"თბილისელებს 50-თეთრიანი მიკროავტობუსები მოენატრებათ" - კვირის პალიტრა

"თბილისელებს 50-თეთრიანი მიკროავტობუსები მოენატრებათ"

"მოთმინების ფიალის ავსებამდე წვეთიც აღარ არის დარჩენილი"

"10 ათასი ოჯახი ულუკმაპუროდ რჩება"

თბილისში სამარშრუტო ხაზების ბიზნესი მაქსიმუმ ხუთ კომპანიას ექნება, სახელდობრ, რომელს, ამას საზოგადოება 14 იანვარს შეიტყობს. ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია. მისი თქმით, თბილისელებს 50-თეთრიანი მიკროავტობუსები მალე მოენატრებათ.

- აქამდე მიკროავტობუსების ფასს მაღალი კონკურენცია განსაზღვრავდა. თბილისში 240-250 სამარშრუტო ხაზი იყო, ახლა კი მაქსიმუმ ხუთი ორგანიზაცია აიღებს  მონოპოლიას ტრანსპორტის ამ სფეროზე. საქმე ის არის, რომ ხელისუფლებამ  ამ ბიზნესის სამართავად ხუთი ლოტი დააწესა, თითო სამარშრუტო ხაზი რომელიმე კომპანიამ უნდა მოიპოვოს. ასეთი კომპანია კი ქალაქის მერის  განსაზღვრული წესებით, შესაძლოა, მაქსიმუმ ხუთი იყოს. არ არის გამორიცხული, 14 იანვარს, როცა  ტენდერის შედეგი  ყველასთვის ცნობილი გახდება, ხუთზე ნაკლები, სამი ან სულაც ერთი კომპანია გამოცხადდეს გამარჯვებულად, რომელიც ერთზე მეტ ლოტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტენდერში ხუთივე კომპანია გაიმარჯვებს, საქმე გვექნება მონოპოლისტურ ბიზნესთან, რომელიც ნამდვილად მომგებიანი იქნება, მაგრამ დაზარალდება სამარშრუტო გადაზიდვების ბიზნესში  ჩართული 10 ათასამდე ოჯახი.

აქამდე დედაქალაქს 2300-მდე სამარშრუტო მიკროავტობუსი ემსახურებოდა, ერთი ნაწილი  15 დღე მუშაობდა, შემდეგ 15 დღეს კი სხვა ენაცვლებოდა. მონაცვლეობით მუშაობდნენ მიკროავტობუსების მძღოლებიც, მათ მრავალრიცხოვან რაოდენობას ხაზებისა და მიკროავტობუსების მფლობელთა რიცხვიც რომ დავამატოთ, მივხვდებით, რამდენი კაცი დაგვრჩა სარჩო-საბადებლის გარეშე. ხელისუფლება აცხადებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს დასაქმებაში დაეხმარებიანო, სინამდვილეში კომპანიების მიერ შემოყვანილი მიკროავტობუსების რაოდენობა იმდენი არ იქნება, რომ ყველა დაასაქმონ. თანაც, კომპანია შეეცდება მძღოლი რაც შეიძლება იაფად დაიქირავოს, ე.ი. ეს უკანასკნელი იმ შემოსავლის მესამედს ან მეოთხედსაც ვერ აიღებს, რაც მას გასულ წელს ჰქონდა. ამასთან, ხელისუფლება კატეგორიულად უგულებელყოფს იმ მძღოლთა კატეგორიას, რომელიც თავად იყო მიკროავტობუსის მფლობელიც და შესაბამისად, ამ ბიზნესით დაკავებული პირიც. ფაქტია, კონკურენციის შემცირებას ამ სფეროში და მაქსიმუმ ხუთი მონოპოლისტის წარმოქმნას  ტრანსპორტის მგზავრობის გაძვირებაც მოჰყვება. ჩვენ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, დავკარგავთ საშუალო ფენას იმ 10 ათასი ოჯახის სახით, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შვილების რჩენა და მათთვის განათლების მიცემაც შეეძლო.

- ინტერნეტფორუმზე ვკითხულობთ, რომ მიკროავტობუსების ბიზნესს გიგი უგულავა გააკონტროლებს (ამ ფრაზის ქვეშ უამრავი პოსტია). ამ მოსაზრებას იზიარებთ?

- ეჭვი მეც გამიჩნდა, რადგან ხელისუფლებამ ძალიან იჩქარა, საახალწლო დღეებში გამართა ტენდერი და არ მისცა მძღოლებს მოსამზადებელი პერიოდი, რასაც ჩვენ მოვითხოვდით. ლაპარაკი იყო ექვს თვეზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ჩვენი მოსაზრება არ გაიზიარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებდით ხუთ ორგანიზაციას, რომელსაც ექნებოდა ბიზნესში საქმიანობისა და გადაზიდვის გამოცდილება. Aახლა კი ტენდერში მონაწილეობენ ახალშექმნილი შპს-ები, რომლებსაც ამ საქმეში გამოცდილება არა აქვთ.

სატენდერო პირობების მიხედვით, შვიდ ან რვაკაციან  ახალშექმნილ ჯგუფსაც კი, რომელიც შპს-დ ჩამოყალიბდა და ხელში უჭირავს ფარატინა ქაღალდი, სადაც აღნიშნულია, რომ შეუძლია ლიზინგის წესით ტრანსპორტის შემოყვანა გერმანიიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან და შესაბამისი თანხაც აქვს საბანკო ანგარიშზე, უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი სკანდალი წინ გველის... 14 იანვარს, როცა გამარჯვებული ფირმები დასახელდებიან, დავიწყებ მოკვლევას, არის თუ არა რომელიმე უცხოური დასახელების  ფირმა მართლაც  უცხოური კაპიტალის მქონე  და მათ უკან ხელისუფლების წარმომადგენლები ხომ არ იმალებიან. საოცარია, ხელისუფლებამ რატომ ვერ გათვალა შედეგი, რაც შეიძლება ხელოვნურად გაძვირებულ ცხოვრებას მოჰყვეს.

- მიგაჩნიათ, რომ საკმაოდ მძიმე სოციალურ ფონს  საპროტესტო აქციები მოჰყვება?

- საპროტესტო აქციები ყველა შემთხვევაში იქნება. თბილისელებს 50-თეთრიანი მიკროავტობუსები მოენატრებათ, ისევე როგორც ბევრი რამ... აგვისტოდან ხელისუფლება სხვადასხვა მომსახურების გაძვირების მეტს არაფერს აკეთებს, ჯერ პარკირება გაძვირდა 100%-ით, შემდეგ წყლის გადასახადი, დასუფთავების მოსაკრებელი 110%-ით გაიზარდა, 15 იანვრიდან კი მომხმარებელი წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დაწესებულ გადასახადს  ერთიანი ქვითრით მიიღებს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ელექტროენერგია გაეთიშება. როგორც ხედავთ, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ძალზე მძიმეა და მოთმინების ფიალის ავსებამდე წვეთიც აღარ არის დარჩენილი.