"შეიძლება შენ არ გეშინია, მაგრამ უამრავ ადამიანს მომაკვდინებელ სენს რომ გადასდებ, ეს ჩვეულებრივი დანაშაულია" - კვირის პალიტრა

"შეიძლება შენ არ გეშინია, მაგრამ უამრავ ადამიანს მომაკვდინებელ სენს რომ გადასდებ, ეს ჩვეულებრივი დანაშაულია"

"ძალიან ბევრი ვიცი, ადრეც მთელი დღე ტახტზე იწვა და გარეთ არ გადიოდა, ახლა კი წუწუნებს, სახლში ჩავიკეტეო"

შინ, თავის მყუდრო სახლში ყოფნა მისთვის ფუფუნებაა, ამიტომ კორონავირუსის გამო შეცვლილ დღის რეჟიმს იოლად შეეგუა. "არავინ იცის, ეს ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი, თუ ღვთის წყრომაა, ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ ქართველ ექიმებს და მათი რეკომენდაციები დავიცვათ" - ამბობს მსახიობი ეკა ჩხეიძე.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ?

- რაც ეს საშიშროება რეალური გახდა, არც ჩემი ნათესავები მინახავს და არც - სამეგობრო. იმიტომ კი არა, რომ სურვილი არ მაქვს, უბრალოდ, არც იმათ ვაყენებ უხერხულ მდგომარეობაში და ჩემს თავსაც ვიცავ. ძალიან მაკვირვებს ის ხალხი, არ მეშინიაო, რომ ამტკიცებს და მეგობრებთან მისვლა-მოსვლას არ წყვეტს. მეგობარი ყველას გვყავს და სტუმრად სიარულიც ყველას მოგვწონს. მეც ძალიან მინდა ამ რეჟიმში ცხოვრება არ მიწევდეს და რეპეტიციებზე დავდიოდე, მაგრამ ყველაფერს შევეგუე. დედამიწა გაჩერდა და ჩვენ ვინ ვართ, რომ წესებს არ დავემორჩილოთ?

- გეშინიათ ამ ვერაგი ვირუსისა? - იცით, ნამდვილი შიში რა არის? - 90-იან წლებში ქუჩაში გასვლისა რომ გვეშინოდა, ირგვლივ ტყვიები ზუზუნებდა და მე, პატარა ბავშვით ხელში, ამ ტყვიებს გავურბოდი, როცა ყველას იარაღი ჰქონდა, ან - როცა ჩვენს გზებზე რუსის ტანკები დარბოდნენ... ახლა კი, ეს ვერაგი სენი რომ დავამარცხოთ, ცოტა ხნით იზოლაციას უნდა შევეგუოთ - ეს თავის დაცვის ყველაზე მარტივი მეთოდია. ჩემი ქალიშვილი მილანში ცხოვრობს, რახანია უკვე სახლშია და გარეთ არ გამოდის. ადრე იტალიელებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ სახლებში ჩაიკეტებოდნენ და სამწუხარო შედეგიც მიიღეს: დღეში ასეულობით ადამიანს ისტუმრებენ იმქვეყნად. ფრთხილად უნდა ვიყოთ თუნდაც იმიტომ, რომ ვირუსი ოჯახის წევრებს არ გადავდოთ და პატივი ვცეთ თუნდაც ჩვენს მშობლებს, რადგან ეს ვირუსი ასაკოვან ხალხს უფრო რთულად გადააქვს. ექიმის რჩევის დაჯერება - ეს ელემენტარული კულტურაა, ან ისეთს რას გვთხოვენ? - ხალხმრავლობას უნდა ვერიდოთ. თეატრიც ამიტომ გაჩერდა, რადგან ისიც თავშეყრის ადგილია... შეიძლება შენ არ გეშინია, მაგრამ უამრავ ადამიანს მომაკვდინებელ სენს რომ გადასდებ, ეს ჩვეულებრივი დანაშაულია. დღეს არავის გარანტია არა აქვს, რომ ეს ვერაგი ვირუსი არ დაემართება. ის მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა და როგორმე ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ეს კი, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული: თუ სწორად მოვიქცევით, ეს მაგიური ჯაჭვი მართლაც გაწყდება.

ასაკოვან ადამიანებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? როცა მოხუცი მშობლები გყავს და მეგობრებთან ბოდიალის გამო მათ საფრთხეში ჩააგდებ, ეს დაუფიქრებლობა საკუთარ თავს როგორ უნდა აპატიო? მით უმეტეს, შეიძლება 2 კვირა ისე იარო, რომ არც იცოდე, რა გჭირს, უამრავი ადამიანი დააინფიცირო და საფრთხეში ჩააგდო.

- ფაქტია, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს სახლში ჩაკეტვა ძალიან გაუჭირდა. - სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები საკუთარ სახლში ყოფნა რატომ არის ასეთი ტრაგედია. მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს ახლობლებთან, თანაც, სხვა დროს შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობთ, რადგან არ გვცალია. თუ ამ მარტივი მეთოდით გვეშველება და ჩვენი შინ ყოფნით საშიშროების გავრცელებას ხელს შევუშლით, რა გვტანჯავს? - ხელების ხშირი დაბანა? რატომ გვიჭირს ახლობლებთან ერთად სახლში ყოფნა, არ მესმის!

- ონლაინგაკვეთილებზე და დისტანციურ სწავლებაზე რა აზრისა ხართ?

- ძალიან მომწონს. ვისაც სწავლა უნდა, ამ გზითაც ისწავლის... არ შეიძლება ყველაფერში მარტო ცუდი დავინახოთ და ყველაფრისგან ტრაგედია შევქმნათ. ექიმი გვეხვეწება, ეს საშინელება რომ არ გაავრცელოთ, სახლში იჯექითო, ჩვენ კი - არ ვუჯერებთ. ძალიან ბევრი ვიცი, ადრეც მთელი დღე ტახტზე იწვა და გარეთ არ გადიოდა, ახლა კი წუწუნებს, სახლში ჩავიკეტეო...

- და ბოლოს, რა გეგმები ჩაგიშალათ კორონავირუსმა? თუ საიდუმლო არ არის, რა პრემიერა უნდა ყოფილიყო?

- ეს არის უაღრესად საინტერესო სპექტაკლი, რომელსაც თემურ ჩხეიძე დგამს. აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში პრემიერა უნდა გვქონოდა, მაგრამ ამ მოვლნების გამო გადაიდო. არ მინდა წინასწარ ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცით სიტუაცია როგორ წავა. თუ ეს პანდემია გაგრძელდება, პრემიერის გადადება ალბათ მომავალი სეზონისთვის მოგვიწევს. ცუდია, რომ შევფერხდით, მაგრამ ამ სიტუაციამ ყველაფერი სხვაგვარად დაგვანახა: იქნებ მომავალში უფრო დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების თითოეული დღე და ერთმანეთი უფრო მეტად შევიყვაროთ.

იხილეთ ასევე: "ამ ვირუსით სიკვდილიანობა სეზონური გრიპით სიკვდილიანობის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება"

ხათუნა ჩიგოგიძე