ოჯახის წევრის დაკრძალვაზე თბილისიდან კარდენახში ჩასულ ახალგაზრდას, კორონავირუსი აღმოაჩნდა - გურჯაანის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ოჯახის წევრის დაკრძალვაზე თბილისიდან კარდენახში ჩასულ ახალგაზრდას, კორონავირუსი აღმოაჩნდა - გურჯაანის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ჩასულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კახეთის რეგიონში აღნიშნული პირის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ:

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში. (წყარო)

ინფიცირებული ახალგაზრდა ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულ 110 პაციენტს შორისაა.

როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, 19 წლის ახალგაზრდა სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე 19 მარტს თბილისიდან ჩავიდა.

მერის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდას კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფელში ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.