ჭიტლაყები, მუჯლუგუნები და 400-ლარიანი ჯარიმები საშობაოდ!.. - კვირის პალიტრა

ჭიტლაყები, მუჯლუგუნები და 400-ლარიანი ჯარიმები საშობაოდ!..

"პატრულის ბიჭების თანაგრძნობა არასოდეს დაგვავიწყდება"

"კალიგულას რეჟიმის მონებისთვის, როგორც ჩანს, წმინდა არაფერია"

"ის ბომჟები  მოვიყვანეთ, გმირთა მოედანზე რომ ეყარნენო"...

მოშიმშილე ვეტერანებმა საახალწლოდ არა თანადგომა და ნუგეში, არამედ ჭიტლაყები, მუჯლუგუნები  და 400-400-ლარიანი  ჯარიმები მიიღეს. როგორც შევიტყვეთ, წინასწარი დაკავების იზოლატორსა და სასამართლო დარბაზშიც საინტერესოდ და, ცოტა არ იყოს, კურიოზულადაც კი განვითარებულა მოვლენები, რის თაობაზეც "კვირის პალიტრას" ვეტერანი მალხაზ თოფურია ესაუბრა:

- "ნაციონალურმა არხებმა" ჩვენი პროტესტი პირადი პრობლემების მოგვარების მცდელობამდე დაიყვანეს. არადა, ჩვენ არა მხოლოდ ვეტერანთა უპატივცემულობა, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის სიდუხჭირეც გავაპროტესტეთ.  ბოჩელისა და სხვა ვარსკვლავების ჩამოყვანაც კარგია, მაგრამ ხალხს ეს შიმშილს ვერ მოუკლავს. ჩვენი ყოფის მთელი მარაზმი მაშინაც შევიგრძენი, როცა სამბას მოცეკვავე გვიყვებოდა, თურმე ეკონომიკურად როგორი განვითარებული ყოფილა საქართველო.

სახალხო დამცველი, ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი ნუკრი ცაგარეიშვილიც მოვიდნენ...  ვეტერანთა დეპარტამენტი სინამდვილეში არაფრისმაქნისი ორგანიზაციაა, რადგან დიდი ხანია, ფუნქციები შეუკვეცეს. სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებიდან არავინ მოგვაკითხა. არ დაგიმალავთ, ხელისუფლებაშიც გვყავს ბევრი მეგობარი. ზოგიერთმა   დაგვირეკა და ტელეფონი გავუთიშეთ, რადგანაც შეიძLლება ეს მათთვის საბედისწერო ყოფილიყო.

ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედი ეწეოდათ იმ ჯარისკაცებს ან ბატალიონის მეთაურებს, ჩვენთვის ახალი წელი რომ მოელოცათ?! ერთ ფაქტს გავიხსენებ:  დილის 6 საათი იყო, მაგრად ყინავდა და  მოშიმშილეები საძილე ტომრებში ვიყავით გახვეული. Aამ დროს  მემორიალთან სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი გაჩერდა. ქუდი ჩამოფხატული ჰქონდა, თვალები ძლივს უჩანდა... ჯერ აქეთ-იქით გაიხედა, გარემო დაზვერა. ვერავინ რომ ვერ დაინახა, სწრაფად წამოვიდა ჩვენკენ, ქურთუკიდან რაღაც გამოიღო, მოსროლით დააგდო და გაიქცა. ბიჭებს ვუთხარი, ეს ტიპი რაღაც საეჭვოდ იქცევა-მეთქი. საეჭვო "ნივთი" ერთი ბლოკი სიგარეტი აღმოჩნდა. ეტყობა,  ის კაცი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, იქნებ  თანამდებობის პირიც კი არის და თანაგრძნობა ასე გამოხატა. ასე მგონია, ისევ 37 წელი ბობოქრობს. თუ რომელიმე ჩვენგანი გარდაიცვლება, ხელისუფლების წარმომადგენლები ღამის ორ საათზე  მალულად მოდიან პანაშვიდებზე და მალულადვე მიიპარებიან, მეორე დღეს კი ამაყად ლაპარაკობენ დემოკრატიაზე!

- მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო რამდენიმე ვეტერანმა მართლაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე?

- მათ გვარ-სახელებს ნუ დამასახელებინებთ, თუ საჭირო გახდა, მაგასაც ვიტყვი, მაგრამ... იმ ვეტერანების ოჯახის წევრებს არ მინდა ტკივილი  განვუახლო. ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, შვილმა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, შრომისუნარიან მამას უთხრა, მშიაო, ამ უკანასკნელმა კი, ვერაფერი რომ ვერ მოიმოქმედა, სასოწარკვეთილი გავიდა მეორე ოთახში და თავი ჩამოიხრჩო. ის ომში ნამდვილი  ვაჟკაცი  იყო, მშვიდობით დაბრუნებული არც ერთ სამუშაოს არ ითაკილებდა, მაგრამ ვერსად დაასაქმეს. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი  შემთხვევა. უფრო ადრე, ერთი ვეტერანი მტკვარში გადახტა იმავე მიზეზის გამო.

KvirisPalitra.Ge- რატომ დაგარბიეს 3 იანვარს?

- პასუხი არა მაქვს. ჩვენ 27 დეკემბერს დავიწყეთ შიმშილობა და მაშინვე დავთქვით, აქციას 7 იანვრამდე გავაგრძელებდით. A3 იანვარს, დარბევამდე ერთი საათით ადრე,  გმირთა მოედანზე ავტომობილების კორტეჟი გაჩერდა ხუთიოდ წუთით. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომელიმე ავტომობილში მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილი იჯდა-მეთქი, ამის დანახვა დამუქებულ მინებში შეუძლებელი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბიდან ძალიან მალე მოვიდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც საკმაოდ თავაზიანად გვითხრეს, კარვები აქ არ უნდა გქონდეთ გაშლილიო და ჩვენც დავემორჩილეთ. სულ ორი კარავი გვქონდა, მაგრამ მათში მაინც არავინ ცხოვრობდა. ერთ-ერთში ჩვენი დაღუპული მეომრების სურათები გვქონდა შეტანილი.  მერე საძილე ტომრების გატანაც მოგვთხოვეს და ესეც გავაკეთეთ, მაგრამ ის კი ვთქვით, ან ბეტონზე დავწვებით, ან ფეხზე მდგომნი ვიშიმშილებთ-მეთქი...

ცოტა ხანში შავქურთუკიანი და მაუზერიანი პირები მოვიდნენ და მათ დაიწყეს ძალადობა. სწორედ მაშინ გამოჩნდნენ ირაკლი ბათიაშვილი და ზურა აბაშიძე. ეუბნებოდნენ, გვადროვეთ, ჩვენ დაველაპარაკებით  ვეტერანებს, რომ წავიდნენო. მოვიდა გია ყარყარაშვილიც, რომელიც, სიმართლე გითხრათ, თავიდანვე გვირჩევდა, დაგვეზოგა ისედაც შერყეული ჯანმრთელობა და არ გვეშიმშილა. მანაც დრო ითხოვა, რომ მშვიდობიანად გავრიდებოდით იქაურობას. კიდევ ორი წუთი რომ მოეცათ, გიას დაველაპარაკებოდით და შიმშილობის ადგილსაც შევიცვლიდით, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი ვეტერანის ცოლს გაარტყეს და ატყდა ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. სხვათა შორის, ის ერთი გვენეტაძე გამოდგა უღირსი, თორემ ეკა მათიაშვილის უკან უამრავი ფორმიანი იდგა, რომელსაც მსგავსი არაფერი უკადრებია. ხელისუფლებამ ამ დარბევით გვითხრა, რომ ვეტერანები იმ ადგილსაც და ქვეყანასაც ვარცხვენთ.

მოშიმშილეები ჯერ შსს-ს შემინულ შენობასთან მიგვიყვანეს, მერე ნარკოლოგიურ დისპანსერში გაგვაქანეს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქ "კორკოტა" დავინახე, რომელსაც ნარკოტიკებზე ამოწმებდნენ. ჩვენი ორი მეგობარი ვეტერანიც დაგვამატეს დისპანსერში, რომლებსაც არც ჩვენთან ერთად უშიმშილიათ და არც გმირთა მოედანზე ყოფილან.

ჩვენი სომეხი ძმაკაცი ლოვა ასატრიანი ოჯახში საახალწლო სუფრასთან იჯდა და ქეიფობდა, ვეტერანების დარბევის შესახებ არაფერი იცოდა. გვარიანად შეზარხოშებული იყო, ჩვენთან ერთად დიღომში, შსს სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში რომ უკრეს თავი. კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდა, სად მოხვდა და რისთვის.

ნახევრად ჩაბნელებულ ნესტიან სარდაფში სამი უცხო ბიჭი დაგვხვდა, არ ვიცი, რისთვის იყვნენ დაკავებული, თან პურმარილი ჰქონდათ და მიგვიპატიჟეს. რომ ვუთხარით, მოშიმშილეები ვიყავით, ქაღალდი გადააფარეს საჭმელს. დილით იზოლატორში ცვლა ასე გადაიბარეს: "გუშინ ბევრი მოათრიეს?" - იკითხა ახალმოსულმა, თანაც ისეთი ხმით და  აქცენტით, რომ ბიჭები ლამის სიცილით გავიგუდეთ. მეორემ უპასუხა: "არა, ერთი 15 კაცი მოიყვანეს და კიდო ის ბომჟები, გმირთა მოედანზე რომ ეყარნენ". ბოლოს ყველანი სასამართლოს პატარა ოთახში წაგვიყვანეს და ჩვენთან ერთად რატომღაც წინა დღით ნაქეიფარი ლოვა ასატრიანიც გაასამართლეს(?!).

ჩვენს "პროცესზე" არავინ ჩანდა. პატრულის თანამშრომლებმა უხალისოდ აიღეს საკუთარ თავზე ბრალდების ტვირთი. სამაგიეროდ, მოსამართლემ გამოგვიწერა ხალისიანად 400-400-ლარიანი ჯარიმა. ჩვენს გაჭირვებას ეს 400 ლარიც დაემატა მაშინ, როცა რამდენიმე ჩვენგანის ოჯახი უშუქოდ შეხვდა ახალ წელს.

მოულოდნელი იყო ამერიკის ელჩის განცხადება, რომელმაც ვეტერანების დარბევა დაგმო. სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტებიც ამოგვიდგნენ მხარში.

ერთ მნიშვნელოვან განცხადებასაც გავაკეთებ: პატრულის ბიჭების თანაგრძნობა არასოდეს დაგვავიწყდება. მომავალ საქართველოში ჩვენი თანაცხოვრება შესაძლებელი იქნება, უფრო მეტიც, თუ ქვეყანას გაუჭირდება, ბრძოლაც გვერდიგვერდ მოგვიწევს.

ყველაზე მეტად გული ორმა პატარა კაცმა მატკინა: "დოქსოპულო" ნუგზარ წიკლაურსა და ვახტანგ ბალავაძეს ვგულისხმობ. ერთი კაცის საამებლად ჩვენ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, თავს უფლება მისცეს და განაცხადეს, რომ თურმე მემორიალთან ბუნებრივ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებდით.

ჩვენთვის ეს ადგილი წმიდათაწმიდაა. როგორც ჩანს, მათ ქედი არასოდეს მოუხრიათ ამ მემორიალთან, თორემ იქვე ახლოს კეთილმოწყობილ საპირფარეშოსაც შეამჩნევდნენ. ჩვენ თავად ვუვლიდით და ვასუფთავებდით იმ ადგილს,  სიგარეტის ნამწვსაც კი არავის ვაგდებინებდით. მაგრამ კალიგულას რეჟიმის მონებისთვის, როგორც ჩანს, წმინდა არაფერია.

ვეტერანები კიდევ ბევრ ჭიტლაყსა და მუჯლუგუნს ავიტანთ, მაგრამ ასეთ შეურაცხყოფას არასოდეს შევეგუებით. თუ ვინმეს ჰგონია, ჩემი ცემით აგრესორს ამარცხებს, ყოველდღე ვაცემინებ თავს,  მაგრამ ეს არა მტერზე, არამედ საკუთარ ხალხზე გამარჯვება იქნება.

- ინტერნეტფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ბიჭების სტენდი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში პოლკოვნიკმა ჯანჯღავამ გააუქმა.

- დიახ, პოლკოვნიკებმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და მურთაზ გუჯეჯიანმა. პირველი მაშინ გვარდიის სარდალი იყო, მეორე - შტაბის უფროსი. ორივეს სხვადასხვა "პატრონი" ჰყავს ხელისუფლებაში და ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ორივეს ერთი საერთო თვისება აქვს: შაჰ-აბასი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მისითაც აღტაცებული იქნებიან. ჩვენ სიმართლის საპოვნელად განვაგრძობთ ბრძოლას და ამისთვის ყველა კანონიერ ხერხს მივმართავთ.