აფხაზეთი და ცხინვალი ეპიდაფეთქების ზღვარზე - კვირის პალიტრა

აფხაზეთი და ცხინვალი ეპიდაფეთქების ზღვარზე

"აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტროლები გააფთრებით ცდილობენ იმის პროპაგანდას, რომ ლუგარის ლაბორატორია "სახიფათოა" და ეს ვირუსი იქ შეიქმნა აფხაზი ხალხის გასანადგურებლად. მათ, ვისაც შესაძლოა ვირუსი აქვთ და სამკურნალოდ ზუგდიდში ან საქართველოს რომელიმე ქალაქში სურთ გადმოსვლა, აშინებენ, ლუგარის ლაბორატორიაში აფხაზებზე ცდებს ატარებენ და უარი თქვით მათ სამედიცინო მომსახურებაზეო..."

ააფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის აფეთქება გარდაუვალია. რეგიონში ვირუსით დაინფიცირებულები უკვე არიან, თუმცა "ოფიციალური" ინფორმაციით არც ერთ რეგიონში ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა, რისიც მოსახლეობას არ სჯერა და ამბობენ, რომ მსგავსი სიმპტომები ბევრს აქვს. ადგილობრივ ჰოსპიტალში ვიზიტის შემდეგ ექიმი თითქმის ყველას ეუბნება, რომ ეს ჩვეულებრივი გაცივებაა და შინ იმკურნალონ. ამიტომაც, თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოაჩნდათ, ქართულ მხარეს გადმოდიან.

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 28 მარტს ჩაკეტა და ეს ოფიციალურადაც განაცხადა, თუმცა ტვირთების გადაადგილება არ შეუზღუდავს. იმავე დღეს ცხინვალმაც ჩაკეტა რუსეთთან როკის გამშვები პუნქტი, მაგრამ ოფიციალურად ეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 30 მარტს გააცხადა...

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება და ეს არაერთხელ განაცხადა, რომ ქართველი ექიმები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ისევე მოემსახურებიან, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებთ.

სწორედ ამისთვის მზადდება სამეგრელოში, რუხთან, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც პაციენტებსაც მიიღებს და მათთვის სპეციალურ საკარანტინე სივრცესაც მოაწყობს აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტების ოჯახის წევრებისთვის. ერთ-ერთი პაციენტი, ნინო ხეცურიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, აფხაზეთიდან ზუგდიდში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს. ის მოსკოვიდან ჩამოვიდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად ოპერატიული შტაბი შექმნა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხაზ კონჯარია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აფხაზეთში ვირუსი ჯერ არავის დადასტურებია. ერთ პაციენტს, რომელმაც სოხუმში ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა, მხოლოდ ხველის დიაგნოზი დაუსვეს.

"რამდენიმემ მდინარე გადმოცურა, რომ ზუგდიდის ინფექციურში მოხვედრილიყო"

"კვირის პალიტრას" სოფელ საბერიოში მცხოვრები ნანო მანია გვესაუბრა.

- აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღეს 500-კაციანი ქორწილი გაიმართა. სანამ ის კონკრეტული შემთხვევა არ დადასტურდა, უჭირდათ წესების შესრულება, ბოლო დღეებში კი პანიკაც დაიწყო. საბერიოში ვცხოვრობ. რამდენიმე დღეა სახლიდან არც გამოვსულვართ, მეზობლებიც აღარ გადავდივართ ერთმანეთთან ყავაზე. ნინო ხეცურიანს საბერიოში მშობლების სახლი აქვს, სადაც მისი ძმა და ძმისშვილები ცხოვრობენ, მისი შვილები კი ზუგდიდში არიან.

რუსეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მათგან ერთ-ერთს ჰქონია სიცხე და დაუმალავს. რამდენიმე დღეში ნინოსაც გადასდებია და მაშინვე წამოსულა. უთქვამს, რუსეთში სამედიცინო სისტემა ისედაც უვარგისია, ამ ვირუსის შემდეგ ხომ საშინელება ხდება და ქართველ პაციენტს ვინ მომხედავდაო. მოკლედ, რომ შემოეშვათ ფსოუმდე სიცხის დამწევი დაულევია.

საზღვარზე ძმისშვილი დახვდა. ამბობენ, სახლში მიიყვანა და 2-3 დღის განმავლობაში ამ ქალს ბაზარი და მაღაზიები მოუვლია. ცუდად რომ გამხდარა, მერე წაუყვანიათ საავადმყოფოში. მეზობლები ამბობენ, ქალი პირბადით დადიოდაო... გალის გზაზე ნინოს და თავის ძმისშვილს ახლობელი შეხვედრიათ, რომელიც მანქანით სახლამდე წამოუყვანიათ. იმ ბიჭს ოჯახი და ასაკოვანი დედ-მამა ჰყავს. ძალიან შეშინდნენ და თვითიზოლაციაში არიან... ნინოს კიდევ ერთი ქალი მოჰყვებოდა, რომელსაც ახლა სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობენ...

- ნინოს ძმა "ენგურჰესზე" მუშაობს? - დიახ, ჩემი მეუღლეც იქ მუშაობს, მაგრამ ერთმანეთს არ შეხვედრიან. თანამშრომლებს უნახავთ, სიგარეტი უყიდია. სახლისკენ მიმავალს კი მანქანით ორი თანამშრომელი წაუყვანია. ისინი ახლა თვითიზოლაციაში, ეს კაცი და მისი ოჯახი კი ანაკლიის სასტუმროში კარანტინში არიან. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაუგზავნიათ...

აფხაზეთში ძალიან გავრცელებულია "იეღოვას მოწმეების" შეკრებები და ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ - თურმე ბოლო ჟამის, არმაგედონის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს. ყველგან ყველაფერი დაიკეტა, მაგრამ მათ კრებებს ვერაფერი მოუხერხეს - შემოდიან რუსეთიდან, შემოაქვთ ლიტერატურა და ჯერ აფხაზეთში, შემდეგ ენგურის გავლით დანარჩენ საქართველოში ავრცელებენ. ზუგდიდის ინფექციურში სწორედ ასე აღმოჩნდა ერთ-ერთი დავირუსებული. აფხაზურ ეკლესიაში არსებული განხეთქილებისა და ეკონომიკური ინტერესის გამო უამრავი აფხაზი იეღოვას მოწმე გახდა.

- რა ხდება ახლა გალში? - თითქოს კუნძულზე ვცხოვრობთ. გარეთ ადამიანის ჭაჭანება არ არის. იმ ქალის ძმის სახლს დეზინფექცია გაუკეთეს და მეზობლები გამოჰკითხეს. ყველა შიშობს...

გალის საავადმყოფოს ექიმებს არაფერი აქვთ. ადმინისტრაციას პირდაპირ უთქვამს, მკურნალობის საშუალება არა გვაქვს, ამიტომ როგორმე უნდა ვეცადოთ, ვირუსი არ გავრცელდესო. თუმცა თავადაც იციან, რომ ეს წარმოუდგენელია...

ენგურის ხიდი ჩაკეტილია, მაგრამ ვიცი, ყველას, ვისაც სიმპტომები აქვთ, ზუგდიდის მხარეს უპრობლემოდ უშვებენ.

უამრავი აფხაზი შემოვლითი გზით ცდილობს ქართულ მხარეზე გადმოსვლას - რამდენიმემ მდინარე გადმოცურა, რათა ზუგდიდის ინფექციურში მოხვედრილიყო.

ჯერჯერობით სურსათის დეფიციტი არ არის, მაგრამ უფრო გაძვირდა. მაღაზიების მფლობელებმა გაგვაფრთხილეს, ფასი მოიმატებს, რადგან ფსოუ ჩაკეტილია და მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ ტვირთის შემოტანის უფლებაო. ჩვენ აფხაზი ნათესავები გვყავს. გვკითხეს, თუ რამე მოხდა, ზუგდიდში გადასვლაში ხომ დაგვეხმარებითო, მოხუცები ჰყავთ და პანიკაში არიან.

- ინტერნეტში გავრცელდა გაგრის სარეაბილიტაციო ცენტრის პაციენტის მიმართვა, ამბობს, რომ ექიმებმა მიატოვეს. - დიახ, ისინი თავადაც დაუცველები არიან და გმირობას ნუ მოვთხოვთ. მათთან ერთად წავიდნენ მომსახურე პერსონალი, მზარეულები და დამლაგებლები. აფხაზეთში სხვა გამოსავალი არ არსებობს...

"მალე უმძიმესი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით"

ანა აგირბა, სოხუმელი აფხაზი: - მე დედა ქართველი მყავს და მუდმივად დავდივარ ქართულ მხარეს, მაგრამ რა ქნან იმათ, ვინც აფხაზური მედიცინის იმედად დარჩნენ?! საერთაშორისო ორგანიზაციებმა შემოიტანეს პირბადეები, ხელთათმანები, მოსკოვიდან აფხაზთა დიასპორამაც გამოგზავნა თანხა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი...

აფთიაქში ვმუშაობ და სიცხის დამწევი არა მაქვს. ადამიანებს რომ შემოდიან, ხელებში მიყურებენ და შეშინებულები მეკითხებიან, სიცხის დამწევი თუ არ გვექნება, რა უნდა გავაკეთოთო... უამრავს შევნიშნე ამ საშიში ვირუსის სიმპტომები და ვუთხარი, სახლში დარჩით, არავისთან იკონტაქტოთ-მეთქი, რატომ ის დაავადება გვჭირსო? - მეკითხებიან. ექიმებს უთქვამთ, უბრალო გაციებაა, სახლში წადითო. არადა, ერთ დღეში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ათმა კაცმა მაინც მომმართა.

მალე უმძიმესი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.

"ხელოვნური სუნთქვის მხოლოდ ერთი აპარატი გვაქვს"

იგივე ვითარებაა ცხინვალის რეგიონშიც, თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ცხინვალში ისევ ღიაა კაფეები და კვების სხვა ობიექტები, რიტუალური სუფრებიც იმართება.

მერი ტუაევა, ცხინვალის მკვიდრი: - ჩვენთან ჯერ კიდევ არ ცნობენ საფრთხეს. მაღაზიებსა და სხვა ადგილებში დისტანციას არავინ იცავს. ვიღაცები პროდუქტებს იმარაგებენ. აფთიაქში სიცხის დამწევიც არ დატოვეს, პარაცეტამოლიც ვერ ვიშოვე.

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი აქტივისტი: - ცხინვალის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში ხელოვნური სუნთქვის ერთი აპარატი გვაქვს. ალბათ, გასაგებია, რა მოხდება, თუ ვირუსის ერთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა. კრიზისული ვითარების შექმნისთანავე, რაც გარდაუვალია, ყველა მზადაა გასაქცევად ყველაზე მისაღები ადგილი კი თბილისია.

"რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე დაანახა ყველას"

ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი, რონდელის ცენტრის მკვლევარი: - გასაგებია საზოგადოების ნაწილის შფოთვა კონფლიქტური რეგიონებიდან ინფიცირებულთა დიდი ტალღის შესაძლო გადმოსვლის გამო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ნორმის მიხედვით მათზე პასუხისმგებლობა ჩვენს სახელმწიფოს აქვს აღებული, რადგან იურიდიულად ჩვენი მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება რუსეთს, რომელსაც მათზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამ ეტაპზე იმდენად თამაშგარე მდგომარეობაშია, არც შეუთანხმდა მის მიერ აღიარებულ ე.წ. ხელმძღვანელობებს, ისე ჩაუკეტა საზღვრები. იმედია, მათ გონიერება ეყოფათ და ამიერიდან რუსეთთან ურთიერთობაში ამ მძიმე მაგალითით იხელმძღვანელებენ.

შესაძლოა აფხაზი და ოსი პაციენტების შემოდინება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მძიმედ დააწვეს, მაგრამ თუ ვინმეს ვირუსის სიმპტომი გამოუვლინდა, მათ უნდა ვუმკურნალოთ. მთავარია, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი გადმოსვლა უკონტროლო არ გახდეს, თორემ შიდა გავრცელება მასშტაბური გახდება.

- რუსეთმა ხელები დაიბანა, ამ რეგიონებს არაფრით ეხმარება, არადა, აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. - რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე დაანახა ყველას, როგორც კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობას, ასევე მსოფლიოს, რადგან ისეთი საშიში პანდემიის პირისპირ დატოვა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან.

ჩაკეტა საზღვრები და განცხადებების თუ შეპირებების გარდა, არაფრით ეხმარება. მეტიც, განაცხადა, რომ პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარისა და სხვა ნივთების ექსპორტს წყვეტს. ამით ირიბად უთხრა, ჩვენი იმედი აღარ გქონდეთო.

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ტროლები გააფთრებით ცდილობენ იმის პროპაგანდას, რომ ლუგარის ლაბორატორია "სახიფათოა" და ეს ვირუსი იქ შეიქმნა აფხაზი ხალხის გასანადგურებლად. მათ, ვისაც შესაძლოა ვირუსი აქვთ და სამკურნალოდ ზუგდიდში ან საქართველოს რომელიმე ქალაქში სურთ გადმოსვლა, აშინებენ, ლუგარის ლაბორატორიაში აფხაზებზე ცდებს ატარებენ და უარი თქვით მათ სამედიცინო მომსახურებაზეო.

რაც შეეხება იმას, გაუძლებს თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კონფლიქტის რეგიონიდან წამოსულ დაინფიცირებულებს, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა 200 000 კაცს არ აჭარბებს, ბევრად ნაკლებია ცხინვალის რეგიონის (სამწუხაროდ, ორივე მხარე თავს იტყუებს და რეალურ რაოდენობას არ ამხელს), მათგან რამდენიმე ათასიც რომ დაინფიცირდეს, კრიტიკულად მძიმე ანუ ორმხრივი პნევმონიით, მხოლოდ რამდენიმე ასეული თუ იქნება, ალბათ, 2%, და ეს ნამდვილად არ გამოიწვევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას.

- ალბათ, არ უნდა ველოდოთ, რომ რადიკალურად განწყობილები დაიძვრებიან... - ცხადია, არა. მაგრამ რამდენიმე ასეული პაციენტის მისაღებად მაინც მზად უნდა ვიყოთ. მათ შორის გასათვალისწინებელია გალის მოსახლეობა. პირველ დარტყმას მიიღებენ რუხისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

ცნობისთვის: ყოველმა 50-ე აფხაზმა უკვე ისარგებლა ჩვენი სამედიცინო მომსახურებით. უმეტესობა დღემდე იზიარებს სეპარატისტულ განწყობებს, მაგრამ მათსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კონტაქტები გაჩნდა.

არც უნდა ველოდოთ, რომ "ოფიციალური სოხუმი" აზრს შეიცვლის, პირიქით, დღემდე ამბობენ, რომ თბილისი ვალდებულიც არის ასე მოიქცეს - 90-იანი წლების "გენოციდის" გამო კონტრიბუციის სახით უნდა გადაგვიხადოსო... ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა ანტიქართულად განწყობილი რაულ ხაჯიმბას ნაცვლად შედარებით ლოიალური ბჟანია-ანქვაბის გუნდი მოვიდა. ბჟანიას განცხადებებში იგრძნობა, რომ ის დაინფიცირებული პაციენტების მასობრივ გადმოდინებას ხელს არ შეუშლის.