

მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყანაში პირველი ორსული კორონაინფიცირებული გამოვლინდა, რომელიც მარნეულელი ქალის ნათესავია. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაატა იმნაძის თქმით, მარნეულის რაიონში კორონავირუსის ფართო გავრცელება არა გვაქვს და ჯერჯერობით ყველა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, მარნეულელ ქალს უკავშირდება.

"კვირის პალიტრის" კითხვებს პასუხობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:

- ასიმპტომური მიმდინარეობით რამდენად ხშირად ვლინდება COVID-19 და როგორ უნდა ამოვიცნოთ?

- რადგან არავითარი კლინიკური ნიშნით არ ვლინდება, ამიტომაც ჰქვია ასიმპტომური ფორმები. ეს განსაზღვრავს ამ დაავადების ასეთ ფართო მასშტაბურ გავრცელებას მსოფლიოში. ასიმპტომური ფორმები სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეიძლება იყოს 18-დან 50%-მდე ადამიანებში. ყველგან სხვადასხვა მონაცემი წერია, ანუ ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ამ დაავადებას ატარებენ ისე, რომ თავადაც არ იციან.

- ასეთები ხომ შეიძლება ჩვენ შორისაც იყვნენ? - რასაკვირველია, დიდი ალბათობით შეიძლება. მასობრივი ტესტირება მსოფლიოში - კორეაში და სხვაგან, იმიტომ კეთდება, რომ ასეთი პირები აღმოაჩინონ. ჩვენთან ჯერ არ არის ამდენი ტესტირების შესაძლებლობა, ამიტომ კეთდება იქ, სადაც ახლა ეპიდემიური აფეთქების რისკია, ანუ მარნეულში, სხვაგან კი იმ პაციენტებს უკეთდება, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია და ჰქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულთან, მათ ოჯახთან, მეგობრებთან.

- მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი მინდა განვიხილოთ, რომელზეც აშშ ლაპარაკობს. ითქვა, რომ განკურნებულის სისხლის პლაზმას გამოიყენებენ ინფიცირებულის გამოსაჯანმრთელებლდ. არის ალბათობა, რომ ეს მეთოდი დაინერგოს? - ამ მეთოდს ჯერ კიდევ ესპანური გრიპის დროს იყენებდნენ. ეს ძველი, საუკუნოვანი მეთოდია. შემდეგში მას ებოლასა და სხვა ინფექციების დროს იყენებდნენ. მდგომარეობა გამოუვალია, როდესაც კაცობრიობასა და მედიცინას არა აქვთ კონკრეტული წამალი ამა თუ იმ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად. ვინც გადაურჩება ინფექციას, ანუ გამოძვრება და იმუნური სისტემა მუდმივად დატოვებს ორგანიზმის მახსოვრობაში ანტისხეულებს, ასეთ პირთა პლაზმა უკვე აღიქმება როგორც წამალი, შრატი. ამიტომ ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პრევენცია მძიმე პაციენტისთვის ან პაციენტისთვის წინასწარი გადასხმით, რათა არ განუვითარდეს დაავადება. ასე რომ, პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის შეიძლება.

- მას უკვე იყენებენ ამერიკაში?

- დიახ, ორი დღის წინ აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტომ გასცა ნებართვა, რომ ეს მეთოდი გამოიყენონ მოსახლეობაში. ჩინეთმაც გაგზავნა უკვე იტალიაში გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი. "გარდიანმა" დაწერა: "ჩინეთის საჩუქარი იტალიისთვის".

- სხვა ქვეყნების კორონასთან ბრძოლის სტრატეგიაზე რას გვეტყვით? - კორეა ამ დაავადებასთან ბრძოლაში მასობრივი ტესტირების მეთოდს იყენებს. ყველა ქვეყანა ამ ხერხს ვერ მიმართავს მიზეზთა გამო. მაგალითად, ამერიკას ლოჯისტიკური პრობლემა აქვს, ამდენი ტესტი არა აქვს. ტესტებს თვითონ თუ არ ქმნი, ასე ადვილად ვერ იპოვი და ვერ იყიდი. ყველაფერს თავისი რიგითობა აქვს. ბაზარზე ტესტების შეძენის დიდი კონკურენციაა, მათი ძირითადი მწარმოებლები ჩინეთი და კორეა არიან.

კორეა ტესტებს 5 ქარხანაში ამზადებს დიდი რაოდენობით და დღეში საშუალოდ 20 000 კაცს უკეთებს ტესტს, რომ გამოავლინოს უსიმპტომო ფორმები და არ დაინფიცირდეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ კორეაში გამოვლენილ დაინფიცირებულთა რიცხვი ძალიან დიდია, უკვე 9 000-ს მიაღწია, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, იმიტომ, რომ ბევრი უსიმპტომო იპოვეს. დიდმა ბრიტანეთმა ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან დაიხია, ამიტომ ახლა გამოაცხადა კარანტინი და ყველაფერი დაიხურა - კლუბები, სკოლები...

ჩვენთან ადრეული ღონისძიებები გატარდა. ჯერ კიდევ, როცა ევროპის ქვეყნები ღია საზღვრებით ცხოვრობდნენ და ეგონათ, მათთან COVID-19 არ მივიდოდა, საქართველომ იანვრის შუა რიცხვებიდანვე დაიწყო ზომების მიღება. როგორც კი დაფიქსირდა ჩინეთში, შემდეგ კი ირანში, მაშინვე ჩაიკეტა საზღვრები. ამიტომაც არის, რომ პირველი შემთხვევიდან თვეზე ოდნავ მეტია გასული და 100 შემთხვევაც არა გვაქვს. თუმცა, ახლახან გამოვლენილი 3 შემთხვევა ნამდვილად საყურადღებო და შემაშფოთებელია...

- შესაძლებელია თუ არა ისე გადავიაროთ ეს პერიოდი, პიკურ მდგომარეობამდე არ მივიდეთ? - ეს ვირუსი პირველადაა დედამიწაზე, ამიტომ არავინ იცის, პიკური რას შეიძლება ვუწოდოთ. პიკური არის მაშინ, როცა რაღაც ზღვარს მიაღწევ და მერე დაღმართზე დაეშვები. ვისთვის რა არის პიკი, ეს არავინ იცის, ძალიან პირობითია და ამის ასე განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შემთხვევები მოიმატებს. მთავარია, მასობრივი შიდაგადაცემა არ დაიწყოს...

- ორსულებში როგორ მიმდინარეობს COVID-19? - მსოფლიოში ჩატარებული კვლევით, რომელიც 18 ორსულზე მიმდინარეობდა (სრულფასოვანი კვლევა), მდგომარეობა არც ერთს არ გართულებია, მშვიდობიანად იმშობიარეს, არც ჩვილებს გადაედოთ და ძუძუთი კვების შეწყვეტაც არ დასჭირდათ. კორონავირუსი რძეში არ გადადის. ჩვენი მოქალაქეც მშვიდობით გადაიტანს ამ დაავადებას, ბავშვს არ გადაედება, ჯანმრთელი დაიბადება. ის კი არა, ჩვილს დედის სხეულიდან უკვე გამზადებული ანტისხეულები გადაუვა კორონავირუსის წინააღმდეგ და რომ დაიბადება, მზამზარეული აცრა ექნება. შეიძლება ვთქვათ, რომ დედა შვილს ორსულობის დროს თანდაყოლილი აცრით აჯილდოებს.