გზა თბილისიდან მილანამდე და პირიქით... - კვირის პალიტრა

გზა თბილისიდან მილანამდე და პირიქით...

ნუკა არეშიძე პირველად რამდენიმე წლის წინ ვნახე - სოფო ჭყონიასთან  Fashion-ბარში. გავიფიქრე, ძალიან ლამაზია-მეთქი. მაშინ სამოდელო სააგენტოს ვაყალიბებდი და ახალ სახეებს და სრულიად თბილისს პროფესიული თვალით ვუყურებდი. შემდეგ ანუკას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ანუკას ჯიჯის ფოტოები ნანახი ჰქონდა და მოსწონდა. ჯიჯიმ მისი პორტფოლიოსთვის ფოტოების გადაღება დაიწყო. ტანდემი - არაჩვეულებრივი და წარმატებული გამოდგა. ანუკას ფოტოები პარიზულ Mademoiselle-ს მოეწონა. ანუკამ, ჯერ კიდევ ხუთი წლისამ იცოდა, რომ პარიზში წავიდოდა. დედაც თანაუგრძნობდა და მოგვიანებით სკოლაში ამის გამო ეხუმრებოდნენ  - "წინ დაჯექიო". ჰოდა, დაჯდა წინ, პირველსავე მერხზე...

გაოცებულია, როცა ხედავს, ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან - მის წასვლამდე თბილისში პოპულარული მოდელები წლების შემდეგ იმავე ეტაპზე დარჩნენ...

ანუკა სულ სწავლობს, სტაილინგის კურსი დაამთავრა. ახლა Fashion-შოუების რეჟისურას სწავლობს. მსოფლიო ტენდენციაც ჩვენებებში შოუს ელემენტების შეტანაა. სანახაობა შთამბეჭდავი ჯობია...

თბილისში სტაილინგის პროფესია არსებობს? ამ პროფესიას დახვეწილი გემოვნება და ზუსტი ცოდნა სჭირდება. სამოდელო ბიზნესში ყველაზე საჭირო პროფესიაა...

ბუბუ... როცა სახლიდან გადის, გული მასთან რჩება. ის ძალიან საყვარელია და ეჭვიანი. დედაზე ეჭვიანობს, მამასაც დედას ეძახის. საოცარია, მაგრამ თვითმფრინავში ცალკე სავარძელში დასვეს, ასაკთან შედარებით გოლიათია.

თბილისი... თბილისი ენატრება, მაგრამ წელიწადში 2-ჯერ ხანგრძლივი ჩამოსვლა ავსებს... კონკურენცია თბილისში სხვანაირად აღიქმება, ნაცვლად შრომისა და პროფესიული გაზრდისა, ერთმანეთს აკრიტიკებენ. მოდის კვირეულები კარგია. იზრდებიან დიზაინერები.

კახი... მასთან შეხვედრის შემთხვევითობაზე ბევრჯერ მოუყოლია... შემთხვევით შეხვდა. ჰონკონგში მიფრინავდა, სოფომ დაურეკა და უთხრა, რომ ჰონკონგის ნაცვლად მილანში უნდა გაფრენილიყო. წავიდა მილანში და დარჩა... კახისთან. მისი ჩაცმულობა თვალში საცემია, კახას სტილს თბილისში ჯერ ვერ დაეწივნენ, მილანში ძალიან გავლენიანია...

ბიჭოლა... ძალიან მოსწონს. ნიჭიერია და უამრავი კარგი იდეა აქვს, მისი აზრით, ბიჭოლას წარმატებული კარიერა ელის. რაღაცები არ მოსწონს და ურჩევს კიდეც. საქმიანი ურთიერთობაც ამიტომ გადაწყვიტა მასთან. ერთმანეთი შეავსეს, ბევრი იმუშავეს ერთად, იკამათეს კიდეც და რაც მთავარია, მიიღეს ერთობლივი მუშაობის მშვენიერი შედეგი.

BICHOLLA by ANOUKI - მოსაწვევი ანუკას დიზაინით შეიქმნა და მე სახსოვრად შევინახავ. ძალიან ლამაზია.

როდესაც ბიჭოლას ანუკასა და კახიზე ვკითხე, გულწრფელი აღფრთოვანებით მომიყვა, რომ უბედნიერესი დღეები გაატარა მილანში და პირისპირ ნახა ნატაშა პოლი, ნაომი და უამრავი სუპერპოპულარული ადამიანი კახის კაფეში და რომ "არმანის" ჩვენებაზე ბიჭოლა სპეციალურად დაპატიჟეს.

ანუკას ჩაცმის სტილი... ძალიან გემოვნებიანი. შეუძლია ბოლო კოლექციის შარვალი შეუხამოს ვინტაჟურ პიჯაკს და ნაკლებად ცნობილი დიზაინერების სვიტერს. ამაში პროფესიაც და გემოვნებაც ეხმარება...

ჩანთა კი, რა თქმა უნდა, Hermes-ი.

სუნამო... ლიმიტირებული შანელის Beige.

ანუკა არეშიძე... ვაკვირდები და იმაზე მეტად მომწონს, ვიდრე წლების წინ...

ჟურნალ "ბომონდის" პირველ პრიალა ნომერში მისი ფოტოები მახსენდება.

ახლა კი... ახლა 21-ე საუკუნის ნულიანი წლები დასრულდა... და 2011 წლის პირველი ნომრის ქავერისთვის ანუკა არეშიძე პოზირებს.

თეა აგლაძე

ჟურნალი "ბომონდი"#1