ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს - კვირის პალიტრა

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს

კორონავირუსის გავრცელების გამო სრულიად მსოფლიო აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. ვირუსით გამოწვეულ ინფექციას ამ დრომდე წარმატებით უმკლავდებიან ქართველი მედიკოსები და სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლაში ლომის წილი ლუგარის ლაბორატორიას მიუძღვის.

როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი აშშ-ის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, რომელსაც ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაექვემდებარა. ლუგარის ცენტრის აშენების მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფანტული სახიფათო ბიოლოგიური მასალის სამედიცინო მიზნით გამოყენება იყო. ცენტრი უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ თითქმის ყველა სახის მიკრობს იკვლევენ. სეროლოგიურ ლაბორატორიაში უამრავი დასახელებისა და თვისების ვირუსი და ბაქტერიაა, მიკროორგანიზმების კვლევა კი ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. აქ ასევე თავმოყრილია ბრუცელოზის, ლეპოსპიროზის, ლეიშმანიოზის, ყივანახველას, დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, ასევე ბორელიოზი, დენგეს ცხელების ვირუსი, რომელიც კოღოებით გადადის. პასუხი ცნობილია რამდენიმე საათში. რეგიონში უნიკალურ ბიოუსაფრთხოების კიდევ ერთ, მესამე დონის ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურით კლინიკებიდან შემოსულ ინფექციებს ადგენენ (მაგალითად, ჯილეხს, ყირიმ-კონგოს და სხვ.). ყველა ლაბორატორიაში უარყოფითი წნევაა, რაც გაჟონვას გამორიცხავს, ანუ ჟანგბადი გარედან შეიწოვება, იქმნება სპეციალური "ჰაერის ფარდა" და მისი საშუალებით შექმნილ სივრცეში შიგნით ცირკულირებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს თანამედროვე კლასიფიკაციით მესამე დონის ლაბორატორიამ კორონავირუსის დიაგნოსტირება მოკლე დროში შეძლო, რაც ამ ინფექციის დროულად გამოვლენისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

ვინ იყო რიჩარდ ლუგარი, ვის სახელსაც საქართველოში ცნობილი ლაბორატორია ატარებს?

ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი 1977–2013 წლებში ინდიანას შტატიდან, რესპუბლიკური პარტიის წევრი რიჩარდ გრინ ლუგარი 1932 წლის 4 აპრილს დაიბადა ინდიანაპოლისში. რიჩარდ ლუგარის მშობლებს სამი შვილი ჰყავდათ, მათ შორის  რიჩარდი ყველაზე უფროსი იყო.

მომავალი პოლიტიკოსი მოგონებებში წერდა, რომ მისი მშობლები მარვინ და ბერტა ლუგარები,  ძალიან აქტიურები და შრომისმოყვარეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილად ცხოვრობდნენ, ისინი მაინც ძალიან ბევრს მუშაობდნენ და სწორედ ასე ასწავლეს შვილებს შრომისმოყვარეობა და სხვებზე ზრუნვა.

რიჩარდ ლუგარმა დაამთავრა დენისონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები. 1964–1967 წლებში შედიოდა ინდიანიპოლისის სკოლების საგანგებო რწმუნებულთა საბჭოში. 1968–1976 წლებში იყო ამავე ქალაქის მერი. 1974 წელს ინდიანას შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ 1976 წელს ხელახლა იყარა კენჭი და დაამარცხა დემოკრატი მოწინააღმდეგე. ხელახლა იქნა არჩეული 1982, 1988, 1994, 2000 და 2006 წლებში. სულ 36 წელი იყო სენატორი. იყო არასამთარობო ორგანიზაცია "ლუგარის ცენტრის" პრეზიდენტი. ეს არაკომერციული ორგანიზაცია საკვების უსაფრთხოებაზე, ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციასა და სხვა საკითხებზე მუშაობს. ლუგარი გარდაცვალებამდე ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. იყო ისტორიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. მუშაობდა ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის და სხვ.

სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში მიღებული აქვს 46 საპატიო წოდება; იყო სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ოფიცერი (ლატვია; 12 ოქტომბერი, 2005), თავად იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენისა (უკრაინა; 19 აგვისტო, 2006)[2] და თავისუფლების ორდენის კავალერი (უკრაინა; 22 აგვისტო, 2016)და სხვ.

რაც შეეხება რიჩარდ ლუგარის ოჯახურ იდილიას, იგი  1956 წელს დაქორწინდა. მასა და ჩარლინს სმელტზერს  4 შვილი და 13 შვილიშვილი ჰყავთ.

მისი მეუღლე ჩარლინ სმელტზერ ლუგარი დაიბადა და გაიზარდა დეტროიტში, მიჩიგანში. მან დაამთავრა რედფორდის საშუალო სკოლა და განათლება მიიღო დენინოსისა  და ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი 1977–2013 წლებში ინდიანას შტატიდან, საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი იყო.

რიჩარდ ლუგარი  87 წლის ასაკში 2019 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ლუგარის ლაბორატორია - საქართველოს მთავარი იარაღი