"პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი, ვის გადავდე - მეუღლეს, შვილებს თუ..." - რას ყვება ამირან გამყრელიძის შვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - კვირის პალიტრა

"პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი, ვის გადავდე - მეუღლეს, შვილებს თუ..." - რას ყვება ამირან გამყრელიძის შვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მმართველი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. მან "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ვირუსის სიმპტომებზე და კლინიკაში გატარებულ პერიოდზე.

"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გვეშინია, მითუმტეს, დაავადების, მაგრამ ამ დაავადებაზე, ალბათ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა, ამიტომ ჩემი შიშები ცოტა უფრო სხვა კუთხით იყო. რა თქმა უნდა, ვის გადავდე, პირველ რიგში, მაგას ვფიქრობდი - ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს თუ ჩემს რომელიმე მეგობარს ან რომელიმე თანამშრომელს.

საბედნიეროდ, მე საიდანაც გადამედო, იმ კლასტერის ჯაჭვის გაწყვეტა მოვახერხეთ ოპერატიული იზოლაციებით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თვითიზოლაცია და დისციპლინა როგორ შველის, იმიტომ, რომ ეს კლასტერი რეალურად რომ არ გაგვეწყვიტა, შეიძლება ძალიან დიდი ყოფილიყო, რამოდენიმე ასეული ადამიანიც,".

როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე აღნიშნავს, მას იქ ყოფნის სტრესი მომუშავე პერსონალმა ძალიან შეუმსუბუქა.

"ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ამ დროს. ბოქსირებული პალატა არის ინფექციური ბოქსი, რომელიც არის ჩაკეტილი, დაახლოებით, 10კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ ასე, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა. ვერც ვერავინ ვერ შემოდის იქ, გარდა ძალიან გულისხმიერი და ძალიან კარგი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისა, რომლებიც სავალდებულოდ აღჭურვილნი არიან დაცვის საშუალებებით. ეს ოთახი არის, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის. ეს არის პატარა სივრცე, რომელშიც მომიწია 26 დღე ყოფნა. მაგრამ ეს ყოფნა და სტრესი ძალიან შემიმსუბუქა იქ მყოფმა ხალხმა.

ვისაც ვირუსი აქვს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვირუსი ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის, ამიტომ ამ ვირუსის ძალიან ნუ შეგვეშინდება. მე ვმუშაობ იმ ორგანიზაციაში, სადაც 4000 ექიმი, 4000 ექთანი და დაახლოებით, 4000 ფარმაცევტი მუშაობს. ამ პროფესიის მიმართ განსაკუთრებული პატვისცემა მაქვს, მაგრამ იქ რაც დავინახე, კიდევ სხვა იყო, პაციენტის მხრიდან პირველად შევხედე ყველაფერს და ძალიან საინტერესო დაკვირვება გამოვიდა. სამედიცინო პერსონალი, ექიმებიც ადამიანები არიან და ყველას ჩვენ-ჩვენი შიშები გვაქვს. ერთი წამი არ მიგრძვნია მათ თვალებში ეს შიში რომ არსებობდა, თუნდაც, როცა ჩემთან შემოდიოდნენ, მხოლოდ შემართებას ვგრძნობდი, ეს ძალიან გამამხნევებელი იყო. მინდა, ყველა დაინფიცირებულს ვუთხრა, რომ დღეს ექიმები მართლა ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობისთვის. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუს გააკეთებენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალდებულებაა, კანონს დავემორჩილოთ და კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, არ შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ. ჩემი შემთხვევა ამის მაგალითია. ძალიან მარტივად შეიძლება მოკლათ ადამიანი, ეს დაუშვებელია ხომ?" - განაცხადა გამყრელიძემ.

ინტერვიუში ნიკოლოზ გამყრელიძემ იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რაც მას დაავადების პერიოდში აღენიშნებოდა.

"მე მქონდა დაბალი სიცხე. მაქსიმუმ 37.5-მდე და მქონდა მშრალი ხველა პირველი დაახლოებით 1 კვირა. შემდგომ მცირე პნევმონიაც დამიდგინდა ერთ ფილტვზე, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებდა. ხშირად კორონავირუსს აქვს ჩვეულებრივ გრიპზე ნაკლები სიმპტომატიკა. შეიძლება სრულიად ასიმპტომურიც იყოს. 2 კვირის მერე მე კვლავ დადებითი ვიყავი ვირუსზე, მაგრამ სრულიად ასიმპტომური ვიყავი - არც სიცხე მქონდა, არც ხველა და არაფერი. მძიმე გრიპის შემთხვევაში ხშირად უფრო მეტი სიმპტომი გვაქვს ისეთი, როგორიც არის სურდო, ყელის ტკივილი და ა.შ. რაც მე არ მქონია," - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: "წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო"

იხილეთ ვიდეო