ზურა მანჯავიძე: "ვიდრე კარანტინში ვიქნებით, ონლაინში უნდა მოვილხინოთ" - კვირის პალიტრა

ზურა მანჯავიძე: "ვიდრე კარანტინში ვიქნებით, ონლაინში უნდა მოვილხინოთ"

"ეს გამოცდაა ჩვენთვის და ვნახოთ, ვინ როგორ ჩავაბარებთ... სხვათა შორის, კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, მანამდეც არცთუ ისე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით რომ სარგებლობდნენ ხალხში. მათ კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს თავი, კვლავაც ფორმაში არიან და ხან რას მოიმოქმედებენ, ხან რას..."

ზურა მანჯავიძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაშია და ცდილობს, ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოს - თან ახალი სიმღერები შემოგვთავაზოს და თან მსმენელების გუნება-განწყობილებაც აამაღლოს. მის სახალისო სიმღერას კორონავირუსზე სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება და ნახვა აქვს.

- პანიკაში არ ვარ, თუმცა, კარგად გავიაზრე საშიშროება და ვფრთხილობ. ვფიქრობ, ეს გამოცდაა ჩვენთვის და ვნახოთ, ვინ როგორ ჩავაბარებთ. თუ ადამიანური სახე არ დავკარგეთ და ერთმანეთის თანადგომის სურვილი შევინარჩუნეთ, ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. სხვათა შორის, კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, მანამდეც არცთუ ისე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით რომ სარგებლობდნენ ხალხში. მათ კიდევ ერთხელ გამოააშკარავეს თავი, კვლავაც ფორმაში არიან და ხან რას მოიმოქმედებენ, ხან რას.

- ბევრი ფიქრობს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესები.

- რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს ღირსეულად გადაიტანს, ის უფრო ძლიერი იქნება და უფრო მომზადებულიც სხვა ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.

- ვისთან ერთად ხართ თვითიზოლაციაში და რას აკეთებთ იმისთვის, ძალიან რომ არ მოიწყინოთ?

- ჩემი უფროსი ვაჟია ცალკე თავის მეუღლესთან ერთად, დანარჩენები ყველა ერთად ვართ. ჯერჯერობით ძალიან არ მოგვიწყენია, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს. ბავშვებს უფრო უჭირთ უმოძრაობა, ბიჭები არიან, თან თინეიჯერობის ასაკში და გარეთ გასვლა, ეზოში თამაში უნდათ, თუმცა, ისიც კარგად იციან, რომ დაუშვებელია.

- ზოგი მიიჩნევს, რომ კარანტინის წესების დამრღვევებისთვის ჯარიმა მიზანშეწონილია, ზოგს კი ეცოდება დაჯარიმებულები. - სხვანაირად არ ესმით და რა უნდა ქნას სახელმწიფომ, ჯარიმის გარდა სხვა რა მექანიზმი არსებობს? სახეში ხომ არ გაულაწუნებენ დასჯის მიზნით ან ხომ არ გაამათრახებენ? საფრთხეში იგდებენ თავსაც და მთელ ქვეყანასაც. ხალხი ციხეში ზის წლობით და იქ ძლებს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ციხეებში ხომ არ ვსხედვართ? თუ მოინდომებ, საინტერესოს ყველგან იპოვი. მე წიგნის კითხვის დრო მომეცა, სხვა გასართობსაც მივაგენი - საკუთარ თავსაც ვშველი და სხვებსაც კარგ გუნებაზე ვაყენებ.

- ალბათ, იმ სახალისო სიმღერას გულისხმობთ, კორონავირუსს რომ მიუძღვენით და ამით ყველას შინ დარჩენისკენ მოუწოდეთ? - სწორედ მაგ სიმღერას ვგულისხმობ. ასე, ღიმილითა და სიმღერით შევაპარე და მოვუწოდე ყველას შინ დარჩენისკენ. ტექსტის დასაწყისი უცებ მოვიფიქრე: "ქუჩა-ქუჩა რომ დადიხარ, კარგად იფიქრე,/ საქეიფოდ არ წახვიდე, გადაიფიქრე./ ვიცი, უკვე მოგენატრა ყანწის ტრიალი,/ გაგიჭირდა ეს ცხოვრება ოხერ-ტიალი"… მეგობრებმაც და სხვებმაც, იმდენმა მომწერა, კარგია და კიდევ გააგრძელეო, რომ სტიმული მომეცა. ვიდეოს უამრავი ნახვა და გაზიარება აქვს პოზიტიური კომენტარებით. ვნახოთ, იდეები მაქვს და თუ ამაზე უკეთესი გამომივიდა, იმასაც შემოგთავაზებთ. ვიდრე კარანტინში ვიქნებით, ონლაინში უნდა მოვილხინოთ, სხვა რა გზა გვაქვს?

- ჰოდა, თქვენს მიპატიჟებას ონლაინში მოსალხენად სტრასბურგში მყოფი ქართველების გამოხმაურებაც მოჰყვა - გუნდ "სადარისის" წევრებთან ერთადაც კი იმღერეთ, ოღონდ - ონლაინ. - კი, ასე მოხდა და დიდი მადლობა იქ მყოფ ქართველებს, რომლებიც, ასევე კარანტინში არიან და მაინც ახერხებენ, შეინარჩუნონ სიხალისე. სიმღერა ხმებში გავშალეთ და ძალიან კარგი გამოვიდა...

- ამ სიმღერით ახალგაზრდებს ისიც მოუწოდეთ, ქვეყნის დემოგრაფიას მიხედეთო. - მოვუწოდე და კარგი იქნება, თუ დამიჯერებენ, მათ შორის, ჩემს შვილებსაც ვგულისხმობ. ჩინელებმა მაინცდამაინც ეს უვარგისი ვირუსი რომ შემოგვიტანეს, რამე გამრავლების ვირუსი დაეძალებინათ ჩვენთვის, არ სჯობდა?

- ყველაზე მეტად რა გიჭირთ და რა გენატრებათ თვითიზოლაციის პირობებში? - ყველაფერი მენატრება, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად მეგობრული თავყრილობები,მოძრაობა, საქმე... ბევრი კონცერტი და გასტროლი ჩამეშალა - საფრანგეთში, დანიაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, აქაურ გეგმებზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სულ მოძრაობაში ვიყავი...

- როდესაც ყველაფერი მშვიდობით დასრულდება, პირველ რას გააკეთებთ? - ოოო, ისეთი ქეიფები მელოდებ... სია მაქვს ჩამოწერილი, სად ორდღიანი იქნება, სად სამდღიანი და სად გასვლითი. მანამდე კი ყველას ვურჩევ, დეპრესიაში არ ვიყოთ. მართლა არაფერია კატასტროფული იმაში, რომ გარკვეული დრო სახლში გავატაროთ და თვითგანვითარებაზე ვიზრუნოთ - ზოგმა წაიკითხოს, ზოგმა დაკვრა ისწავლოს, ზოგმა - უცხო ენა... ამასობაში დროც გავა, მთავარია, არ დაგვავიწყდეს და გავითვალისწინოთ, რომ "თუკი სუყველა სახლში დავრჩებით, შენც გადარჩები, მეც გადავრჩები".

ნინო ჯავახიშვილი