"საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი" - კვირის პალიტრა

"საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი"

მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია.

"მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს და დღეს დილას დადასტურდა. იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია. დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკმაოდ რთული იქნება აპრილისა და მაისის თვის დასაწყისი. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ.

"ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ვიხმარე ეს ტერმინოლოგია - პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კირიზისული. ისიც ვთქვი დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ ამ სტადიაში შევდივართ, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება. ამიტომ არის საჭირო, ყველამ დავიცვათ ის ღონსიძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს. აუცილებელია პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები და ა.შ. ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება! წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ადამიანი, საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მედპერსონალს, პირველ რიგში, მადლობა ჩემ კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პესრონალს, ისინი ყველანი თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული", - განაცხადა გამყრელიძემ.