"დედას დაცვა ხშირად მიწევდა და ბრძოლის უნარი გამომიმუშავდა" - კვირის პალიტრა

"დედას დაცვა ხშირად მიწევდა და ბრძოლის უნარი გამომიმუშავდა"

"სიტყვა "მუნჯი" დისკრიმინაციული ტერმინია"

თარჯიმან-დაქტილოლოგის სპეციალობა ერთდროულად მოიცავს ჟესტების ენის ცოდნას და სურდო-თარჯიმნის (პირდაპირი თარგმანი) მოვალეობას. ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ამ პროფესიის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვებათ? ან რატომ უყვართ ყრუები ისე თავდაუზოგავად, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ? საქართველოს ყრუთა კავშირის თარჯიმან-დაქტილოლოგი მაია კუბლაშვილი გვიამბობს.

- საერთოდ, თარჯიმან-დაქტილოლოგები ძირითადად, ყრუ ადამიანების შვილები ვართ და თარჯიმანი ალბათ მეც ამიტომ გავხდი. ეს არის ჩვენი მშობლიური გარემო. სხვა ადამიანიც შეძლებს მათთან მუშაობას, მაგრამ აქ მთავარი ნდობის ფაქტორია: ისინი სხვებს ძნელად ენდობიან. ჩვენ არა მხოლოდ თარჯიმნები, არამედ ყრუების უფლებების დამცველებიც ვართ. ყოველთვის ძალიან მინდოდა ამ პროფესიით მემუშავა.

- ხშირად თუ ირღვევა მათი უფლებები და რა მხრივ?

- არის ოჯახური კონფლიქტები, სამედიცინო მომსახურებაშია პრობლემები... ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ვიდეოზარებითაც ვემსახურებით. ბევრჯერ შუაღამეზე, დილაუთენია, ან შაბათ-კვირას მივსულვარ მათთან პრობლემის მოსაგვარებლად. ღამეც ხშირად გამითევია. შევდივარ თუ არა ყრუსთან, ისეთი ბედნიერი თვალებით მიყურებს, მეც ბედნიერების გრძნობა მიჩნდება. ყველა სამთავრობო სტრუქტურაშია საჭირო ჟესტური ენის სპეციალისტი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ყრუთა კავშირი არის თითოეული ყრუსთვის - მერია, პარლამენტი, დედა, მამა... მათ მზრუნველობას თარჯიმნებიც ყოველთვის ვგრძნობთ, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. არ ვაზვიადებ - ადამიანად მე აქ ჩამოვყალიბდი.

- რა ასაკში ისწავლეთ ჟესტური ენა და ვინ გასწავლათ? - ბავშვობიდან, პატარაობიდან ვიცოდი, იმიტომ, რომ მშობლებთან კომუნიკაცია მქონდა, მათ მასწავლეს. ბებიაც ყრუ იყო. მე და ჩემი ძმა (მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი. - ავტ.) მეტყველები ვართ. ჩემს ბავშვობაში ყრუსთან ერთად გადაადგილება კატასტროფის ტოლფასი იყო. რამდენჯერ დაუცინიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა მე და დედა ხელებით ვსაუბრობდით ხოლმე: ზოგი ჩვენს დასანახად ხელებს იქნევდა, ზოგი ამბობდა: ვაიმე, მუნჯია?!. არასწორია სიტყვა "მუნჯის" გამოყენება, ძალიან დისკრიმინაციულია. თუმცა, მაშინ ყრუების ისეთი დისკრიმინაცია იყო, რომ ვიხსენებ, ახლაც ცუდად ვხდები. დედას დაცვა ხშირად მიწევდა და ბრძოლის უნარი გამომიმუშავდა. ეს თვისება ყრუების შვილებს ბავშვობიდან მოგვყვება.

- დღეს რა მდგომარეობაა? - სად მათი ადრინდელი ცხოვრება და სად - ახლანდელი?! დღეს, უმთავრესად, საწყლად უყურებენ, არადა, მათ შესაცოდი არაფერი სჭირთ, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ყრუთა კავშირმა დიდი შრომა ჩადო იმისთვის, რომ ამ ადამიანების მიმართ მენტალიტეტი შეცვლილიყო. ჩემთვის ქუჩაში რამდენჯერ უკითხავთ, - ვთქვათ, "გამარჯობა" როგორ გამოიხატება ჟესტურად? ბევრს ისე, უბრალოდ აინტერესებს, უნდა, რაღაც ფრაზები იცოდეს, რომ მათთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდეს.

- სკოლის შემდეგ სად სწავლობდით, რა სპეციალობა გაქვთ? - სამედიცინოში ვსწავლობდი. ჩემი სპეციალობა საერთაშორისო მედდა და ბებიაქალია, მაგრამ ამ პროფესიას არ გავყევი.

- ვინ ამზადებს თარჯიმან-დაქტილოლოგებს და სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე თუ არსებობს?

- ამ სფეროში ექსპერტი არის ყრუთა კავშირის პრეზიდენტი, ბატონი ამირან ბატატუნაშვილი, რომელიც ყრუ გახლავთ. მანამდე მხოლოდ მეტყველი ადამიანები იყვნენ ყრუთა კავშირის ხელმძღვანელები. ჩვენ, სპეციალური საბუთის მქონე ანუ ლიცენზირებული თარჯიმნები (ყრუთა კავშირი გასცემს საბუთს) სისტემატურად გავდივართ ტრენინგს და სახელმძღვანელოებიც გვაქვს ქართულად, რომლებსაც ასევე რეგულარულად ვიყენებთ. რაც უნდა კარგად იცოდე ჟესტები, როცა ენას ახალი სიტყვები ემატება, მათი შესწავლაა საჭირო, ამიტომ ხშირად გვიწევს გადამზადება. მე მაგალითად, პარლამენტის სხდომებს პირდაპირ ეთერში ვთარგმნი და ბატონი ამირანი ყოველთვის მიყურებს.

- თუ იცით, რამდენი ყრუა საქართველოში? - ყრუების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ჩვენ - ყრუთა კავშირი ვითვლით მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ჟესტური ენა იცის.

- ე.ი. არის შემთხვევა, როცა ყრუმ ჟესტური ენა არ იცის? - როგორ არა?! ჩვენთან იყო პიროვნება, რომელიც 19 წლის ისე გახდა, ეს ენა არ იცოდა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ბევრია, რაშიც მშობლებს ვადანაშაულებ. ჩვენ ყველას ვაწვდით ინფორმაციას, ვინც მოდის, ვასწავლით, მაგრამ ჟესტების დასამახსოვრებლად აუცილებელია, ჰქონდეთ კომუნიკაცია თავისნაირებთან. ზოგჯერ მშობლები და და-ძმა არიან მეტყველები და ერთი შვილია ყრუ. ხშირად მოუწერია ყრუ ბავშვის დედას ჩემთვის - შვილთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებ და დამეხმარეთო: დედა არ ფლობს ჟესტურ ენას და პრობლემები ექმნება. ამ შემთხვევაში, ვერ ვხსნი მშობლის დამოკიდებულებას. თარჯიმნის დახმარება არ უნდა სჭირდებოდეთ მშობლებს შვილთან საკომუნიკაციოდ.

- ყრუ მეგობრებზე მომიყევით - რაიმე განსხვავებული თვისებები თუ აქვთ? როგორ ერთობით, სად დადიხართ ერთად? - სიმართლე რომ გითხრათ, ყრუებთან უფრო ვმეგობრობ, მათთან კარგად ვგრძნობ თავს. მათი ერთადერთი განმასხვავებელი თვისება ისაა, რომ ყოველთვის თვალებში გიყურებენ. თბილები და ძალზე გულწრფელები არიან, გენდობიან. ვჭორაობთ კიდეც (იღიმის), ერთმანეთის დაბადების დღეებზე დავდივართ, სიმღერებს ჟესტურად ვმღერით. მოკლედ, ჩვეულებრივად ვერთობით.

- ოჯახისთვის დრო თუ გრჩებათ? - 6 შვილის დედა ვარ: უფროსი 19 წლისაა, უმცროსი - 3 წლის. ბავშვების გაზრდაში დედაჩემი და სამი უფროსი შვილი მეხმარებიან. სამი პატარა ბაღში დადის. თითოეულმა მათგანმა იცის ჟესტური ენა და ბებიასთან თავისუფლად "საუბრობენ".

სამების ეზოში მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ყრუებისთვის არის განკუთვნილი. იქ 5 წელზე მეტხანს ვმსახურობდი. ვთარგმნიდი და ვეხმარებოდი დეკანოზ გიორგი კალანდიას, რომელმაც ჟესტური ენა იცის. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ჩემს საქმეს ოჯახზე წინ ვაყენებ. ეს პროფესია სიგიჟემდე მიყვარს.

ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი "გზა"