დიდ-პატარა ვუმღერით პოლიციას! - კვირის პალიტრა

დიდ-პატარა ვუმღერით პოლიციას!

ვანო მერაბიშვილმა ახალი პოლიციის ჰიმნი გადაიღო. რთულია, აღწერო, რაოდენ დიდ სევდასა და მწუხარებას გგვრის იგი. ამასთან, აღნიშნულ განწყობას ამძაფრებს იმის მკაფიო განცდაც, რომ ეს არ არის დასასრული, რომ შესაძლებელია, ამაზე უფრო მძლავრი  მარაზმიც  ვიხილოთ ეკრანზე. დიახ, მე სწორედ იმ ჰიმნზე  ვსაუბრობ, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ! პატრულის, სპეცრაზმელის, მეზღვაურისა თუ მესაზღვრის ტანსაცმელში გამოწყობილი პატარები  პოლიციას უმღერიან; საქმიანად დააბიჯებენ შსს-ს შუშის ოფისში; სხდებიან ჯიპებში და იარაღმომარჯვებულნი გადიან საბრძოლო დავალებაზე; ათვალიერებენ დანაშაულის ადგილს, სადაც საბრალო კურდღელია მოკლული...  უყურებ ამ კადრებს და ხვდები, რომ შენ წინაშე ვანო მერაბიშვილის სოცნებო საქართველოა, ქვეყანა, სადაც უკლებლივ ყველა - ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ბავშვი - პოლიციელია. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქეს სამხრეები უკეთია:

ბალერინა სცენაზე კაპიტნის სამხრეებით ცეკვავს, ექიმს ტაბელური იარაღი აქვს წელზე შემორტყმული, აკვანში მწოლიარე ჩვილიც კი უკვე რიგითი პატრულის ფორმაშია გამოწყობილი! ნუ მოგეჩვენებათ ეს ნათქვამი უტრირებულად. სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამ უახლოეს მომავალში გადაიღონ, მუხრუჭები ხომ აღარ არსებობს! ჩვენს ხელისუფალთ  აქვთ მკაფიო განცდა იმისა, რომ ყველაფერია ნებადართული. მიშამ გაუძლო უმძლავრეს სახალხო პროტესტს, მას შერჩა უამრავი დანაშაული, იგი რუსეთთან ომიდანაც კი უვნებელი გამოძვრა. მაშ, რა საფრთხე უნდა ემუქრებოდეს სააკაშვილს?! არავიYთარი. რატომ არ უნდა გადაიღოს და ეთერში გაუშვას ის, რასაც მოისურვებს. რატომ არ უნდა გაერთოს, გვეხუმროს, დაგვცინოს; რატომ არ უნდა მოაწყოს ერთ-ერთ წინასაახალწლო კონცერტზე უხამსობის ზეიმი; რატომ არ უნდა ვეგონოთ მუნჯი, ყრუ და ბრმა წარმონაქმნები, რომელთაც  ასეთი მარაზმისადმიც კი პროტესტის გრძნობა არ ექნებათ!

მასობრივ ხელოვნებასთან, ე.წ კიჩთან უშუალო შეხება მაქვს. ალბათ, ამიტომ ჩემთვის გაცილებით უფრო მტკივნეულია ამ სფეროში გამეფებული განუკითხაობა. ადრე, "ვარდების რევოლუციამდე", იმ "ბნელ" დროს, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით, ჩვენი ხელიდან გამოსული ნაკეთობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოსწონებოდა. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ წინსვლა, პროგრესი, ხალხის გემოვნების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შენი შემოქმედება მოსწონთ მასებს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობდით, გადაგვეწყვიტა ურთულესი ამოცანა, გვქონოდა ნოვაცია, მაგრამ ისეთი, რომელიც ხალხში არ გამოიწვევდა გაღიზიანებას. ჩვენ ხშირად ვუხმობდით შინაგან ცენზორს. ზოგჯერ აღფრთოვანებულიც კი ვიყავით ჩვენი ნახელავით, მაგრამ შემდეგ მივიჩნევდით, რომ ხალხს ეს არ მოეწონებოდა და თავს ვანებებდით ამა თუ იმ იდეის განხორციელებას. დღეს კი საქართველოში ყველაფერია ნებადართული (ხომ გახსოვთ დოსტოევსკის ფრაზა -" "თუ ღმერთი არაა, ყველაფერია ნებადართული"") და ჩვენც აღმოვჩნდით ვიზუალურ-ვირტუალური ძალადობის მორევში.

ამ ძალადობის განხორციელებას რესურსი სჭირდება, ინტელექტუალურ რესურსს ვგულისხმობ. დაკვეთა იმდენად მდარე და უგემოვნო პროდუქტზეა, რომ აღნიშნული დაკვეთის განმახორციელებელი მალე ირყვნება და იფიტება. უხეში მოპყრობა აჭკნობს ტალანტს, საროსკიპოში დატოვებული ქალივით ახუნებს მას, ამიტომ ახალ-ახალი "ხორცია" საჭირო.

ასე დაემართა "მგზავრებს", რომელთა მარტივ და გულწრფელ ტექსტებსა თუ შესრულების მანერას გარკვეული ხიბლი ჰქონდა. პოლიციისადმი მიძღვნილი  ჰიმნის შემდეგ  სიალალე და შემოქმედებითი ქალწულობა დაიკარგა.  მათი ნაივი სრულიად კონკრეტულ მიზანს - ძალოვანი სტრუქტურის ხოტბას მოხმარდა. არა მგონია აღნიშნული აქტით "ხელოვანები" კმაყოფილნი დარჩენილიყვნენ. არც რეჟიმია დაკმაყოფილებული. როგორც უკვე ვთქვი, მას მუდმივად სურს ახალი მსხვერპლი. გუშინ ეს იყვნენ  "მგზავრები", დღეს ბავშვები არიან.  რა იქნება ხვალ, არავინ იცის!

შალვა რამიშვილი