"ვამაყობ, რომ თოვლის პაპა ვარ და არა სანტა კლაუსი" - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ თოვლის პაპა ვარ და არა სანტა კლაუსი"

"თოვლის პაპა გამოძახებით" - ეს სიტყვები 21-ე საუკუნის საქართველოში აღარავის აკვირვებს. თბილისში რამდენიმე ფირმა მუშაობს, რომლებსაც შეიძლება მიმართოთ და თქვენს პატარებს შობა-ახალი წლის დღეები გაულამაზოთ. თოვლის პაპას ხომ სიხარული და უამრავი საჩუქარი მოაქვს პატარებისთვის. დღეს ერთ-ერთი პაპა უნდა გაგაცნოთ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი როლი

ვაჟა ციცილოშვილი გახლავართ. 31 წელია ახმეტელის თეატრის მსახიობი ვარ. ყველანაირი როლი მითამაშია - სახასიათოც, დრამატულიც... დღევანდელი მსახიობები არც ისე განებივრებულები ვართ როლებით და თანაც მსახიობი იმის მსახიობია, რომ ნებისმიერი როლის შესრულება შეძლოს. მიმაჩნია, რომ თოვლის პაპის როლი ყველაზე საპასუხისმგებლოა. რამდენიმე საბავშვო სპექტაკლშიც მითამაშია და ისეთი ალალი, ლაღი მაყურებელი, როგორიც ბავშვია, ჯერ არ მინახავს, უშველებელი თვალებით შემოგცქერიან და შენგან მხოლოდ სიკეთეს ელიან.

KvirisPalitra.Geროგორ გავხდი "პროფესიონალი" თოვლის პაპა

მახსოვს, თეატრში საახალწლო სპექტაკლი გვქონდა და პირველად მაშინ მოვირგე თოვლის პაპის კოსტიუმი, მერე ახლობლის ოჯახში მივედი, ჩემს შვილიშვილებს და მეზობლებსაც მივულოცე, მერე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დამიძახეს და ასე, ნელ-ნელა გავხდი თოვლის ბაბუა გამოძახებით. ახლა უკვე "სტაჟიანი" თოვლის პაპა ვარ. ამ ხნის განმავლობაში თავს უამრავი კურიოზი გადამხდენია. არასოდეს დამავიწყდება ერთი შემთხვევა: ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ზეიმი გაიმართა. მეც მიწვეული ვიყავი. ისე მოხდა, რომ ოთახში, სადაც თოვლის პაპას კოსტიუმს ვირგებდი, რომელიღაც ბავშვის ტანსაცმელი იდო და უეცრად შემომისწრო. ერთი იმის თვალები გენახათ, ოთახიდან გაოცებული გავარდა, თან გაჰყვიროდა: ეს ნამდვილი თოვლი პაპა არ არის, გვატყუებენ, ბავშვებოო. უფრო შემეცნებითი და აღმზრდელობითი ხასიათის საუბარი მაქვს ხოლმე ბავშვებთან, სხვადასხვანაირი თამაშები მაქვს მოფიქრებული, რომ ბავშვები სისწრაფესა და მოხერხებულობაში შევაჯიბრო ერთმანეთს. ერთხელ ასეთი გამოცანა ვუთხარი - პატარა და უი, უი - რა არის-მეთქი… ამ გამოცანის პასუხი იყო "ეკალი", მაგრამ ვერავინ გამოიცნო და ერთმა, სულ პატარამ წამოიძახა - ეს ხომ ხელფასიაო? ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ჟრიამული ატყდა. ერთ ოჯახში 1 იანვარს მომიწია მისვლამ, ახლაც არ მავიწყდება როგორ გაიძახოდა მასპინძლის ბიჭუნა: მამა, თოვლის პაპა მოვიდა და საჩუქრები მომიტანა, მთელი წელი რომ ვნატრობდი, ის სურვილი ამისრულაო. მოდიან, ხელით მეხებიან, ძნელია სიტყვით აგიხსნათ და დაგიხატოთ ბავშვების დამოკიდებულება თოვლის პაპის მიმართ.

თოვლის პაპა თუ სანტა-კლაუსი?

ტრადიციული, ქართველი თოვლის პაპა ვარ - ჩოხა-ახალუხსა და ნაბადში გამოწყობილი. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფესვია, ჩვენი ტრადიციაა, რომელიც შორეული წარსულიდან მოდის და თუ ამ ფესვს მოვწყდით, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავა. ვამაყობ, რომ თოვლის პაპა ვარ და არა სანტა კლაუსი. თოვლის ბაბუას პირველ რიგში ბავშვები უნდა უყვარდეს, მე თვითონ ორი შვილიშვილი მყავს და საოცარი განცდა მეუფლება ბავშვებთან ურთიერთობისას. ალბათ მსახიობი რომ არ გამოვსულიყავი, აუცილებლად პედაგოგი გავხდებოდი.

სევდიანი თოვლის პაპა

ჩემი სოფელი, ვანათი, სამაჩაბლოში, პატარა ლიახვის ხეობაში იყო... ყველაფერი დავკარგეთ, გადამწვარი და გადაბუგულია იქაურობა. ერთადერთი, რაც აგვისტოს ომის დროს მოვახერხე, დედაჩემი გამოვიყვანე იქიდან. ჩემს ოჯახს ეს უბედურება უკვე მეორედ შეეხო - 1991 წელს და 2008 წლის ზაფხულში. დღესაც სიზმარში ვხედავ იქაურობას, მამის საფლავიც იქ დამრჩა… არ ვიცი, როგორ გადავიტანეთ ეს ტრაგედია! დედაჩემი რვა თვის განმავლობაში გაყინული თვალებით გვიცქერდა. ჩვენს სახლთან ახლოს ჩამოვარდა ბომბი, რის გამოც სმენა პრაქტიკულად დაკარგა. მშიშარა კაცი არ ვარ, მინადირია, მთებშიც მიხეტიალია, მაგრამ სიჩუმის შიში პირველად სწორედ ჩემს სოფელში ვიგრძენი. 9 აგვისტოს, იქ რომ შევედი, გორი იბომბებოდა, ჩვენი ჯარი უკვე გამოსული იყო, ხოლო რუსები ჯერ კიდევ არ შემოსულიყვნენ. სოფელში კაცის ჭაჭანება არ იყო. აი, მაშინ შემეშინდა პირველად სიჩუმისა. დედაჩემი და რამდენიმე მეზობელი ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე. ვიცი, რომ იქაურობა გაძარცვეს, ყველაფერი გაიტანეს და ჩვენი სახლი სხვებთან ერთად გადაწვეს.

რას ვუსურვებდი საქართველოს?

ჩემს ქვეყანას პირველ რიგში გამარჯვებულ მშვიდობას ვუსურვებ. ხშირად სადღეგრძელოშიც მითქვამს - გამარჯვებული მშვიდობა აღირსე ღმერთო საქართველოსა და ქართველებს-მეთქი. თავის მოტყუება, თითქოს გავიმარჯვეთ, დანაშაულის ტოლფასია. როგორც ჩემს ოჯახს, ისე დავლოცავ ყველა ქართველის ოჯახს, ყველას, ვისაც გულით უყვარს საქართველო. დავლოცავ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. როგორც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი იტყვის - ღმერთო, ყველა მოგვასწარი გაბრწყინებულ საქართველოს, ამგვარ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენც და ჩვენს შვილებსაც!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)