კორონავირუსზე ტესტი მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეების გარდა, შესაძლოა, ადამიანთა დამატებით ჯგუფებსაც ჩაუტარდეს - კვირის პალიტრა

კორონავირუსზე ტესტი მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეების გარდა, შესაძლოა, ადამიანთა დამატებით ჯგუფებსაც ჩაუტარდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, მოგზაურობის ისტორიასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გარდა, დამატებით ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს დასრულდება ალგორითმზე მუშაობა, რომელიც ამ კვლევებს საფუძვლად უნდა დაედოს.

"ამ შემთხვევაში ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული განმარტება, რას ნიშნავს საეჭვო შემთხვევა და რას ნიშნავს დიაგნოსტირებული შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების ცვლილება ქვეყნების დონეზე გამართლებული პრაქტიკა არ არის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებას არ გავაკეთებთ. თუმცა, ალგორითმი, რომელიც მუშავდება, ითვალისწინებს ტესტირების გაფართოებას და მისი ტესტირებით მოცვის გაფართოებას არა მხოლოდ მოგზაურობის ანამნეზთან დაკავშირებული პირებისთვის, არამედ იმ პირებისთვის, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ ეტაპზე რთული კლინიკური სიმპტომები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს COVID-19-ის არსებობას, ასევე სხვა მაღალი რისკის პირებში. ამდენად, განმარტების თვალსაზრისით, ჩვენ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას, რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯგუფი დაექვემდებარება ტესტირებას და გასცდება თუ არა ეს მოგზაურობის ანამნეზთან მიბმულ ისტორიას, ამაზე პასუხს გასცემს ის ალგორითმი, რომელიც დღეს დასრულდება და ხვალიდან გახდება ხელმისაწვდომი, როგორც კლინიცისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.