სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა - კვირის პალიტრა

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

"იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

"აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.