კორონავირუსი ამერიკაში მყოფ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსი ამერიკაში მყოფ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა

კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი სპირიდონ ნარსიაა, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს.

"სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, - აღნიშავს მიმართვაში მეუფე საბა ინწკირველი.

მეუფე საბა მოუწოდებს მრევლს, ახლიდან ილოცონ, ხოლო თავად ის ტაძრიდან ილოცებს მათთვის.

"გადაივლის ეს განსაცდელი ჩვენზე, მაგრამ ეს განსაცდელი კიდევ ერთხელ მოგვცემს მაგალითს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ და რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ერთმანეთის წინაშე. პირველ რიგში სასულიერო პირების პასუხისმგებლობა თქვენდამი მსახურებაში გამოიხატება. ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ, თუ გვექნება პასუხისმგებლობა და ამა თუ იმ განსაცდელის დროს.

ეს განსაცდელი არაერთი ქართველის ოჯახს შეეხო ჩრდილოეთ ამერიკაში. გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, რომ დამიკავშირდეთ, დაუკავშირდეთ სასულიერო პირებს და ჩვენ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. გითხარით, რომ პროდუქტის ნაწილი გვაქვს მარაგში, რომელიც საელჩომ ჩამოიტანა ჩვენთან და გთხოვთ, რომ გადასცეთ სხვებსაც, რომ გაგიწევთ დახმარებას“, - აღნიშნავს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა. ეპარქიის მღვდელთმთავარმა დაასახელა მოძღვრის მისი ვინაობაც – დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი.

"სასულიერო პირის ვინაობის დასახელებით მინდა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი მივცეთ ადამიანებს. არ უნდა დამალო არაფერი, თუკი დადგინდება ვირუსი“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

სიმპტომები სასულიერო პირს 20 მარტს გამოუვლინდა.

იხილეთ ასევე: "მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული" - რას ამბობს მეუფე საბა ვიდეომიმართვაში