"ჭაბუკა პატიმრობიდან სულ გარბოდა, ყველა გაქცევაზე წლებს უმატებდნენ და საბოლოოდ 83 წელი ჰქონდა დაგროვილი" - კვირის პალიტრა

"ჭაბუკა პატიმრობიდან სულ გარბოდა, ყველა გაქცევაზე წლებს უმატებდნენ და საბოლოოდ 83 წელი ჰქონდა დაგროვილი"

ინტერვიუ ჩაწერილია 2020 წელს

"დიდი განსაცდელი გვიდგას... უნდა გავაძლიეროთ ლოცვა-მონანიება. თუ რამ შეგვიცოდავს და თუ რამ არასწორად გვიმოქმედნია, იმიტომ, რომ სხვა გზა და სხვა ხსნა არა გვაქვს", - ამბობს ჩვენთან საუბარში დიდი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის მეუღლე, პოეტი თამარ ჯავახიშვილი.

- უფალი თუ განვარისხეთ, ალბათ, რაღაცები გვეშლება, ალბათ, არ გვიყვარს ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს. ერთი პატარა ლექსი მაქვს: "ღმერთო, რა გვჭირს ამდენ ჭირის მნახველებს,/ ეს მაოცებს და ეს მიკლავს გულს./ როგორ გვიყვარს საქართველო ქართველებს,/ ერთმანეთი კი რარიგად გვძულს". ცოტა ხნის წინ განა ასე არ იყო? სიძულვილით არაფერი გამოვა. გახსოვთ, ამ ერთი თვის წინ ჩვენმა პატრიარქმა ქადაგებისას რა ბრძანა? –მეორედ მოსვლა ახლოვდება, დიდი განსაცდელი გვიახლოვდება და ლოცვები გავაძლიეროთო. მაშინ ვინ წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს გვჭირს? რამდენჯერ მოგვიწოდა? რატომ არ ვითვალისწინებთ ბრძენი ხალხის შეგონებას? რამდენი შეურაცხყოფა და ლანძღვა აიტანა სულიერმა მამამ, რამდენი ვაწყენინეთ და ერთი საყვედურიც არ დასცდენია, ის მაინც ჩვენზე ლოცულობს იმიტომ, რომ სიყვარულით სავსეა, მან სხვა გრძნობა არ იცის. ადამიანი მთის ძირში რომ დგას, ვერ აღიქვამს, მთა რამსიმაღლეა. რომ წახვალ და შორიდან შეხედავ, მერე ხვდები ამას. სიყვარულმა უნდა გადაგვარჩინოს. მაინც მაქვს იმედი, რომ უფალი არ გაგვწირავს ჩვენი სულმოკლეობისთვის, არასწორი საქციელებისთვის. გაივლის ყველაფერი, ალბათ, გაივლის. ერთხელ უწმინდესმა ლამაზად თქვა: ადამიანი რომ ჩაისახება, მთელი მისი ცხოვრება წინასწარ არის გაწერილიო. ათასწლეულების წინ აღმოცენდა ეს ერი, უფალმა აქამდე მოგვიყვანა, ბევრი რამ შეგვინდო. თუკი ერთმანეთს შევიყვარებთ, ამ განსაცდელსაც გადავიტანთ, აუცილებლად გადავიტანთ რწმენით.

- როცა დიდი განსაცდელი ედგა ქართველობას, ბატონ ჭაბუას არაერთხელ შემოუძახია ჩვენთვის - "ჭკუით, ქართველებო!". ცოცხალი რომ ყოფილიყო, ახლა რას გვეტყოდა? - რას გვეტყოდა, იცით? ვევედროთ უფალს, რომ შეგვინდოს ჩვენი შეცდომები, გვიყვარდეს ერთმანეთი, იმიტომ, რომ ერთმანეთის სიყვარული უფლის სიყვარულია, ის ცალკე არ არსებობს. უფალი გიყვარს, მაგრამ რაში უნდა გამოვლინდეს ეს? ანუ უნდა გვიყვარდეს მოყვასი, რომელიც უფალმა მოგვაბარა. რაც ჭაბუკამ (ასე ვეძახდი, თუმცა მისი ნამდვილი სახელი მზეჭაბუკია) ტანჯვა გადაიტანა... მას და მის მეგობრებს ჰქონდათ ახალგაზრდული ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" და მერე ყველანი ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დაიჭირეს. ჭაბუკას სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, 22 წლის ყმაწვილმა კაცმა სამი თვე გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში. მერე ღიმილით ჰყვებოდა ხოლმე ამ ყველაფერს. ჩაკეტილ საკანში იყო და კორიდორში ფეხის ხმას რომ გაიგონებდა, თურმე ფიქრობდა: "ეჰ, ჭაბუკჯან, მოდიან შენს წასაყვანად, დღეს, ალბათ, მოკვდები". ისიც აქვს ნათქვამი, როდესაც ადამიანი განსაცდელში ჩავარდება, უნდა იფიქროს, უფალი არ გამწირავს, ყველაფერი უნდა იღონო, სულით არ დაეცეო.

- მერე იყო გადასახლების 16 წელი... და როგორც წერდა, მისი "პატიმარ-მარბენლად" ჩამოყალიბება...

- პატიმრობის პირველ წლებში სულ გარბოდა, ყველა გაქცევაზე წლებს უმატებდნენ და საბოლოოდ 83 წელი ჰქონდა დაგროვილი, ამდენი უნდა მჯდარიყო ციხეში. ამბობდა, უნდა გეფიქრა, მე ამას გადავიტან და გადავრჩებიო. რამდენი ახოვანი პატიმარი კაცი მინახავს, მოიყვანდნენ და დაიწყებდა ვაი-ვიშს ღმერთო, ეს რა დამემართა, ვაი ჩემს თავს, ვაი ჩემი ცოლშვილიო და ამ ზაფრისა და უიმედობისგან იღუპებოდა ეს კაციო. შენ უნდა იფიქრო, რომ უფალი არ გაგწირავს და გადარჩები, სულ მხნედ უნდა იყოო, ეს იყო მისი დევიზი. მუდმივ შიშში ყოფნა ჯობია გარეთ, ვიდრე მონობაში შიგნით, ამიტომ გავრბოდიო. გაქცევებში ოთხ-ნახევარი წელი გაატარა იმ თექვსმეტიდან, მაგრამ იმასაც პატიმრობად თვლიდა, რადგან როცა "კარში", ანუ გარეთ იყო, ყოველ წუთს ელოდა, რომ დაიჭერდნენ და შეიძლება დაეხვრიტათ კიდეც. სტალინის სიკვდილის შემდეგ აღარ გარბოდა, რადგან რეჟიმი შეარბილეს, პოლიტპატიმრებს ამნისტიით ათავისუფლებდნენ ნელ-ნელა, და ორმოცდაცხრამეტში ჭაბუკაც გამოვიდა.

- როგორ გაიცანით კაცი, რომელიც "სულ გარბოდა" გულაგის ბანაკებიდან, არ ნებდებოდა და მუდმივად თავისუფლებას ესწრაფოდა?

- ჭაბუა გადასახლებიდან ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით დაბრუნდა. იმხანად ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და ასპირანტურისთვის მჭირდებოდა ცნობა, რომ სადღაც ვმუშაობდი. მეგობარმა მიმიყვანა ჭაბუასთან კინოგაქირავების სამსახურში. მერე რაღაცნაირად ავეწყვეთ - არ იყო რთული სამუშაო, ტექსტებს ვამზადებდით. 1966 წელს გავიცანით ერთმანეთი და იქიდან წამოვიდა ჩვენი ურთიერთობა. 44 წელი გავატარეთ ერთად.

- ყველაზე ძალიან რა გხიბლავდათ ამ ადამიანში?

- ჭაბუკას არაჩვეულებრივი გარეგნობა, ხასიათი ჰქონდა და საოცრად მოწესრიგებული იყო, არასოდეს არაფერი შეშლია. ვერ იტანდა უხამსობას და არაკაცურ გამოხდომებს. ამასთან, ძალიან ვაჟკაცური, კეთილი, გამგები, ბევრი დადებითი თვისებით შემკული ადამიანი იყო. პირველ რიგში, მოსიყვარულე და მზრუნველი... საოცარი სამეგობრო ჰყავდა - "თეთრი გიორგის" წევრები: ამირან მორჩილაძე, ვახტანგ ჯორჯაძე, რეზო ტყავაძე, ლუკა ტყემალაძე, გოგი წულუკიძე, არჩილ წულუკიძე... ასევე ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, უაღრესად დახვეწილი და ნათელი ადამიანები ფილოსოფოსი ალექსანდრე (საშა) პაპავა, ექიმი-პედიატრი დავით კვიტაიშვილი, ჩვენი გამოჩენილი პოეტის, ემზარ კვიტაიშვილის მამა, აგრეთვე რეპრესირებულების შვილები. ამათი ჯგუფი "თეთრი გიორგის" ბოლო თაობა იყო. მათი მეთაური - მუსტაფა შელია არაჩვეულებრივი ვაჟკაცი იყო, რომელსაც დევნიდნენ და მერე დაჭერის მცდელობისას მოკლეს, დანარჩენები კი დააპატიმრეს. ისინი თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ, რისი წარმოდგენაც მაშინ ძალიან რთული იყო. 23-24 წლისანი იყვნენ და ყველანი დააპატიმრეს. ჭაბუკას პირველი სასჯელი დახვრეტა ჰქონდა, მაგრამ უშუალო "დანაშაულის" მტკიცებულება არ არსებობდა და ის 25 წლით შეუცვალეს. გადასახლებამდე ავჭალაში იყო, შამპანურის ქარხნის მშენებლობზე, იქ პატიმრებს ამუშავებდნენ. ჭაბუა იქიდან გაიქცა, ეს საოცარი გაქცევა იყო... ქარხანა მტკვართან ახლოს იყო და ჭაბუკას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მან მტკვარი გადაცურა და ისევ უკან გადმოცურა. სროლით დაედევნენ და გაღმა ეძებდნენ, ეს გამოღმა იყო. ამასობაში მან დრო მოიგო, აქ მეგობრებმა პასპორტი უშოვეს, როგორღაც ჩრდილო კავკასიაში გადავიდა, სადაც სხვისი გვარით მუშაობდა. ჭაბუკა კარგა ხანს გარდაცვლილი ეგონათ თბილისში. იმდენი მოახერხა, რომ ბელორუსიაში ქარხნის დირექტორად მუშაობდა სხვა გვარით.…გაქცეულ პატიმარს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ და იქ ჩაავლეს ხელი, გადაასახლეს და იქიდანაც კიდევ რამდენჯერმე გაიქცა. ყოველი გაქცევის შემდეგ იჭერდნენ, აბრუნებდნენ და უმატებდნენ სასჯელს. საბოლოოდ, ჯამში, როგორც გითხარით, 83 წელი დაუგროვდა, რეკორდი მოხსნა. ჩვენმა შვილმა, ქუცნამ ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა მამის ცხოვრებას - "მარბენალი".

- დაუსრულებელი წიგნი დარჩენია ბატონ ჭაბუას... - ჭაბუას მოგონებების წიგნს ვამზადებ გამოსაცემად. ბოლო დროს ცუდად იყო და აღარ შეეძლო. წიგნი მალე გამოვა და საკმაოდ სქელტანიანი იქნება. მასში ყველაფერია თავმოყრილი, მთელი მისი საგვარეულოს ისტორიაა. ამირეჯიბები პატრიოტი და თავდადებული ხალხი იყო. ამ წიგნში ჭაბუა ჰყვება ყველაფერს, მის ცხოვრებაზე, გადასახლებებზე, ორგანიზაცია "თეთრ გიორგიზე" და მის მეგობრებზე...

- თქვენი პოეზიის როგორი შემფასებელი იყო ბატონი ჭაბუა? მისთვის არაერთი ლექსიც გაქვთ მიძღვნილი... - ორი პატარა კრებული მაქვს გამოცემული. ხანდახან ვუკითხავდი ლექსებს და მოსწონდა, სხვათა შორის. კი, რამდენიმე ლექსი მიმიძღვნია. ერთ ლექსში მიწერია: "როსმე აგვისტოს ღამით/ მე ცას შევხედავ წამით/ და შეგადარებ ვარსკვლავს,/ რა დაშავდება ამით/…მერე თენდება მშვიდად,/ თვალს ვეღარ ბინდავს რული,/ და მეფერება ციდან/ შენი უკვდავი სული". ასეა...

ჭაბუას დის - როდამის შვილი, სანდრო სვეტლოვი, არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო მოსკოვში, ერთ-ერთ ინტერვიუში მას ბიძაზე ჰკითხეს. სანდრო იხსენებს ჭაბუას ერთ-ერთი გაქცევის ეპიზოდს: ლაგერიდან გაქცეული პატიმრები ზონას გასცდნენ და რომელიღაც სოფლის განაპირას სახლი ნახეს. ამ სახლს გვერდზე საბძელი ჰქონია, სადაც თივას ინახავდნენ. გაქცეულები სხვენში ავიდნენ და თივაში ჩაეძინათ. დილას გამოვიდა პატრონი, საქონლისთვის თივა უნდა აიღოს და ხედავს, თივიდან გამოშვერილ ორ წყვილ ფეხს. ქალს ისე შეეშინდა, მილიციაში გაიქცა. ჭაბუა დაიჭირეს და 13 წელი დაუმატეს. სანდრო რუსულ ჟურნალში ჰყვება ამ გაქცევაზე და ამატებს, ბიძაჩემი თივაში რომ დაიმალა, ფეხების ნაცვლად თავი რომ გამოსჩენოდა, ისეთი ლამაზი იყო, ის ქალი არავითარ შემთხვევაში არ დააბეზღებდაო.

- ავტობიოგრაფიულ რომანში "გორა მბორგალი" მწერალს კარგად აქვს აღწერილი მისი ცხოვრება-თავგადასავალი, ყველაფერს მოგვიყვა: - "ხალხის მტრად" შერაცხვა, გადასახლებები, საბჭოური ბანაკებიდან ექვსჯერ გაქცევა, მართლაც ბევრი "სიკვდილები იგრძნო" ბატონმა ჭაბუამ... ახალ წიგნში ბევრ ახალს ვნახავთ, რაც არ გვსმენია? - კი, ნახავთ. არ მინდა სახელდახელოდ ამ წიგნზე საუბარი, თუმცა, მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო გამოვა. ჭაბუკა "გორა მბორგალში" ერთ ადგილას ამბობს: "განსაცდელში ჩავარდნილმა ადამიანმა, მანამ კისერს არ გამოჭრიან, არ უნდა იფიქროს, გათავდა, ვიღუპებიო. რწმენა თუ გაქვს, ეგებ უფლის ნებით გადარჩე კიდეც, წუწუნსა და ვაი-ვიშში ჯანი უფუჭდება ადამიანს, დეპრესია კლავს". ჩვენ ახლა ჭაბუასავით უნდა ვიფიქროთ – "ჩვენ გადავრჩებით! დაიცავი საქართველო!" - ასე იტყოდა, ცოცხალი რომ იყოს. ჭაბუა 2013 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა, თორმეტს რომ თორმეტი წუთი აკლდა...

- იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლება ისე შეშინდა მისი ბესტსელერით, რომ კგბ ავრცელებდა ჭორებს, "დათა თუთაშხია" ამირეჯიბის დაწერილი არ არისო. უამრავი ისტორია შეთხზეს, რამაც უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა მწერალს...

- ჭაბუკას ამაზე ეცინებოდა ხოლმე. რანაირად შეიძლება წიგნი ვინმეს მოპარო, პორტსიგარია, ფულია თუ ცხვირსახოცი? ერთხელ სუფრაზე ერთმა მეგობარმა მწერალმაც უცნაურად გაიხუმრა, თქვენ ხომ არ გგონიათ, ეს ის ჭაბუაა, რომელმაც "დათა თუთაშხია" დაწერა, მან სადღაც ნახა ხელნაწერიო და რაღაც აბდაუბდას მოჰყვა. ჭაბუკას გაეცინა და მიუგო, ბიჭო, შენ ხუთი რომანის ავტორი ხარ, მაგრამ არავის შეეპარება ეჭვი, შენი დაწერილი რომაა. საქმე ისაა, ისეთი დაწერო, არ დაგიჯერონო. მის პასუხს სუფრაზე ოვაცია მოჰყვა. რომანის დასაწყისი ხომ გახსოვთ? – ყმაწვილები სარდაფში ხელნაწერებს რომ მიაკვლევენ და მიმოფანტავენ. ეს პატარა ბიჭია და იმ განადგურებული ქაღალდებიდან ფრაგმენტულად რაღაცებს გადაარჩენს. ეს ლიტერატურული ხერხია. ამის მსგავსი არცთუ იშვიათია მსოფლიო ლიტერატურაში. სეგედის პროტოტიპი ჭაბუკასთან ერთად იჯდა - გრაფი ევგენი პეტროვიჩი შანხაის თეატრის მსახიობი ყოფილა დაპატიმრებამდე. განათლებული, საინტერესო კაცი იყო და დიდი მეგობრობა ჰქონდათ. ჭაბუკა წერს, ამაზე ავაგე ჩემი გრაფი სეგედის სახეო. იმ პერიოდში, სამოციან წლებში, კინოგაქირავებაში ჭაბუასთან ვმუშაობდი და ფრაგმენტებს იქვე წერდა, გვიკითხავდა მე და ცხონებულ ნოდარ ჩხეიძეს (უნივერსიტეტის ლექტორი იყო, სტუდენტთა ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი). ჭაბუკამ პირველად გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო მოთხრობები, მათ უკვე აღარავინ იხსენებს. მაშინ გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული და პოლიტიკურზე ნაჯდომი რომ იყო, ბევრს ეშინოდა მასთან ურთიერთობის. ჭაბუა საოცრად უყვარდა რეზი თვარაძეს, რომელიც ჩვენი მეჯვარე და შვილის ნათლია გახდა. ჭაბუას მოთხრობები პირველად სიმონ ჩიქოვანმა დაუბეჭდა "მნათობში", მან დაულოცა გზა მწერლობაში. ჯოჯოხეთიდან მოსული კაციო, ასე ამბობდა ჭაბუაზე. საოცარია, რომ სიმონ ჩიქოვანი და ჭაბუა მთაწმინდაზე თითქმის გვერდიგვერდ არიან დასაფლავებული...

- მერე ბერად ეკურთხა... - დიახ, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე აკურთხა ბერად ჩვენმა პატრიარქმა. ღმერთი ყოველთვის შენთან არის, შენ უნდა იყო ღმერთთანო, ასე ამბობდა ჭაბუკა. მინდა გითხრათ, რომ მურმანმა (ლებანიძემ) თავის არაჩვეულებრივ ლექსში მისი ბერად შედგომა იწინასწარმეტყველა: "... რა წიგნი დაგიწერია, რა სიკვდილები გიგრძვნია! გამხმარო, გაძვალებულო, მეკობრევ, ბერად შემდგარო, სიცოცხლეგამწარებულო, სიკვდილისაგან ვერმკვდარო! თეთრ ცხენზე ამხედრებულო მწუხარე სახის რაინდო, სოფლისგან გამეტებულო, შენთან ბევრი მაქვს საერთო"...

- ალბათ, შვილის - ირაკლის დაღუპვამ უფრო გატეხა, ვიდრე დევნა-დაპატიმრებებმა... - დამაბრმავებელი სილამაზის ბიჭი იყო ირაკლი. სულით ძლიერი, განათლებული, მკითხველი ბიჭი. ისტორიული დაამთავრა. ამირეჯიბების გვარი მებრძოლი გვარია, უსამართლობასთან შეურიგებელი და ომი რომ დაიწყო, აფხაზეთში წავიდა. ჭაბუას 6 შვილი ჰყავდა, ეს ბავშვები სხვა დედებთან იზრდებოდნენ, მაგრამ ყველანი ერთად იყვნენ და დღემდე ზრუნავენ ერთმანეთზე. ირაკლი ფანტასტიკური ბიჭი იყო. ჭაბუას ყველა შვილი კარგი ჰყავს – მანანა, წარმატებული მწერალი, ლეილა, ჩინებული იურისტი იყო, სამწუხაროდ, აღარაა ჩვენთან. ლაშა, ქუცნა, შალვა, მაგრამ ირაკლი მაინც განსაკუთრებული იყო... ჭაბუა ამბობდა, მე თუ რამე გამტეხავდა, არ მეგონაო. ირაკლის დაღუპვის მერე ძალიან შეიცვალა. ირაკლი ომში რომ მიდიოდა, გამოსამშვიდობებლად შემოიხედა. ლიფტში რომ შედიოდა, ორივე ხელით ეჭირა კარები. ვუთხარი, ირაკლი, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ და იცოდე, სიფრთხილეც ვაჟკაცობაა-მეთქი. დეიდა თამრიკო, ნუ გეშინია, დავბრუნდებიო. ეს კადრი არ ამომდის თვალებიდან. ჩემი დედამთილის დედა დადიანის ქალი იყო, ბებია კი - შერვაშიძე. ირაკლის აფხაზური სისხლიც ჰქონდა, გურულიც, იმერულიც, ქართლურიც... ვიტყოდი, რომ მასში მთელი საქართველოს სისხლი იყო წვეთწვეთობით.

ირაკლი მესამე კურსზე იყო, როცა გამოაცხადა მამა, სამხედრო საქმე უნდა შევისწავლო, სადმე გამიშვიო. ერთად წავიდნენ რესპუბლიკის კომისართან და ჭაბუა ეუბნება: ბატონო კომისარო, ჩვენი წინაპრები მეომრები იყვნენ, ჩემს შვილს სამხედრო საქმის კარგად შესწავლა უნდა, "ცისფერბერეტიანებში" გაუშვითო. კომისარი გადარეულა - ბატონო ჭაბუა, აქ მამები მოდიან და მეხვეწებიან, ჩვენი შვილი ჯარში არ წაიყვანოთო და, თქვენ პირიქით ითხოვთო. რა ვქნა, ასე აიხირა, ჩვენი წინაპრების პროფესია ეს იყოო, უპასუხია. ერთხანს ჩამოსული იყო და მალევე ისევ დაბრუნდა აფხაზეთში. ნეტავ არ წასულიყო... აფხაზეთის მხარეს ვიღაც დაქირავებული სნაიპერი ქალი ჰყოლია, მან მოკლა ირაკლი. ირაკლი თურმე გაბედულად და უშიშრად დადიოდა აქეთ-იქით თავისი ახოვანი ტანით. მისი მეგობარი მიხო მორჩილაძე, ომში ვისთან ერთადაც იყო, ჰყვებოდა, ზღვიდან უფრო იყო თავდასხმა მოსალოდნელი და სანაპიროზე რომ დავდიოდით, მე ზღვის მხარეს ვდგებოდი, ტყვია მე რომ მომხვედროდაო. მიხო ბევრად უფროსი იყო ირაკლიზე და მფარველობდა. ირაკლის ეცინებოდა თურმე, ბიჭო, გინდა მე გადამარჩინო და შენ მოკვდეო? ბოლო ოპერაციაზე მიდიოდნენ... სამხედრო მანქანაზე რომ ავიდნენ და შტაბს კარგა მანძილით გასცდნენ, ტომრების ქვეშიდან პატარა ბიჭი გამომძვრალა, ასე, 14 წლის. ირაკლი გაგიჟებულა, ვერც უკან დაბრუნდნენ, ოპერაციაზე აგვიანდებოდათ, მერე თავისი დამცავი ჟილეტი გაუხდია და იმ ბავშვისთვის ჩაუცმევია. როცა სნაიპერმა ესროლა, ტყვია ირაკლის პირდაპირ გულში მოხვდა. ჟილეტი რომ არ გაეხადა, გადარჩებოდა. ერთმა ტყვიამ იმსხვერპლა ეს ახოვანი ვაჟკაცი ბიჭი. ესეც ბედისწერა იყო...