ბოდიში, რომ არ მოვკვდით - კვირის პალიტრა

ბოდიში, რომ არ მოვკვდით

მაშინ, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებდნენ და დაღუპულ მეგობრებს მარხავდნენ ან ვერ მარხავდნენ, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ თუკი გადარჩებოდნენ, დადგებოდა დღე, როდესაც მათი შვილების ასაკის ქართველი პოლიციელები წიხლებით გადაუხდიდნენ მადლობას, როგორც ვიგინდარებს მანქანებში ცემა-ტყეპით ჩაყრიდნენ და დააპატიმრებდნენ.

მაშინ, ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ თუ ომის საშინელებას თავს დააღწევდნენ, ცხოვრება ისე დაიბრიყვებდათ, სხვა გზა აღარ დარჩებოდათ, გარდა იმისა, რომ პროტესტი უკიდურესი ფორმით - შიმშილობით გამოეხატათ. ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდნენ, რომ ოცი წლის შემდეგ საქართველო იქნებოდა ქვეყანა, სადაც პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ ექნებოდათ. კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და არასოდეს იცი, რას გიმზადებს, - შეიძლება გმირი ერთ დღეს უსარგებლო ნივთად იქცე. ეს საქართველოში ძალიან მარტივად ხდება.

ნაომარი ბიჭები მე ცოტა სხვანაირები წარმომედგინა, მაგრამ როდესაც რადიო "პალიტრის" სტუდიაში სტუმრად მოვიდნენ, მივხვდი, რომ ცხოვრება შეიძლება ძალიან უსამართლო იყოს, კიდევ უფრო უსამართლო კი სახელმწიფო, რომლისთვისაც იბრძოდი. გადაცემის განმავლობაში ვცდილობდი მათგან მიმეღო პასუხი, კონკრეტულად რას აპროტესტებდნენ. ითხოვდნენ დასაქმებას, დახმარებას თუ შეღავათებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი პასუხი მესმოდა: ჩვენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვაპროტესტებთო. ბოლოს მივხვდი, რომ ეუხერხულებოდათ მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი. მხოლოდ ერთხელ მითხრეს, რა მნიშვნელობა აქვს, სახლში ვიშიმშილებდით თუ გმირთა მოედანზეო. ამბობენ, რომ მათში პროტესტის გრძნობა საახალწლო ღონისძიებებში უამრავი ფულის დახარჯვამ და უაზროდ გამართულმა ტაშ-ფანდურმა გაამძაფრა. თუ ასე მდიდარი ქვეყანაა საქართველო, მაშინ ჩვენც მოგვხედონო. სურდათ თავიანთი პროტესტით ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ ქვეყანაში ყველას ისე არ ულხინს, როგორც ხელისუფლებას. საახალწლო ღამის საძილე ტომრებში გატარებით ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის თვალები აეხილათ და რეალობა დაენახვებინათ.

როგორც ვეტერანები ამბობენ, აქცია მას შემდეგ დაარბიეს, რაც გმირთა მოედანზე პრეზიდენტის ესკორტმა ჩაიარა. ეჭვობენ, რომ სააკაშვილს ქალაქის ცენტრში შემოფეთებული სხვა საქართველო არ მოეწონა და ერთი სატელეფონო ზარით გადაწყვიტა მათი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა. სინამდვილეში არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ ასეთი საქციელი ხალხში სააკაშვილზე არსებულ წარმოდგენას იმდენად ეთანადება, რომ ყველამ უმალ დაიჯერა. ან როგორ გინდა არ დაიჯერო, როდესაც ხედავ, რომ ამან ხელისუფლებას მხოლოდ ცუდი მოუტანა, როდესაც ხედავ, რომ ამ გადაწყვეტილებას წინასწარ დაგეგმილის არაფერი ეცხო? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის ელჩმა საჭიროდ ჩათვალა განცხადება გაეკეთებინა და ხელისუფლება გაეკრიტიკებინა. რას აშავებდა ასეთს გმირთა მოედანზე მოშიმშილე რამდენიმე კაცი, რომ მათი აყრა ხელისუფლებას ასეთ პრობლემად უღირდა? სწორედ ამიტომ იოლად იჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთმა კაცმა მიიღო და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც გონიერებისკენ მოუწოდებდა.

თუმცა მთელ ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ეს არ არის: ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას შეცდომა ეღიარებინა და ამ ადამიანებისთვის მოესმინა, თავის გამართლება იმით სცადა, რომ სასამართლოს ისინი 400 ლარით დააჯარიმებინა(!). სწორედ რომ დააჯარიმებინა, რადგან ამ გადაწყვეტილებით ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების ყურმოჭრილი მონაა. თუმცა ყველაზე ცუდი შემდეგ მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ თავის გამართლება სცადა და უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენლის პირით ვეტერანებს ისეთი რამ დააბრალა, რამაც მათ ყველა გაჭირვება, პოლიციისგან მიყენებული ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა დაავიწყა. როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლების კომენტარებს იხსენებდა, ჩემი ერთ-ერთი სტუმარი, მალხაზ თოფურია რადიოს სტუდიაში თავს ძლივს იკავებდა. იმ მომენტში იქ რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ყოფილიყო, არ ვიცი, ეს ამბავი რითი დამთავრდებოდა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დაღუპული თანამებრძოლების მემორიალის წაბილწვა დააბრალეს, მოშიმშილეები მემორიალს ბილწავდნენ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იქვე იკმაყოფილებდნენო. მალხაზ თოფურიამ რადიოეთერში მითხრა, ეს ორ რამეს ნიშნავს: პირველი, რომ ამის მთქმელები მემორიალთან ნამყოფი ჯერ არ არიან, რადგან კეთილმოწყობილი საპირფარეშო პირდაპირ მემორიალის უკან დგას, ხოლო მეორე... მისი აზრით, ეს რასაც ნიშნავდა, ამას ვეღარ გავიმეორებ. ერთადერთი დასკვნა, რაც ამ ამბიდან გამოვიტანეთ, დასძინა მან, ის არის, რომ დავაშავეთ, ცოცხალი რომ დავრჩითო.

შეკითხვა გახელაძეს

ვინც არ იცით, გეტყვით: ბატონი ლევან გახელაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. სწორედ იგი გვეწვია რამდენიმე დღის წინ რადიო "პალიტრის" ეთერში, სადაც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვისაუბრეთ. გახელაძეს ვკითხე, აშუქებთ თუ არა ყველა იმ თემას, რომელიც გაშუქებას იმსახურებს-მეთქი. მიპასუხა, კიო. ეს ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე იყო. 3 იანვარს კი გმირთა მოედანზე ომის ვეტერანთა აქცია პოლიციამ დაარბია, სცემა აქციაზე მისულ ერთ-ერთ ქალსაც. იმ დღეს ეს ამბავი მხოლოდ ინტერნეტტელევიზია "პალიტრა ტვ"-მ გააშუქა (მოგეხსენებათ, "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვება შეჩერებული აქვს). არც "რუსთავი 2"-ს, არც "იმედს" ხმა არ ამოუღიათ. შედეგად, ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ თბილისის მოსახლეობამ შეიტყო, მათ კი, ვინც ინტერნეტით არ სარგებლობს (ვგულისხმობ რეგიონებს) ან ჯერ "პალიტრა ტვ"-ს შესახებ არაფერი იციან (ახლები ვართ მაინც), აქციის ძალით დაშლის კადრები არ უნახავთ.

"რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ამბავი გასაგებია, მაგრამ ბატონო ლევან, რატომ არ აღმოჩნდა პროგრამა "მოამბისთვის" საინტერესო ვეტერანთა მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა, როცა  იმავე დღეს "მოამბემ" ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა მოსკოვში აქციაზე ნემცოვის დაკავებას? მთელი გადაცემა მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებს მიეძღვნა და ბოლოს არც ის დაავიწყდათ, რომ ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ტელევიზია გახსნა.

მინდა ბატონ ლევან გახელაძეს ვკითხო: იტყუება თუ არა, როდესაც ამბობს, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მოვლენას აშუქებსო? ან იქნებ ფიქრობს, რომ ქართველ საზოგადოებას თბილისის ცენტრში მომხდარ დარბევაზე მეტად მოსკოვში აქციის დაშლა და ამერიკელი წამყვანის ჩიკაგოდან საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადასვლა აინტერესებს? ველოდებით პასუხს. იმედია, პასუხი ისეთივე ცინიკური არ იქნება, როგორიც ჟურნალისტებს ამავე არხის დირექტორმა ბატონმა გია ჭანტურიამ გასცა, ჩვენი არხის საინფორმაციო პოლიტიკაში ნუ ერევითო(?!).