"თუ შიმშილობის, უწყლობის თუ უგაზობის წინაშე დავდექით, შეიძლება მძიმე სოციალური აფეთქების წინაშე აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"თუ შიმშილობის, უწყლობის თუ უგაზობის წინაშე დავდექით, შეიძლება მძიმე სოციალური აფეთქების წინაშე აღმოვჩნდეთ"

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემოღების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"თუ იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, ეს უნდა აიკრძალოს ყველგან და რომ ვამბობ "ყველგან", ვგულისხმობ "ყველგან". თანაც ხელისუფლებამ შესაბამისი ინსტიტუციების ინფორმირება დროულად უნდა უზრუნველჰყოს, მათ შორის იმ ინსტიტუციების, რომლებიც აქამდე განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობდნენ, იქნება ეს მედიის წარმომადგენლების ერთ ადგილას კონცენტრირება, მორწმუნე თუ ურწმუნო საზოგადოების ერთ ადგილას კონცენტრირება თუ სხვა.

როგორც ყველა თქვენგანს, ძალიან მთრგუნავს ეს ყველაფერი მეც, რაღაცეები ძალიანაც არ მომწონს, მაგრამ ფაქტია რომ ამ ეტაპზე სხვაგვარი ქცევის ალტერნატივა არ ჩანს და კიდევ... არანაკლებ მნიშვნელოვანი, ხელისუფლება ვალდებულია აკრძალვებთან ერთად, უზრუნველჰყოს ჩვენი სასიცოცხლო პირობები, კომუნალური გადასახადები, ნომინალური საარსებო ფინანსები და ა.შ. ძალიან ბევრი ჩვენგანი პრაქტიკულად პარალიზებულია და უშემოსავლოდ დარჩენილი, თუ შიმშილობის, გადაუხდელობის გამო უშუქობის, უწყლობის თუ უგაზობის წინაშე დავდექით, ჯანმრთელობის საფრთხის მიუხედავად შეიძლება მძიმე სოციალური აფეთქების წინაშე აღმოვჩნდეთ. სხვა მხრივ, ყველანაირად ვეცდებით გადაწყვეტილებების აღსრულებაში ხელისუფლების გვერდით დავდგეთ, მიუხედავად მათდამი განწყობისა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სოციალურადაც მინიმალურად მაინც დაცულად ვიგრძნობთ თავს", - წერს გამზარდია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 31 მარტიდან 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება

წყარო