"კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა" - რას წერს ამერიკული გამოცემა საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ დროული რეაგირება განახორციელა" - რას წერს ამერიკული გამოცემა საქართველოზე?

ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.

სტატიაში, სადაც საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში, ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ გადადგმული დროული საპასუხო ნაბიჯების მნიშვნელობას.

"მიუხედავად მცირე ზომის და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება თებერვლის ბოლოდანვე დაიწყო, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა ფართომასშტაბიანი დიაგნოსტიკური ტესტები", - წერს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამ დრომდე კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი არ ჰყავს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსით კორონავირუსით დაინფიცირების 134 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"ინტერპრესნიუსი"