"ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი"
"ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი"
"ჩვენი სახლი ყველა ცნობილი ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო. იმ სამეგობროს ურთიერთობა რომ გენახათ სუფრაზე, ეს გახლდათ ნიჭის ზეიმი, ლექსი, სტრიქონი და ნახატი. ისიც კი მახსოვს, ვინ სად იჯდა...", - ამბობს თაკო ჩარკვიანი  ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

- ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ - არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი
გიგანი.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე - ჯონი გიგანი?
- ჩემი ძმისშვილი ირინოლა წყნეთში მყავდა აყვანილი და ერთი დღით დავრჩი. სწორედ იმ დღეს, კოტეჯის ღია კართან ვიდექი და მანქანამ გაიარა. რომელიღაც კოტეჯს ეძებდნენ და მივასწავლე. იმ ავტომობილში ისხდნენ გივი სიხარულიძე და ერთი ბიჭი, რომელსაც უკითხავს,
ეს გოგონა ვინ არისო? დაახლოებით 15-20 წუთში მობრუნდნენ. ბატონი გივისთვის უთხოვია, გამაცანიო... ჩემთან მეგობრები იყვნენ სტუმრად, ინსტრუმენტი გვქონდა, ვუკრავდით და მხიარული საღამო შედგა.

მერე გაქრა, რადგან საერთო ნაცნობები თითქმის არ გვყავდა და ისევ ბატონმა გივიმ დარეკა, - სასტუმრო "საქართველოში" პრეზენტაციაა და გეპატიჟებიო. მაშინ ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და საკუთარი ჟურნალი მქონდა. იქნებ შენს გოგონებს სთხოვო, პრეზენტაციისთვის დიზაინის საკითხებში დაგვეხმარონო. კარგი-მეთქი. მივედით, გავაკეთეთ ყველაფერი და გაირკვა, რომ თურმე სასტუმროს მეპატრონე სწორედ ის ბიჭია. ასე "ეშმაკურად", სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი. 26 წელია, ერთად ვართ.

- დაოჯახებამდე იყო სტუდენტობა, კონსერვატორია. როდესაც პროფესიულ არჩევანს აკეთებდით, ფილოლოგობაზე ან მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?
- შესაძლოა ჩემს გადამეტებულ გულწრფელობას მსახიობობაში ხელი შეეშალა. ყოფილა შემოთავაზება ეპიზოდურ როლზე, მაგრამ დისკომფორტი ვიგრძენი. თუმცა, შესაძლოა მსახიობიც ვყოფილიყავი... თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. მართლაც, არ ვწერდი ცუდად. მამას ეს ძალიან უნდოდა, მეხვეწებოდა, მაგრამ კონსერვატორია ვამჯობინე, რადგან მუსიკალურ "ნიჭიერთა ათწლედში" ვსწავლობდი და ჩავთვალე, რომ კონსერვატორიაში "ფილოლოგების შვილი" არ ვიქნებოდი, ამიტომაც, საფორტეპიანოზე ჩავაბარე. დღეში 8 საათი ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მამა სულ მთხოვდა, მოთხრობები დამებეჭდა, მაგრამ ეს მამუკამ გადამაწყვეტინა და დაახლოებით 20 წლის წინ, "ლიტერატურულ საქართველოში" გამოვაქვეყნე. პირველი ძალიან კარგი რეცენზია შესანიშნავმა კრიტიკოსმა ზაზა გოგიამ დამიწერა... არ ვიცი, რამდენად სწორი იყო, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, თუმცა, მუსიკალურმა განათლებამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მომცა, სულ სხვა მასშტაბი და ცოდნა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი სწორი იყო.

- რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი თქვენი ოჯახისთვის?
- ბევრი იყო, ძალიან... ბევრი ტრავმა... უბრალოდ, ბედნიერება ის იყო, რომ ჯონი გიგანის სახით, უკეთილშობილესი ადამიანი მყავს გვერდით და მისი წყალობით, იმ სიმძიმეების გადატანა ნაკლებად რთული იყო. თავდასხმები, "მხედრიონის" პერიოდში შემოვარდნები, აფეთქება, რა აღარ გადავიტანეთ?!. შიში, სტრესი... ჩემმა მეუღლემ სამი ოპერაცია გაიკეთა. საშინელებები ხდებოდა. ეს ყველაფერი - ბიზნესის დაუფლების მიზნით. თუმცა, რაღაცნაირად გადავიტანეთ...
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ირმა, ჩემი შვილი. მას და ჯანსუღს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, ეს განსაკუთრებული ტანდემი იყო. ზოგ ადამიანზე რომ ამბობენ, დროს უსწრებსო და მისი ნიჭი ავანგარდშიაო, ეს შემიძლია ვთქვა ჯანსუღზე. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები