არქიმანდრიტი იოანე: "ჩვენი თორმეტივე დაავადებული ქალბატონია, ყველა მოხუცთან მუშაობდა­ და ყველას მათგან გადაედო ვირუსი" - კვირის პალიტრა

არქიმანდრიტი იოანე: "ჩვენი თორმეტივე დაავადებული ქალბატონია, ყველა მოხუცთან მუშაობდა­ და ყველას მათგან გადაედო ვირუსი"

"დღეს ძალიან დიდი განსაცდელი გვიდგას. ამ განსაცდელში ვიგრძენით ჩვენ ერთმანეთის ძალა და იმედი მაქვს, როცა გაივლის, ასეთებად დავრჩებით"

იტალიაში, სადაც დღეს უამრავი ქართველი ცხოვრობს, ისევ რთული ვითარებაა. კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება. ბუნებრივია, იქ მცხოვრებ ქართველებზე ღელავენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. მართალია, ყველა იზოლაციაშია და ქვეყანა კარანტინის რეჟიმით ცხოვრობს, მაგრამ დაავადების შანსი მაინც დიდია. კორონავირუსი 12 ქართველს დაუდასტურდა. ოთხი საავადმყოფოშია, სხვები - თვითიზოლაციაში. თითოეულის ჯანმრთელობას ყოველდღე კითხულობს რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია). მამა იოანე ქართველების დიდი ნუგეშია.

მისი ამაღელვებელი ვიდეო, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა, ადასტურებს, როგორ უდგას გვერდით ემიგრანტებს. მამა იოანე მოუწოდებდა ქართველებს, შინ დარჩენილიყვნენ და თვითონ მოემსახურებოდა, პროდუქტსა და სხვა ნივთებს მიუტანდა. ასეც იქცეოდა, სანამ მასაც არ აეკრძალა ქუჩაში სიარული, თუმცა მაინც ახერხებს უმუშევრად დარჩენილი ქართველების დახმარებას. სოციალური ქსელი სავსეა მადლიერების წერილებით. მართალია, მრევლს ტაძარში მისვლა ეკრძალება, მაგრამ მორწმუნეებს მოძღვრის ლოცვების მოსმენა "ფეისბუკით" შეუძლიათ. მამა იოანეს ყოველდღიურად 300-ზე მეტი ადამიანი უსმენს და სულიერად მშვიდდება.

იტალიაში შექმნილ ვითარებასა და იქ მცხოვრებ ქართველებზე არქიმანდრიტი იოანე ხელაია გვესაუბრება.

- მამა იოანე, იტალიაში როგორი რეჟიმით გიწევთ ცხოვრება და როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა ეს ქვეყანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში?

- ძალიან გამკაცრებულია კარანტინის რეჟიმი. მოგეხსენებათ, თავის დროზე იტალიის მოსახლეობამ ვერ გააცნობიერა ამ ვირუსის საშიშროება, თავი არ დაიცვა - არ მოერიდნენ ხალხმრავალ ადგილებს, არ ხმარობდნენ პირბადეებს, არ იცავდნენ ექიმების რეკომენდაციებს, ამან კი დღეში 7000-8000 ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია.

სიკვდილიანობამაც უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ყოველდღიურად 700-800 ადამიანი იღუპება, ერთ დღეს კი 912 დაავადებული გარდაიცვალა! ამ მძიმე ვითარების შემხედვარე სახელმწიფომ დიდი სიმკაცრე გამოიჩინა, შემოიღო ჯარიმები კარანტინის დამრღვევთათვის... პრემიერმა კარანტინის ვადა გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა.

განმარტა, რომ როცა ვითარება გაუმჯობესდება, კარანტინის რეჟიმიც მაშინ გაუქმდება. დღეს ადამიანებს ქუჩაში გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ სპეციალური მოდულით. მოდულების აღება შეგიძლია შენი რაიონის კომუნაში, ან უნდა ამოაბეჭდინო მოდულის ფორმა და შეავსო შენი გადაადგილების მარშრუტი. უნდა მიუთითო, რომელ საათზე გადიხარ, სად მიდიხარ და რატომ. თუ მისი მიმოსვლა კანონიერი არ არის, ჯარიმა 3.000 ევროა, ავტომობილით სიარულისას კი - უფრო მეტი. პოლიციელი გაჩერებს ქუჩაში და ამ დოკუმენტს ხელს აწერს. მას შეუძლია შეამოწმოს მარშუტი, რომელიც გიწერია. ტყუილს ვერ იტყვი. თან ტყუილი აღარავის სჭირდება, რადგან ხალხმა უკვე გააცნობიერა, რა საფრთხე ემუქრება და დასხდნენ სახლებში. ამან თითქოს შედეგი გამოიღო, დაინფიცირების რიცხვმა არ მოიმატა, მაგრამ სიკვდილიანობა ისევ დიდია, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, ჯერ საშველი არ ჩანს.

ყველაზე მეტი მსხვერპლია ლომბარდიის მხარეს, მილანის, ვენეციის, ვენეტოს მხარეს. იტალიაში 30000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ არავინ გარდაცვლილა და 12 დაავადებულიდანაც არც ერთი არ არის მძიმედ. ერთი ხანდაზმული ქალბატონი იყო სასუნთქ აპარატზე, თუმცა რეანიმაციაში არ ყოფილა. იმედი გვაქვს, მალე გამოჯანმრთელდება. რომში არ გვყავს დაავადებული ქართველი, მხოლოდ ერთი სტუდენტი გოგონა იყო, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. დაავადებულები არიან ტოსკანასა და მილანში მცხოვრები ქართველები.

- სამწუხაროდ, ესპანეთში სამი ქართველი გარდაიცვალა...

- იტალიის ემიგრაცია განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ემიგრაციისგან. ვინც აქ არიან, ძირითადად, ოჯახებში მუშაობენ, მოხუცებს უვლიან, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში კი სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობენ, მაგალითად, მშენებლობებზე, მაღაზიებში და ა.შ. მათ უფრო უწევთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვიდრე იტალიაში მყოფთ. ამანაც დაიცვა აქაური ქართველები.

თან ჩვენი ემიგრანტები უფრო დაემორჩილნენ სახელმწიფოს მოთხოვნებს, ვიდრე იტალიელები. ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. ისე მიგვქონდა საჭმელი და ისე ვტოვებდით კართან, ერთმანეთს ვერც კი ვხედავდით.

- მამაო, ბევრი ქართველი დარჩა სამსახურის გარეშე? ვიცით, რომ ასეთ ადამიანებს ყოველდღიურად ეხმარებით -ამას მოწმობს მათი მადლიერების წერილები თქვენს ფეისბუკგვერდზე. რას იტყვით ამ ხალხზე? - დიახ, ბევრი ქართველი დარჩა უმუშევარი, ზოგიერთი ტურისტად ჩამოსული კი უკან ვეღარ დაბრუნდა და თავშესაფრის გარეშეც აღმოჩნდა. ჩვენმა საელჩომ ასეთი ადამიანების აღრიცხვა დაიწყო და მათ შეძლებისდაგვარად ეხმარება. იტალიის სხვადასხვა ქალაქში ასეთი ადამიანი ბევრია. აქ, რომში, 17 ადგილია, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს და საჭმლის ფულიც კი არ აქვთ. ესენი, ძირითადად, სამსახურის მომლოდინე ახალჩამოსულები არიან. ძველი ჩამოსული, ვინც მუშაობდა, ისევ იმ ოჯახშია, მუშაობს და იქვე ცხოვრობს, ცხადია, სახლიდან გამოუსვლელად. უმუშევრად დარჩენილ, უკიდურესად გაჭირვებულთა აღრიცხვა საელჩოს უჭირს, რადგან ბევრი მათგანი, ვინც არალეგალურად არის ჩამოსული, იმალება. ჩვენც გვთხოვენ, მათი ვინაობა საელჩოს არ ვაცნობოთ. ზოგს საქართველოდანაც ეხმარებიან, აქეთ უგზავნიან საარსებო თანხას. ბევრი მათგანის შესახებ მრევლისგან ვიგებთ, ზოგიც ჩვენი მრევლია... ჩვენ სისტემატურად ვეხმარებით 70-მდე ადამიანს, დაახლოებით 200-300 კაცის შესახებ კი ინფორმაცია მაქვს.

- ქალაქში ტრანსპორტი დადის? - მხოლოდ მათთვის, ვისაც სამსახურში სიარული უწევს. მარკეტები და აფთიაქები მუშაობს - მათ თანამშრომლებს ხომ სჭირდება მიმოსვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათ ემსახურება.

- ძალიან ემოციური იყო თქვენი მოწოდება ემიგრანტების მიმართ. მათ სთავაზობდით დახმარებას, თუმცა ამ დროს თქვენც საფრთხეში იგდებდით თავს... - ეს იყო კარანტინის გამოცხადების პირველი დღეები. მოვუწოდე ყველას, არ გამოსულიყვნენ გარეთ. მე ჩემმა კომუნამ მომცა ორდღიანი საბუთი და შემეძლო თავისუფლად მევლო, ამიტომ ვთავაზობდი ყველას, ვისაც სჭირდებოდა, დახმარებას. რაც სჭირდებოდათ, სახლში მიმქონდა, ოღონდ გარეთ არ გამოსულიყვნენ. ერთი Dდედა-შვილი ქუჩაში ბარგით იყო დარჩენილი - ერთი სოფლიდან მეორეში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ტრანსპორტი არ იყო და ვერ მიდიოდნენ. რომ გავიგე, მანქანით მივაკითხე...ახლა აღარც მე მაქვს ქალაქში სიარულის უფლება, თუმცა ქართველები მაინც ვახერხებთ ერთმანეთის გვერდით დგომას. ვინც მუშაობს და ვისაც ქალაქში სიარული შეუძლია, მათი წყალობით ვეხმარებით უმუშევრად დარჩენილებს. საელჩოს მანქანებს თავისუფლად შეუძლიათ სიარული, დახმარების დარიგება და ისინი მართლაც ყველაფერს აკეთებენ.

ჩვენი თორმეტივე დაავადებული ქალბატონია, ყველა მოხუცთან მუშაობდა და ყველას მათგან გადაედო ვირუსი, თუმცა აქეთ გვამხნევებენ. ამბობენ, ექიმები ყურადღებას გვაქცევენო. ვინც სახლშია, მათ ექიმები ურეკავენ, რჩევებს აძლევენ.

- ბუნებრივია, ტაძრებში ლოცვა არ ტარდება, თუმცა თქვენს მრევლს პირდაპირი ეთერით შეუძლია თქვენი ლოცვის მოსმენა. ვადევნებ თვალს და ვხედავ, ბევრი ადამიანი გისმენთ. რა განცდაა, როცა მარტო ლოცულობთ? - მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მისმენს, წერილებიც მომდის და მადლობას მიხდიან... ზოგი მწერს, არასდროს მილოცია და ახლა დავიწყე თქვენთან ერთად ლოცვაო. არც მიკვირს - გაჭირვებისა და განსაცდელის დროს გიჩნდება სურვილი, ილოცო. განსაცდელი ადამიანს ღმერთთან აახლოებს. ამას აკეთებს ყველა მოძღვარი, ვინც ევროპაშია. ეს აძლიერებს უცხოეთში მყოფ ადამიანებს. სახლებში ჩაკეტილთათვის მოძღვრის ლოცვა ორმაგად სასიხარულო და ძალის მიმნიჭებელია. როცა ვდგავარ და ვლოცულობ, თავს მარტოდ არ ვგრძნობ. არც მგონია, რომ სახლში მარტო ვლოცულობ. პირიქით, ხალხთან ერთად ვლოცულობ, რაც ძალიან მახარებს. ვამბობ ხოლმე: "ახლა ყველამ ერთად ვთქვათ "მამაო ჩვენო"... "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო"... ვდგავარ ხატებთან და ამ დროს ყურში ჩამესმის ერთობლივი ლოცვა. ამას დიდი ძალა აქვს...

დღეს ძალიან დიდი განსაცდელი გვიდგას. ამ განსაცდელში ვიგრძენით ჩვენ ერთმანეთის ძალა და იმედი მაქვს, როცა გაივლის, ასეთებად დავრჩებით, უფრო დავაფასებთ ერთმანეთს, ვიდრე აქამდე ვაფასებდით... ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ. ძალიან ცუდია, როცა ადამიანები სხვის დანაშაულს ეძებენ, უნდათ, სხვა გამოსწორდეს, გვინდა გამოვასწოროთ მთელი მსოფლიო, დედამიწა და საკუთარი თავი გვრჩება გამოუსწორებელი.

ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. თუ სიყვარული იქნება, ვეღარაფერი მოგვერევა. ამ მდგომარეობამ დაგვანახვა, როგორი უსუსურები ვართ ბუნების წინაშე, სნეულების წინაშე, რომ არაფერი შეგვიძლია... ამიტომ უნდა ვიყოთ ღმერთთან ახლოს. რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, ის შესაძლებელია ღვთისთვის. მადლობა უფალს, რომ აქ ვარ, ჩემს სამწყსოსთან ერთად და ვიქნები მათთან ყოველთვის, განსაცდელშიც და სიხარულშიც!

მადლობა ჩვენს მღვდელმთავარს, მეუფე აბრაამს დიდი სიყვარულისა და თანადგომისთვის! მისი ლოცვა-კურთხევით დღეს ყველა სასულიერო პირი თავის სამრევლოშია და ზრუნავს თავის სულიერ შვილებზე! მადლობა თქვენ და გამძლეობა ყოვლადღირსო მამებო, ჩემო სულიერო ძმებო! უფლის წყალობით დადგება ჟამი სიხარულისა და ყველა ერთად დავბრუნდებით ჩვენს მადლიან და გაძლიერებულ სამშობლოში.

თეა ხურცილავა