"ხანდახან ისეთი დაღლილი ვიღვიძებ, ადგომაც მიჭირს, მაგრამ როგორც კი მივდივარ სამსახურში, ეს დაღლა სადღაც ქრება"
"ხანდახან ისეთი დაღლილი ვიღვიძებ, ადგომაც მიჭირს, მაგრამ როგორც კი მივდივარ სამსახურში, ეს დაღლა სადღაც ქრება"
"თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს? - თანაგრძნობის გზას",  - ალბერ კამიუს ეს გამონათქვამი არაფერს მიესადაგება ისე, როგორც დღევანდელობას, როდესაც მსოფლიო გაერთანებული ძალებით ეპიდემიას ებრძვის. ექიმები კი ფრონტის წინა ხაზზე არიან. როგორია ექიმის ერთი დღე, რა აძლიერებთ მათ ასეთ რთულ პერიოდში და როგორ ამხნევებენ დაინფიცირებულ პაციენტებს? - გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი - რადიოლოგი ლანა ეზიეშვილი, რომელიც ამჟამად დაინფიცირებულებს მკურნალობს.

ლანა
ეზიეშვილი:
- ჩემი დღე იწყება ძალიან ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ღამე გვიან ვიძინებ... ხანდახან ისეთი დაღლილი ვიღვიძებ დილით, ადგომაც მიჭირს, იმიტომ რომ მთელი ღამე ვკითხულობ, ვცდილობ, მეტ სიახლეებს გავეცნო, დრო
და დრო გავდივარ კონსულტაციებს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, რომელთაც რაღაც გამოცდილება უკვე დაუგროვდათ მათ ამ გამოცდილებასა და პროგნოზებზე ვსაუბრობთ. დილას, როგორც კი მივდივარ სამსახურში, ეს დაღლა სადღაც ქრება, ვიცვამ ხალათს და ვხდები რიგითი ჯარიაკაცი. ვიკრიბებით ექიმები და განვიხილავთ რთულ სიტუაციებს, შემდეგ იწყება საერთო გამოსავლის ძებნა. ყოველ დილას, ექიმებს გვაქვს კონსილიუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი კლინიკის დირექტორი პროფესორი ლევან რატიანი, ის ეცნობა დეტალურად თითოეული პაციენტის ანამნეზს და მკურნალობის გეგმავს, ყველა პაციენტს პირადად ნახულობს და ჩართულია დეტალურად ყველაფერში. ჩვენი გუნდის წარმატება მისი დიდი შრომის, ცოდნის და გამოცდილების დამსახურებაა.

მოგეხსენებათ, მტერი უხილავია, ვიბრძვით თითქმის უიარაღოდ, ვებრძვით ვირუსს, რომელზეც დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, რომელსაც კაცობრიობა არ იცნობს. დღის ბოლოს კი ჩვენი საქმით დაღლილები ისევ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვამხნევებთ. გულს გვითბობს და ენერგიას გვმატებს თითოეული პაციენტის გაუმჯობესებული მდგომარეობა, მაშინ ვხვდებით, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი და ამ ბრძოლაში ჩვენ არ ვართ მარტო. ეს არის უდიდესი სიხარული და საერთო გამარჯვება.

- პაციენტების განწყობა როგორია?
- გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებმაც არც ქართული, არც რუსული და არც ინგლისური არ იციან, აზერბაიჯანელ პაციენტებს ვგულისხმობ, იმდენად დიდ სითბო და იმედი გამოსჭვივის მათ თვალებში, რომ ხმის ამოღებაც კი არ არის საჭირო, ისედაც ვხვდებით... მკურნალობა სიმპტომატურად მიდის, თავიდან აუცილებლად კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია ფილტვებზე. Covid-19-ით ინფიცირებულის სიმპტომებია სიცხე, სისუსტე, ხველა, ინფექცია რიგ შემთხვევებში უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.

- თქვენი აზრით, პაციენტისთვის ინფექციასთან გამკლავება უფრო რთულია თუ ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება?
- ფსიქოლოგიური მხარე, ემოციური მდგომარეობა ურთულესია, შიში, ყველაზე დამანგრეველი გრძნობაა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს ვხედავ პაციენტების თვალებში პალატაში რომ შევდივარ, იმ ეკიპირებითაც კი, რომელიც არც ისე სასიამოვნო შესახედია. მაინც ისე უხარიათ ჩვენი დანახვა... არადა, მე ჩემს თავს რომ ვხედავ ამ ეკიპირებით, ცოტა არ იყოს მაფრთხობს, მაგრამ პაციენტებთან შესვლის დროს აბსოლუტურად პოზიტიური ემოცია მოდის - სიხარულის, იმედის, ხსნის. თავიდან მიკვირდა, მერე შევეჩვიე.

- როგორც ვიცი, მცირეწლოვანი შვილები გყავს...
- დიახ, 3 და 1,6 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ღამის 12 საათზე ვწერთ ინტერვიუს, ღვიძავთ, მელოდებოდნენ, როდის მოვიდოდი სამსახურიდან.

- ლანა, რა გაძლიერებს ამ რთულ ბრძოლაში? 
- საერთოდ არ მიყვარს მარტივი ცხოვრება, ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ. ჩვენ ყველანი - ექიმები, მთავრობა, საზოგადოება ამ ომში ვართ, ოღონდ ყველას ჩვენ-ჩვენი როლი და ფუნქცია გვაქვს. მე მჯერა რომ ყველამ, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ომში ექიმები ბრძოლის წინა ხაზზე პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის ვიბრძვით, საზოგადოება სახლში დარჩენითა და სოციალური დისტანცირებით იბრძვის. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ვირუსი არ არის საშიში, არ უნდა ავყვეთ პანიკას, ახლა რთული ეტაპია ყველასთვის, ეს ეტაპი უნდა გავიაროთ და გადავლახოთ. ყველამ ერთად, უნდა გავუძლოთ ამ განსაცდელს და დავამარცხოთ საერთო მტერი, მოგეხსენებათ, აღდგომა არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაული და მჯერა, რომ სწორედ აღდგომას გავიმარჯვებთ ყველანი ერთად და დავამარცხებთ ამ განსაცდელს!

პ.ს. ინტერვიუს გამოქვეყვებამდე ერთ-ერთი უმძიმესი პაციენტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა დღეების განმავლობაში, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს კიდეც.


(სპეციალურად საიტისთვის)

ანტონი
02 აპრილი 2020 17:14
როგორ რთულ რეჟიმს უძლებენ ექიმები! იმის ნაცვლად, რომ მადლიერნი ვიყოთ, ზოგიერთებმა ახალი კამპანია წამოიწყეს ჩვენი ექიმების დასაკნინებლად. არ ვიცი, ვინაა, „დირიჟორი", მაგრამ ფაქტია, რომ მოთმინების ფიალა აევსოთ, ხედავენ, რომ ოპოზიციის შანსი მკვეთრად დაეცა და ახალი შეტევა წამოიწყეს. წაიკითხეთ ნინო ჯანგირაშვილის, მიშა მშვილდაძის, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსები და მათნაირების კომენტარები. რაკი აქაური ექიმების დამსახურებას ვერ ხედავენ, ეგ ხალხი ღირსია, მათ მიერ გაღმერთებულ აშშ-ში იყვნენ ახლა „დაცულები".
ლალი
02 აპრილი 2020 16:10
წარმატებები ლანა! ვამაყობ შენი მიღწევებით! ❤️
kato
02 აპრილი 2020 14:53
კიდევ ერთხელ მადლობა ექიმებს და მადლობა სტატიის ავტორს. აბიტურიენტებო ვისაც ასეთი თავგანწირვა არ შეგიძლიათ ნუ ჩააბარებთ სამედიცინოზე. ამას გარდა სწავლცა ძალიან რთულია, იცოდეთ ექიმობა არის იგივე ღვთისმსახურება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები