"ხა­თუ­ნა მძი­მე პა­ცი­ენ­ტია და ფილ­ტვის პრობ­ლე­მა აქვს, მე­ში­ნია..." - რას ამბობს თვითიზოლაციაში მყოფი ზურა ხაჩიძე - კვირის პალიტრა

"ხა­თუ­ნა მძი­მე პა­ცი­ენ­ტია და ფილ­ტვის პრობ­ლე­მა აქვს, მე­ში­ნია..." - რას ამბობს თვითიზოლაციაში მყოფი ზურა ხაჩიძე

COVID-19 - ასე მოიხსენიებენ 21-ე საუკუნის ყველაზე ვერაგ ვირუსს, რომელმაც მსოფლიო გააჩერა და თითოეული ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ზურა ხაჩიძე ახლა ოჯახისგან ცალკე ცხოვრობს, მიზეზი კი მხოლოდ ერთია, რომ ერთი კვირის წინ, სამი დღის მანძილზე, 39 გრადუსი სიცხე ჰქონდა. მეუღლე ონკოპაციენტია, მკურნალობს, ანასტასიაც დედასთან არის.

სანამ ყველა ვადა არ გავა, რომელიც იზოლაციის წესებს მოიცავს, მარტო სახლში, წიგნის კითხვით იქცევს თავს. მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში იმდენად დაკავებული იყო, რომ თითქოს ოჯახს მოსწყდა, ახლა კი საშუალება ექნება, რომ იზოლაციის დამთავრების შემდეგ მეუღლესთან და შვილთან უფრო მეტი დრო გაატაროს.

ზურა ხაჩიძე:

- თვითიზოლაციაში ვარ, საკუთარ სახლში, რადგან სიცხეები მქონდა. იცით, რომ ხათუნაც მძიმე პაციენტია და ფილტვის პრობლემა აქვს, მეშინია... არ მინდა, რომ ჩემგან რამე გადაედოს. ძირითადად კითხვით ვარ დაკავებული. რაც სიცხე მქონდა, მას შემდეგ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ჯანმრთელი აღმოვჩნდე.

- ცუდად როდის იგრძენი თავი?

- ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც მოულოდნელად სიცხე მომცა, 39 გრადუსი, ეს სამ დღეს გაგრძელდა. სასწრაფო რომ გამოვიძახე, მითხრეს, რომ ერთი ფილტვი არ მოსწონდათ. საავამყოფოში წავედი და ფილტვებზე გადამიღეს, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში მაქვს. გაუკვირდათ, რომ სიგარეტს ვეწეოდი, იმდენად კარგი მდგომარეობა მაქვს ფილტვებში. ამ ეტაპზე კოვიდ 19-ზე ტესტის გაკეთება აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ხველა და სუნთქვის გაგრძელება არ მაქვს, მაგრამ ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა ვიყო.

- მოგზაურობის ისტორია თუ გქონიათ ან რომელიმე კლასტერთან ურთიერთობა?

- არა, არავისთან არ მქონია შეხება, სექტემბრის შემდეგ საზღვარგარეთაც არ ვყოფილვარ. ყველანაირად ვიცავ წესებს - პირბადე, ხელების დაბანა, ანტისეპტიკურ საშუალებებს ვიყენებ. სავარაუდოდ, ჩვეულებრივი გაციება იყო, მაგრამ საჭიროა დაკვირვება.

- ნინი და ანასტასია სად არიან?

- ანასტასია ხათუნასთან ერთად არის სახლში. ნინი მოსკოვშია, სანამ ეს კორონავირუსის პროცესი დაიწყებოდა, მანამდე წავიდა თავის საქმეებზე და ჩარჩა. იქაც იზოლაციაშია, საქმეებზე წავიდა და აღმოჩნდა, რომ ზის სახლში. ძალიან უნდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ფრენები არ არის და ძალიან რთულია ახლა მოსკოვიდან აქ მოხვედრა.

- ზურა, ხათუნა ისრაელში დადიოდა სამკურნალოდ. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ხომ არ შეგექმნათ პრობლემა?

- ისრაელში მკურნალობა დავამთავრეთ, 6 ქიმიოთერაპია გაიკეთა და ამ ეტაპზე წამალს იქიდან გვიგზავნიან. ახლა სხვა ეტაპზე გადავედით და ისეთი სიმძიმის ქიმიოთერაპიები აღარ უწევს. 90 პროცენტით დაემორჩილა დაავადება მკურნალობას. ქიმიოთერაპიას მძიმე გვერდითი მოვლენები აქვს და პერიოდულად ხათუნა ცუდად არის, ხანდახან ადგომაც უჭირს, ჭამა. ამჟამად მადლობა ღმერთს, რომ კარგად არის, დგება და საჭმელსაც მიკეთებს და მიგზავნის. დისტანციურად მიდებენ სახლის კართან. (გაგრძელება)