"მუზეუმად შეფუთული მეჩეთი ხრიკი იქნება მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ" - კვირის პალიტრა

"მუზეუმად შეფუთული მეჩეთი ხრიკი იქნება მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ"

"ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე საპატრიარქოს გარეშე მოლაპარაკება დაუშვებელია!"

"ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება. მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ბათუმში, კერძოდ, ყოფილ ლენინის მოედანზე აზიზიეს მეჩეთი აღდგება (გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწვა). ითქვა, რომ მხარეები ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ, თუ აღნიშნულ მისამართზე, მეტიც, საერთოდ, ბათუმში, კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობის დაწყებას ხალხთან შეუთანხმებლად გაბედავს ვინმე, ამ ნაბიჯის გადადგმა ძვირი დაუჯდება. მოვითხოვთ, გათვალისწინებულ იქნეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია  II-ის გაფრთხილება ამის თაობაზე. როგორც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, უწმინდესი და საპატრიარქო წინააღმდეგი არიან ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს, მის სანაცვლოდ კი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ჩვენი ტაძრები აღდგეს, როგორც მხოლოდ ხუროთმოძღვრული ნაგებობები.

ისევე, როგორც საქართველოს საპატრიარქო და მისი წინამძღვარი, ბათუმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ბათუმში (მაგრამ არა აზიზიეს მოედანზე) მეჩეთის აშენებას, თუკი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართულ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღდგება და ეს ტაძრები იმავე ფუნქციით გააგრძელებენ არსებობას, რისთვისაც ათეული საუკუნის წინ ააშენეს. პატრიარქი ამბობს (ამონარიდი პრესაში გავრცელებული განცხადებიდან):

"ვალდებულად ვთვლი თავს გაგაფრთხილოთ, რომ ბათუმში ჯამე ფუნქციონირებს და ახალი ჯამეს მშენებლობის დაწყება შესაძლებელია შეიცავდეს პოლიტიკურ საფრთხეებს. იმიტომ, რომ ბათუმში მომლოცველთა უმეტესი რაოდენობა არის ქრისტიანული აღმსარებლობისა და ჯამეს მშენებლობას შეიძლება წინააღმდეგობა მოჰყვეს. მე ვამბობ, როგორც კი ჯამეს პირველი ფუნდამენტი გაიჭრება, იქ მოიყრის თავს უმართავი ქართველი მართლმადიდებელი და მუსლიმანი ქართველებიც!"

ყოფილი ლენინის, ამჯერად აზიზიეს მოედანზე ილია ჭავჭავაძის ძეგლი დგას. ვაცხადებთ, ის, ვინც მეჩეთის გამო ამ ძეგლს სადმე გადატანას დაუპირებს, ბათუმში უკიდურესად დაძაბავს ვითარებას. ხმა დადის, რომ ძეგლს გადატანას უპირებენ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ვართ და ვთხოვთ ხელისუფლებას ჩვენი აზრის მოსმენას და გათვალისწინებას. ასევე, მოვითხოვთ, გაირკვეს, რა ბედი ეწევა აღსადგენთა სიის მიღმა დარჩენილ სხვა ტაძრებს ტაო-კლარჯეთის მხარეში.

პატივისცემით ბათუმელები".

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძის თქმით, ილია ჭავჭავაძის ძეგლს გადატანას არავინ უპირებს, არც აზიზიეს მოედანზე აშენდება მეჩეთი, რადგან იქ, სადაც ოდესღაც ძველი, ხის ორსართულიანი მეჩეთი დაიწვა, ახლა საცხოვრებელი კორპუსი დგას, დანარჩენ ტერიტორიაზე კი განთავსებულია რუსეთ-თურქეთის ომში საქართველოსთვის მებრძოლი გმირების საფლავები და მათ ვერავინ შეეხება.

ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე თორმეტზე მეტი ეკლესია-მონასტერია. სპეციალისტთა განმარტებით, დაუყოვნებლივ გადარჩენას არა მხოლოდ ოთხი ტაძარი საჭიროებს. რამდენიმე ეკლესიაში მუსლიმანური სამლოცველოა გახსნილი(!). მონასტრების ნაწილს ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გამო წყლით დაფარვა ემუქრება. უფუნქციოდ დარჩენილ ტაძრებს საფრთხეს არქეოლოგიური გათხრებიც უქმნის.

ისტორიკოსი მამია ფაღავა: "ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ტაძრები უმძიმეს მდგომარეობაშია, განსაკუთრებით - ოშკი და ოთხთა ეკლესია. ერთ ადგილზე ოშკს ბოძი აქვს შეყუდებული, რომ გამოაცალონ, მისი არსებობაც დასრულდება. ვიღაც უცხოელს 700 დოლარი გადაუხდია, რომ ეს ბოძი შეეშველებინათ ბებერი ოშკისთვის. დრო და მოუვლელობა დაუნდობლად ანადგურებს ტაძრებს. თუკი საქართველოს უნდა, ჭოროხის აუზში ქართველი კაცის ნაკვალევი გადარჩეს, გზა უნდა გამოინახოს მათ შესანარჩუნებლად. ოღონდ ორ სახელმწიფოს შორის აუცილებლად თანაბარ დონეზე უნდა მოხდეს შეთანხმება. შეიძლLება დათმობებზეც მოგვიწიოს წასვლამ, მაგრამ პარიტეტი უნდა დაცულ იქნეს".

„რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურმან დუმბაძის განცხადებით, გაუგებარია საქართველოსა და თურქეთს შორის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე საპატრიარქოს გარეშე მოლაპარაკება. ამ საკითხს სკანდალური ელფერი არ ექნებოდა, თავის დროზევე რომ საპატრიარქოს უშუალო მონაწილეობით გამართულიყო მოლაპარაკება.

"დაუშვებლად მიმაჩნია შეთანხმების იმ სახით რატიფიცირება, როგორც დღემდე არსებობს. თუკი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ქართულ ეკლესიას მხოლოდ საინჟინრო ნაგებობის ფუნქცია ექნება, მაშინ მის ნაცვლად ბათუმში მეჩეთის აღდგენა მიუღებელია.

აჭარაში 150 მეჩეთია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუსლიმანი მრევლი შეუზღუდავად აღიარებს თავის რელიგიას. თურქული მხარე გაიძახის, მეჩეთი არ იმოქმედებს და მუზეუმის ფუნქცია ექნებაო. რა საჭიროა ეს, პროპაგანდული მიზნებისთვის? იქ შესულ კაცს რომ უთხრან, მეჩეთი არსებობს, როგორც თურქეთის ძლევამოსილების სიმბოლო და იმის უტყუარი მოწმე, რომ ბათუმში თურქული ადმინისტრაცია იჯდაო? ეს შეურაცხმყოფელია.

მით უფრო, თურქეთი წინააღმდეგია ტაო-კლარჯეთში ეკლესიების აღდგენისა. რატომ? მართლმადიდებლობის გაძლიერების ეშინია? ვაცხადებ, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უახლოეს ათწლეულებში შეუძლებელია, იქ მართლმადიდებლური რელიგია გაძლიერდეს, თუნდაც მონასტრების ამოქმედებით. თუ 80-მილიონიანი მოსახლეობისა და უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელ თურქეთს აქვს ასეთი შიში, რა, პატარა საქართველოს არ ეშინია? პრეტენზია მაინც არ უნდა ჰქონდეს?

მერწმუნეთ, მეჩეთი-მუზეუმი იქცევა მუსლიმანური პროპაგანდის ცენტრად ბათუმში. მუზეუმად შეფუთული მეჩეთი ხრიკი იქნება მართლმადიდებლობისა და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს კანონით, კონსტიტუციით, მას ეკრძალება ამდაგვარ  მშენებლობებში ჩარევა. ვერც ეკლესიას ააშენებს საქართველოს სახელმწიფო და ვერც მეჩეთს. კონსტიტუცია კრძალავს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმას. თუ მაინც ამაზე მიდგება საქმე, ბათუმის თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს, რა აშენდება ბათუმის ტერიტორიაზე.

თურქეთში ქართული ტაძრები რომ გადარჩეს, საჭიროა მეტი მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოსა და თურქეთის ხელისუფლებასთან. ტაო-კლარჯეთის ისტორიული ქართული საგანძური მსოფლიოს კუთვნილებაა და თუ ის განადგურდება, ამით დაზარალდება კაცობრიობა და არა მხოლოდ საქართველო.  მოლაპარაკების პროცესში კი დაუყოვნებლივ ჩაერთოს საქართველოს საპატრიარქო, რათა სრული ბალანსი იქნეს დაცული".

ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ჯერ თურქეთიდან არ დაბრუნებულა ხელმოსაწერი დოკუმენტის საბოლოო ვერსია, ძირითადი შეთანხმების ტექსტის თანახმად კი ისტორიული ხელშეკრულების პროექტი უკვე რესტავრირებულ მონასტრებსა და მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარების საკითხს ღიად ტოვებს. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რა ფუნქციით უნდა განაგრძონ არსებობა ბათუმში ასაშენებელმა მეჩეთმა და ოშკის აღდგენილმა ტაძარმა. ვაჩეიშვილის განცხადებით, კულტურულ ძეგლებში ღვთისმსახურების დაშვებას დამატებითი შეთანხმება დასჭირდება. საქართველოს საპატრიარქო კი მოლაპარაკებაში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან და გადაწყდება, რა ფუნქციით იარსებებს ბათუმში ახალი მეჩეთი, ხოლო ოშკის ტაძარი - ტაო-კლარჯეთში.

ნიკა ვაჩეიშვილი: -  საპატრიარქო საქმის კურსში იქნება მას შემდეგ, რაც გაირკვევა ძირითადი შეთანხმების პუნქტები. თუმც, ამ ეტაპზეც საქმის კურსშია, რადგან შეთანხმების ადრინდელი ვარიანტი გადავუგზავნეთ. ბუნებრივია, ამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადოებრივ აქტიურობასაც მოითხოვს. ისტორიული შანსი გვაქვს, გადავარჩინოთ უნიკალური ძეგლები, აღვადგინოთ და ფუნქცია მივანიჭოთ. ამიტომაც არ მესმის იმ წინააღმდეგობის, რომელსაც დროდადრო გამოხატავს საზოგადოება.

- დაახლოებით რა თანხა დასჭირდება მათ აღდგენას?

- ალბათ, 15 მილიონი დოლარი, აღდგენითი სამუშაოები კი 5 წელს გასტანს.

- არც ერთი მათგანი არ შედის იუნესკოს მფარველობის ქვეშ? რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს?

- ამისთვის თურქეთმა უნდა წარუდგინოს იუნესკოს ეს ძეგლები.

- თუ ყოფილა საუბარი ამის შესახებ თურქულ მხარესთან, ხომ არ მიგიმართავთ თხოვნით ან რჩევით?

-  ჯერ ამ ძეგლებს აღდგენა და გადარჩენა სჭირდება. იუნესკოს მფარველობაში დანგრეული და უპატრონო, ყოფნა-არყოფნის პირას მყოფი ძეგლები არ შედის. თურქეთი გვეუბნება, მოდი, მოუარეთ თქვენსას, მე კი მივხედავ მანდ ჩემსას, როგორც ძეგლებსო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

- აჭარაში აცხადებენ, რომ მეჩეთები არის არა თურქეთის სახელმწიფოს კუთვნილება, არამედ აჭარელი მუსლიმანების მიერ აშენებული. შიშობენ, რომ მეჩეთ-მუზეუმს ან რელიგიურ-კულტურულ ცენტრს გამოიყენებენ ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდისთვის. მათი განმარტებით, თურქი მუსლიმანი ემისრები უკვე წლებია მისიონერულ მუშაობას ეწევიან.

- ვერ ვხვდები, ამ მოვლენებს ერთმანეთთან რატომ უკავშირებენ. ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ის კი ვიცი, რომ

ჩვენი უნიკალური ძეგლები გადასარჩენია თურქეთის ტერიტორიაზე. ეს მეჩეთებიც ქართული კულტურის ნაწილია. იცით, აზიზიეს მეჩეთი რა ოსტატების აშენებული იყო? მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავთ. ნამდვილი ქართული კულტურის ნიმუშია. ასეთი ძეგლი თურქეთში არ არსებობს. მე არ მეშინია მისი აშენების. დამარწმუნონ, რომ საშიშია. ალტერნატივა რა გვაქვს?! ოშკი საშინელ მდგომარეობაშია, ცოტაც და ჩამოენგრევა გუმბათი!“

ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, თურქული მხარე ითხოვს საკუთარი ხარჯითა და პერსონალით სამცხე-ჯავახეთში - ორი და აჭარაში ერთი მეჩეთისა და ჯამეს აღდგენას. რესტავრაცია გაუკეთდება ახალციხის რაბათზე არსებულ კომპლექსს; ასევე ქობულეთის რაიონში XVIII საუკუნის კვირიკეს მეჩეთს; მხარჯავის მეჩეთს სამცხეში, ხოლო ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება.

KvirisPalitra.Geოშკი

ოშკი, X საუკუნის 50-80-იანი წლების უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში მდებარეობს.

ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ამშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). წარწერის ნაწილი, სადაც თარიღია სავარაუდებელი, განადგურებულია.

მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ოშკელი, ხოლო ხუროთმოძღვარი - უცნობი ერისკაცი, რომელმაც საკუთარი რელიეფური გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადის თავბანდის ქვეშ მოათავსა. რელიეფის ქვა დაზიანებულია, შემორჩა მხოლოდ ქვედა ნაწილი, ზედ გამოსახულ კაცს ქართული, გრძელსახელოებიანი ჩოხა აცვია.

KvirisPalitra.Geოთხთა ეკლესია

ოთხთა ეკლესია - X  საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. სამნავიანი ბაზილიკა, სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში. ოთხთა ეკლესია პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.

მონასტერი შედგება ოთხი ნაგებობისგან - უზარმაზარი ბაზილიკა, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია ორსართულიანი სამარხი ეგვტერი, სატრაპეზო დასავლეთით, ორნავიანი დარბაზი ჩრდილო-დასავლეთით, სადაც იყო განთავსებული სემინარია და სკრიპტორიუმი.

მდინარე ჭოროხის მეორე მხარეზე,  მონასტრის დასავლეთით 150 მეტრის მანძილზე მდებარეობს სამლოცველოსა და ორსართულიანი კამაროვანი ნაგებობის ნაშთები. ეს ნაშთები ექვთიმე თაყაიშვილისა და ვახტანგ ჯობაძის მოსაზრებით ბერთა კრებულის სამყოფელი იყო.