ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლესა და შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლესა და შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლესა და შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთო ჯამში, რუსთავში ინფიცირებულია 4 ადამიანი. მისი თქმით, საეჭვო სიმპტომები აქვს ასევე რუსთავის საკრებულოს წევრის მეუღლესა და შვილებს და მათი ანალიზის პასუხი ცნობილი დღეს გახდება.

"ჩვენი საჯარო მოხელის მეუღლე და ორი ბავშვია გადაყვანილი, მათ დღეს ჩაუტარებათ ანალიზები და ალბათ, დღესვე იქნება შესაბამისი პასუხი მიღებული. როგორც ვიცი, მეუღლეს აქვს სიცხე, შვილებს არ აქვთ სიცხე, მაგრამ მაინც არიან გადაყვანილი და იზოლირებულები.

ამ კონტაქტებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე გუშინ პრაქტიკულად, წრის 90%, სადაც შესაძლო რისკებია და კომუნიკაციების შესაძლებლობები იყო, შესწავლილია. თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან ეს ადამიანები, მათ შორის იყო კომპანია "მაგთის" სერვისის მოთხოვნა, მათგანაც ორი ადამიანი თვითზოლაციაშია, ერთი საკარანტინო სივრცეში. საკარანტინო სივრცეში უკვე გაწერა წავიდა მოსახლეობის და დაახლოებით 50 -დან 60 ადგილამდე გვაქვს შესაძლებლობა.

პოლიციას აქვს მითითებები და მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს. მერიაში და საკრებულოში დეზინფექცია ჩატარებულია. კიდევ რამდენჯერაც დასჭირდება ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამ წუთას რისკი, რომ მერიის ფუნქციონირებას ხელი შეეშალოს ან მერიაში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ რისკი დაავადების გავრცელების, არის ზოგადი რისკი",- განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაინფიცირებულს, რეხვიაშვილის თქმით, ქალს, რომელსაც კორონავირუსი რუსთავში პირველს დაუდასტურდა, კონტაქტები თითქმის არ ჰქონია.