"მადლობთ, მადლობთ, მადლობთ!!!” (მესტიელი ბებო) - კვირის პალიტრა

"მადლობთ, მადლობთ, მადლობთ!!!” (მესტიელი ბებო)

2003 წლის 23 ნოემბერს დაბადებულ უამრავ სიტყვას, ფრაზას, ხალხს, ქვეყანას კიდევ ერთი - "მესტიის სიღნაღიზაცია“- დაემატა. ეს ფრაზა მესტიაში ჩვენი ისედაც დღენიადაგ გახარებული პრეზიდენტის გულის კიდევ უფრო გასახარად ვიღაც ადგილობრივმა თუ “ჩაყოლილმა” იხმარა. მიხეილ სააკაშვილმაც აიტაცა და, თუ ამის შემდეგ მესტია ვინმეს სხვაგვარად უხსენებია...

არ მინდოდა წერილის ასე დაწყება-არასერიოზულ ტონს ვგულისხმობ. მაგრამ, მიდი და გაუკეთე სერიოზული კომენტარი ასეთ ფრაზას: "თავზე მისრიალებ მესტიას და გაჰყურებ კოშკებს და... პირდაპირ უყურებ უშბას. ასეთ X-XI-XII საუკუნის ქალაქზე რომ მოსრიალებდე ზემოდან, მე არ ვიცი მსოფლიოში ასეთი ხედი!“ არასერიოზულ მიდგომაში მხოლოდ სიცილს კი არა, ტირილსაც ვგულისხმობ.

ამის მოსმენა სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ტირილით გავაგრძელებ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკაში სათამაშო და სხვა ათას საოხრე ბიზნესში ჩართულმა მაფიოზურმა ჯგუფებმა კანონის თვალის ასარიდებლად სადღაც შუაგულ უდაბნოში გასართობი ოაზისი ააშენეს. ასე მოევლინა მსოფლიოს ლას-ვეგასი. როგორც ამბობენ, ეს ქალაქი-კაზინო დღეს მთლიანად ლეგალიზებულია და მილიონობით მოგება მოაქვს. ასე დაუდგეს ძეგლი ამერიკელებმა ადამიანის სულში ჩაბუდებულ ყოველივე ბიწიერს და, რაკი ადამიანს უამისოდ არ შეუძლია, შუაგულ უდაბნოში გადააგდეს. მორალისტობას ნურავინ დამწამებს, სერიოზულად ვსაუბრობ. ვერავინ უარყოფს, რომ დღეისათვის "სიღნაღიზირებულ“ ქალაქებში აშენებული სასტუმროები კაზინოებითა და მსგავსი გასართობი ობიექტებით სულდგმულობენ. ამიტომაც არის, რომ ინვესტიციის მოსაზიდად შექმნილ ყველა კლიპსა და ბუკლეტში ამაზეა საუბარი.

KvirisPalitra.Geმინდა კარგი დავინახო. ვხედავ კიდეც: დაგებულ ასფალტს, გაჩირაღდნებულ ლამპიონებს... მიხარია ყოველივე ეს, მაგრამ სიხარული მწუხარებად იქცევა,

როდესაც ხედავ, ამ გასრიალებული და გაჩირაღდნებული გზებით სადამდე მივდივართ.

მესტიაში დაინიშნა ავიარეისები, მივიდა ახალი გზა. ქვეყნის დღევანდელ "მამებს“ ჰგონიათ, რომ მათ გარდა ბათუმი და მესტია არავის უნახავს, არც უცხოელს დალაპარაკებია ვინმე. ვაცხადებ: მე მათზე უკეთესად ვიცნობ ბათუმს. ამ ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქში არაპროგნოზირებადი, ნესტიანი ჰავაა და, როგორც საზღვაო კურორტი, ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს. მესტიის სათხილამურო ცენტრად გადაქცევაზეც მეტი რომ არ ვთქვათ, ეღიმებათ სპეციალისტებს.

აი, კოშკები, ხალხი, მართლაც, საოცარია. უცხოელებსაც სწორედ ის აგიჟებდათ, რომ ამ X-XI-XII საუკუნის საოცარ ნაგებობებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა ხალხი; შეეძლოთ მოესმინათ თითოეული მათგანის ორიათასწლოვანი ისტორია კოშკის დღევანდელი მემკვიდრისგან, ანუ ენახათ ის, რასაც ჰქვია შეუბღალავი სილამაზე.

ვისაც ბათუმის მშვიდ, მიმოზის სუნით გაჟღენთილ ქუჩებში გაუვლია, "ძველი ბათუმის“ ულამაზესი პატარა სახლები უნახავს, იცის, რისი პატრონები ვართ, თუ

ვიყავით... როგორ შეიძლება, გავლამაზდეთ და სხვაც მოვხიბლოთ ისე, რომ გაურკვეველ სუროგატებად არ ვიქცეთ. ამას საქმის ცოდნა, სიყვარული და დაფიქრება

სჭირდება. ეს ყველაფერი ძნელია და არც პირად სალაროს აგივსებს კატასტროფული სიჩქარით.

ადვილი X-XI-XII საუკუნის ქალაქზე “ზემოდან სრიალი”, ბათუმში მჭედელი სავლეს ქანდაკების პირველი ვარიანტების წამოდგმა და საკუთარი ქვეყნისთვის

ლას-ვეგასის კარიკატურის ხატვაა.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)