"ექიმები დიდი სტრესის ქვეშ არიან, ისინი ხომ მიჩვეულნი არ არიან ასეთ პირობებში მუშაობას" - კვირის პალიტრა

"ექიმები დიდი სტრესის ქვეშ არიან, ისინი ხომ მიჩვეულნი არ არიან ასეთ პირობებში მუშაობას"

ბრძოლა კორონავირუსთან: ვის უნდა უმკურნალონ პირველ რიგში ექიმებმა?

მედიკოსები ცდილობენ Covid-19-ით ყველა ინფიცირებულს დაეხმარნონ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა ძალიან დიდი აღმოჩნდება, ექიმები შეიძლება დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: ვის დაეხმარნონ პირველ რიგში და ვის მხოლოდ მაშინ, როცა დამატებითი რესურსები გამოჩნდება? როგორ უნდა გადაწყდეს სამომავლოდ ეს პრობლემა, ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») კორესპონდენტი ანდრეა გრუნაუ გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნჰენის უნივერსიტეტთან არსებული მედიცისინის ისტორიის, თეორიისა და ეთიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გეორგ მარკმანს ესაუბრება.

- იტალიიდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომ ექიმებს და მედიცინის დებს უკვე აღარ შეუძლიათ კორონავირუსით ყველა დაავადებულზე საჭირო დონით იზრუნონ. არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაციები მედიცინის მუშაკებისთვის, თუ რომელ პაციენტს გაეწიოს დახმარება პირველ რიგში? - კლასიკური მედიცინის კონტექსტით, რეკომენდაციები დახმარების გაწევის რიგითობის საკითხში, ჩვენ მხოლოდ კატასტროფების დროს გვაქვს, ანუ დაჭრილ-დასახიჩრებული ადამიანების მასობრივად მიღების შემთხვევებში, როცა ექიმები მათ ამოწმებენ და კატეგორიებად ჰყოფენ, მათივე მდგომარეობის მიხედვით. ჩვენთან, გერმანიაში, იმ მედიკოსებისათვის, რომლებიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ჯერჯერობით არ გვაქვს მსგავსი რეკომენდაციები, როგორიც იტალიაში ჩამოაყალიბეს - როცა Covid-19-ის გამო ინტენსიური თერაპია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები იმდენ პაციენტს სჭირდება, რომ მათი მკურნალობისთვის რესურსები უკვე აღარ ჰყოფნით (იტალიელი სამედიცინო ეთიკის ექსპერტთა რეკომენდაციების მიხედვით, დახმარება უპირველეს ყოვლისა შეიძლება გაეწიოთ შედარებით ახალგაზრდებს, ვიდრე ღრმა მოხუცებს, რომლებიც სიკვდილიანობის მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან - ს.კ.).

- რომელ კატეგორიებად ჰყოფენ მედიკოსები პაციენტებს ასეთ შემთხვევებში?

- არსებობს რამდენიმე კატეგორია: პაციენტებს, რომელთა სიცოცხლეს დაუყონებლივი საფრთხე ემუქრება, პირველ რიგში ეხმარებიან. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მკურნალობა ცოტა უკანა პლანზე იწევს. მსუბუქ ავადმყოფებს ბოლო რიგში ეხმარებიან. იმ ავადმყოფებს კი, რომლებსაც გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ, მათ მხოლოდ უვლიან. იმ სიტუაციებში, როცა ძალიან ბევრი პაციენტია, რომლებზეც ზრუნვა შესაბამის დონეზე უკვე შეუძლებელი ხდება, ჩვენ ინდივიდუალურ სტრატეგიიდან, რომელიც მიმართულია ყოველი ცალკე აღებული პაციენტის მკურნალობისაკენ, გადავდივართ ჯგუფურზე, დიდი რაოდენობის მოსახლეობაზე ორიენტირებულ სტრატეგიაზე.

ინდივიდუალური სტრატეგიის დროს ყურადღების ცენტრში ერთი პაციენტია და ამ დროს ვცდილობთ მასზე მორგებულ ინდივიდუალურ, ოპტიმალური მკურნალობის ჩატარებას, მისი სურვილისა და გამოჯანმრთელების პერპსექტივის გათვალისწინებით. ჯგუფური სტრატეგიის დროს ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ დაავადებისა და სიკვდილიანობის რაც შეიძლება დაბალი დონე მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებს შორის. რასაკვირველია, ექიმები ამ დროს დიდი სტრესის ქვეშ არიან, ისინი ხომ მიჩვეულნი არ არიან ასეთ პირობებში მუშაობას.

-  იმ სიტუაციებში, როცა კლინიკებსა და საავადმყოფოებში ინტენსიური თერაპიის პალატები და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები არ ჰყოფნით, ვის უნდა უმკურნალონ პირველ რიგში - მათ, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება თუ მათ, ვისაც გამოჯანმრთელების ყველაზე მეტი შანსი აქვს? - ჩვეულებრივად, პაციენტების კლასიფიცირებას იმის გათვალისწინებით ვახდენთ, რამდენად არის მათთვის აუცილებელი სასწრაფო დახმარების აღმოჩენა: ყველაზე უფრო ინტენსიურ თერაპიას ყველაზე უფრო მძიმე ავადმყოფები იღებენ. იმ სიტუაციებში, როცა რესურსები არასაკმარისია, ჩვენ, პრიორიტეტული ავადმყოფების განსაზღვრის საკითხში, ხშირად ვსარგებლობთ განსხვავებული მიდგომით - პაციენტების გამოჯანმრთელების შანსების გათვალისწინებით. ასეთი სტრატეგია გამოიყენება კატასტროფების დროს და შეიძლება სრულიად გამართლებული იყოს იმ სიტუაციებშიც, როცა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები ძალიან ბევრს ჭირდება, მათი რაოდენობა კი შეზღუდულია.

ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის უნდა იყოს რესურსების ზრდა. გერმანიაში ახლა ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ეთიკის თვალსაზრისით მას იმდენად ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორიც არსებული რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ვთქვათ, საწოლების თანაბარ რაოდენობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და შესაძლოა, პაციენტების გაცვლასაც.

- როგორ შეიძლება ექიმებისა და მედიცინის დებისადმი დახმარება?

- ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალის დაცვის უზრუნველყოფა - პირველ რიგში ეს ეხება დამცავ კოსტიუმებსა და ნიღაბ/პირბადეებს. რაც შეეხება მედმუშაკების ფსიქოლოგიურ დატვირთვას იმ შემთხვევებში, როცა ისინი იძულებულნი იქნებიან პრიორიტეტეული დახმარების გასაწევი ავადმყოფები გამოარჩიონ, ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტების შესარჩევად კონკრეტული კრიტერიუმები არსებობდეს. ექიმს ამ დროს თავისი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდება, რათა გადაწყვეტილება მხოლოდ მან არ მიიღოს.

- და რა კრიტერიუმები გაქვთ მხედველობაში?

- საჭიროა წარმატების შანსების შეფასება ინტენსიური თერაპიის დროს. ერთ-ერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს მწვავე ქოშინის სიმძიმის დონე. გარდა მისა, აუცილებელია თანმდევი ავადმყოფობის გათვალისწინებაც, რომლებიც პაციენტის საერთო მდგომარეობაზე და მის შანსებზე გავლენას ახდენს. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, თუ პაციენტი უკიდურესად უძლურია. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, თუ რომელმა კრიტერიუმმა არ უნდა შეასრულოს როლი - ვთქვათ, პაციენტის ოჯახურმა მდგომარეობამ, სოციალურმა მდგომარეობამ, მისმა ეთნიკურმა წარმომავლობამ... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ