"ყველას ვაჯობეთ და კიდეც ვაჯობებთ!"
"ყველას ვაჯობეთ და კიდეც ვაჯობებთ!"
სლოგანი - "სიკეთე გადამდებია", კარგა ხანია, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრად იქცა და მრავალი სიმამაცის, სიყვარულის, თავგანწირვის, უშურველობისა და გმირობის მომსწრე გავხდით. ამჯერად ისეთი ადამიანისა და ორგანიზაციის ამბებს მოგიყვებით, კორონამდეც უთვალავი სიკეთე რომ აქვს გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის - საქართველოსთვის და თავისი ხალხისთვის. ჰოლანდიაში მცხოვრებ ქართველს - თიკა სვანიძე ვენკოს ქველ საქმეებზე, ასევე, მის მიერ შექმნილი "ამსტერდამის ქართული კულტურის ცენტრზე" ბევრი მსმენია, პირადად კი არასდროს შევხვედრივარ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა"
გამოქვეყნდა:

"ღმერთი იდეას რომ გიჩენს, მისი განხორციელების საშუალებას და ძალასაც გაძლევს. საელჩოებიც გვიცნობენ, ევროპული ბიზნესსაბჭოს პარტნიორიც ვართ. "ალიანსის" შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, მაშინვე მოგვწერეს მსოფლიოს სხვა
დასხვა კუთხიდან და დღესაც გვწერენ. ახლახან ესპანეთიდან შემოგვეხმიანნენ, 150 სტუდენტი ვართ, ნაწილი ბარსელონაში ჩავრჩით, ნაწილი - სანტიაგო-დე-კომპოსტელაში, არადა, გზა ჩაიკეტა და სანტიაგოდან ბარსელონაში როგორ წამოვალთ, არ ვიცითო. ჩვენ ვურთიერთობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეს ამბავიც შევატყობინეთ, ჩარტერული რეისებიც იგეგმება და იმედია, ამ ბავშვების ჩამოყვანასაც შევძლებთ..."

"ცოტა ხნის წინ კი ავსტრიიდან 5 სტუდენტი ჩამოვიყვანეთ. ავსტრიის საელჩოდან ხმა მომაწვდინეს, რაღაც პრობლემა გაჩნდაო და რომ დავურეკე, აღმოჩნდა, 20 სტუდენტიდან ნაწილს ორჯერ გაუქმებია ნაყიდი ბილეთები, ფულიც აღარ ჰქონდათ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ..."

"კოალიციის ანგარიშზე ფულების ჩარიცხვას ვეღარ დაველოდებოდი. გადმომიგზავნეს სია და სასწრაფოდ ვუყიდე ბილეთები. ერთი გოგონა წლინახევრის ბავშვთან ერთად იყო. მერე შეგვეხმიანა გერმანიის საელჩო. იქ უფრო მძიმე მდგომარეობაა, 200-მდე ადამიანი იმყოფება, ყველა ფრენა გაუქმდა და ველოდებით, როდის დაინიშნება ჩარტერული რეისი. მანამდე, 21 მარტს, 2 სტუდენტი, ორი მოხუცებული და ოჯახები, სულ 7 ადამიანი ჩემი დაფინანსებით წამოვიდა ჰოლანდიიდან, რადგან დრო აღარ იცდიდა, რეისები უქმდებოდა და იმ რეისით ჩამოფრენა უნდა მოესწროთ..."

"სამწუხაროდ, ჰოლანდიის მთავრობამ ძალიან გვიან "გაიღვიძა" და არა მარტო მან, ევროპის სხვა დიდი სახელმწიფოების მთავრობებმაც. ისე წყნარად და მშვიდად არიან, რომ... ძალიან ვწუხვარ, ასე რომ ხდება და... მრავალჯერ გავიმეორებ: კიდევ ბევრი ტაში ჩვენს სამშობლოს, ასე რომ გაუძღვა ვითარებას და თავისი ხალხის მკურნალობას. ფაქტია, ყველას ვაჯობეთ და კიდეც ვაჯობებთ. მანდ ვინმე რაიმე საყვედურს რომ იტყვის ხოლმე საქართველოს ხელისუფლებასა და ექიმებზე, სულ ვფიქრობ, აქ უნდა წამოიყვანო, ცოტა ხნით გააჩერო და ვნახოთ ერთი, მერე რას ილაპარაკებს!.."

P.S.
"დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" და "მენტალური განვითარების ცენტრი ა." წარმოგიდგენთ ახალ ერთობლივ ინიციატივას - პროექტს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ.

6 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე, ქართველი ემიგრანტებისთვისა და კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის ეწყობა ფეისბუკ LIVE.

LIVE თემა არის "სტრესის მართვა".

დღეს Covid -19-ის პანდემიამ მთელი ჩვენი სამყარო მოიცვა. მსოფლიო მასთან საბრძოლველად ათასგვარ რეკომენდაციას გასცემს და ყოველი მათგანი მიმართულია ერთი მიზნისკენ - როგორ დავიცვათ ორგანიზმი კორონა ვირუსით ინფიცირებისგან.
ვფიქრობთ, ამ რეკომენდაციების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან პანდემიას, რომელიც ძლიერ სტრესს იწვევს, აუცილებლად მართვა სჭირდება. შფოთვა და უარყოფითი განცდები დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს ფსიქოფიზიკურ ჯანმთელობაზე და მას პიროვნება საკუთარი ძალით იოლად ვერ გაუმკლავდება.
ამიტომაც გთავაზობთ LIVE ჩართვას, რომელსაც "მენტალური განვითარების ცენტრი ა."-ს დამფუძნებელი და დირექტორი სალომე ემუხვარი და ინტერნეტჟურნალ psychologist.ge -ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ილია ნიკაჭაძე წარუძღვებიან. 2-საათიან ჩართვაში გათვალისწინებულია დრო ინტერაქციისთვისაც.

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ირმა ხარშილაძე
ნატა
03 აპრილი 2020 13:50
გაიხარეთ და გამრავლდით,ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ერთგული და სახელოვანი ადამიანები ქალბატონო თიკა,მართლაც ასეთ გაჭირვების დროს გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა,უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.მიყვარხართ და მეამაყებით,მახარებს ყველა ქართველის წარმატება

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები