"ამდენი ცოდვის სახლი დაიკეტა ამ დღეებში - რამდენი კაზინო, გარყვნილების დაწესებულებები... რამდენი აბორტი აღარ გაკეთდა, რამდენი რამ შეჩერდა..." - კვირის პალიტრა

"ამდენი ცოდვის სახლი დაიკეტა ამ დღეებში - რამდენი კაზინო, გარყვნილების დაწესებულებები... რამდენი აბორტი აღარ გაკეთდა, რამდენი რამ შეჩერდა..."

"ამ კრიზისმა მსოფლიოს, ნებისმიერ ერს დაანახა, რომ არასწორად ცხოვრობს"

"საამაყო ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას ამ უხილავი სენის დასამარცხებლად, არ უშინდებიან დაინფიცირებას, თავგანწირვით ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მაგრამ მავანნი, მაპატიეთ და, "ბელუქსის" ძროხებივით საკუთარ დივანზე წამოწოლილნი, ვერ ისვენებენ და ვერ იტანენ ქვეყანაში ვინმეს ღვაწლს, პოზიტიურ იმიჯს და ცდილობენ კვლავაც ინტრიგების ჩაგდებას, წყლის ამღვრევას, ისედაც დაბნეული, დასტრესილი ხალხის ფსიქიკაზე კიდევ ნეგატიურ გავლენას და ამ ადამიანების იმიჯის შელახვას, მათ მიმართ ტალახის ცხებას. შორს, თქვენი ბინძური საცეცები, ინტრიგანული განცხადებები, ამ ადამიანების ბინძურ პოლიტიკაში შეთრევის და ჩირქის ცხების მცდელობა! ხელები შორს, როგორც ამ ადამიანების, ისევე ხალხის 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მომსახურე ყოველი ადამიანის მიმართ! ასეთ კრიზისულ სიტუაციებში ხალხი ასმაგად უფრო ხედავს და გრძნობს, სად შავია და სად თეთრი!" - ეს პოსტი ცნობილმა მომღერალმა თამარ ივერმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. "კვირის პალიტრა" მას თბილისში დაუკავშირდა.

- ამჟამად თბილისში ვარ ბავშვებთან ერთად. აქ შევიყვანე საბავშვო ბაღში, სრულფასოვან ქართველებად რომ გაიზარდონ. ბავშვებს ბაღი შეუწყდათ, უფროსებს - ჩვენ-ჩვენი საქმიანობები, ამიტომ ყველანი შინ ვართ და სხვებსაც მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში. იმედია, ამ საშინელ კრიზისს - პროფესიულს, პიროვნულს, სულიერს, ყველანი გადავლახავთ, მაგრამ ფაქტია, რომ დედამიწაზე არაფერი ხდება ისე.

ამ კრიზისმა მსოფლიოს, ნებისმიერ ერს დაანახა, რომ არასწორად ცხოვრობს. დიდი პოლიტიკოსების გამოთქმაა, ომი და კრიზისი ერს წმენდს და შეაჯანჯღარებსო. მეც ვხედავ, რომ ადამიანებმა თითქოს გაიაზრეს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ. ზოგმა ახლა შეამჩნია დედის პირველი ჭაღარა, შვილი უკეთ გაიცნო, მანამდე დილით გარბოდა და შინ საღამოს მიდიოდა. ახლა მთელი ქვეყანა რომ სახლში დაჯდა და მსოფლიო გაჩერდა, ერთმანეთი თითქოს თავიდან გაიცნეს.

სხვათა შორის, მეც კომუნიზმის შვილი ვარ. შუქი რომ გაითიშებოდა, ხალხი ჯდებოდა ერთ მაგიდასთან, ერთმანეთს ესიყვარულებოდა, ერთმანეთისთვის იცლიდა.

- ალბათ, სწორედ ამიტომ ვიხსენებთ ბნელ და მშიერ 90-იანებს ასე ტკბილად. - ვიღაცამ დაწერა ხუმრობით, მაშინ რამდენი ბედნიერება გვქონდა - გასტრონომში შაქარს მოიტანდნენ, ბედნიერი ვიყავით, შუქი მოვიდოდა - გვიხაროდა, წყლის მოსვლა გვაბედნიერებდაო... რაც მოხდა, საშინელებაა, მაგრამ კარგი იქნება, თუ დასკვნებს გამოვიტანთ, რომ ცხოვრებაში ძვირფასი საათები, მანქანები და სახლები კი არა, მთავარია ჯანმრთელობა, ერთმანეთზე ფიქრი, ერთმანეთის გახარება, ჭირში გატანაა... თუნდაც ის რად ღირს, რომ ამდენი ცოდვის სახლი დაიკეტა ამ დღეებში - რამდენი კაზინო, გარყვნილების დაწესებულებები... რამდენი აბორტი აღარ გაკეთდა, რამდენი რამ შეჩერდა ამ პანდემიის დროს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ წუთი გაჩერდა. კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი ჩინმედლები არ იცის პანდემიამ. როდესაც თვითმფრინავი ვარდება, პირველი კლასისა და ეკონომკლასის მგზავრები ერთსა და იმავე პირობებში აღმოჩნდებიან.

- მწვავე სტატუსი გქონდათ მავანის მისამართით, ჩვენს ექიმებზე. - სწორედ!.. მინდა "კვირის პალიტრის" საშუალებით ქედი მოვიხარო ჩვენი ექიმების წინაშე. უცხოეთში მქონია ასეთი მომენტები. მივსულვარ ექიმთან, "ვინ არის შემდეგიო", ასე მივუღივარ, თბილისში კი ექიმი ოჯახის წევრივით გხვდება, გულისყურით. იქაური ექიმისთვის ყოველი პაციენტი არის "ვინ არის შემდეგი", თან წუთებს გითვლის. ძლიერი ინფექციონისტები გვყავს.

აფზახეთს რომ გაუჭირდეს, თავისი რესურსებით ვერ შეებრძოლებაო, დარდობენ. ქართველი ექიმები, საზოგადოება ყოველ დაავადებულს მოეფერება, ისევე უწამლებს და იზრუნებს მასზე, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს, გამოაჯანმრთელებს როგორც საკუთარს.