"მინდა ექიმები გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება" - კვირის პალიტრა

"მინდა ექიმები გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება"

მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს.

"მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი - ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითაც შეიძლება კომპრომისები გავამართლოთ. დღეს ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ ყველასთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ," - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ მოხუცების წინაშე და მომხდარი ფაქტი საგანგაშოა. პრემიერმა არ გამორიცხა, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

"დღეის მდგომარეობით გვყავს 157 ინფიცირებული. მათგან 9 არის ახალი შემთხვევა, მათგან 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე და ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება. თუ შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება იქნება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ," - განაცხადა გახარიამ.