როგორ დავძლიოთ შინ ყოფნის სტრესი - კვირის პალიტრა

როგორ დავძლიოთ შინ ყოფნის სტრესი

"გვახსოვდეს, რომ ადამიანებს სიტუაციის მართვა შეგვიძლია და სწორედ ეს გვაძლიერებს..."

კორონოვირუსის პანდემიამ ჩვენი პლანეტა შინ გამოკეტა, ხალხი შეშფოთებული და დაბნეულია, რაც გარდა პანდემიის დაძლევისა, სავარაუდოდ, მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც შექმნის. როგორ დავძლიოთ ეს საფრთხე, როგორ ავიშოროთ სტრესი შინ ყოფნისას, ამის შესახებ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ვესაუბრეთ. ქალბატონი ჯანა თავადაც იყო ორკვირიან თვითიზოლაციაში, გარდა ამისა, სწორედ მან თარგმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას პანდემიის დროს.

- შინ გამოკეტვის გამო ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ისევე მიეჯაჭვა მედიას ან სოციალურ ქსელს, როგორც სხვა ქვეყნებში. ცხადია, დაავადების მიმდინარეობაზე უფრო ნეგატიურ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე პოზიტიურს, ამან კი პანიკა გაამძაფრა. ზოგის აზრით, ასეთმა ვითარებამ შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობაზე უფრო მეტადაც იმოქმედოს, ვიდრე ვირუსმა.

- ამ ვითარებას პანიკას ვერ დავარქმევდი. ჩვენ გვაქვს სტრესი, რასაც პანდემიის შესახებ უწყვეტი ინფორმაციული ნაკადიც იწვევს. არადა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, სტრესის შემსუბუქებას პოზიტიური მესიჯები უწყობს ხელს, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომელთაც გამოიარეს დაავადება და ახლა სხვებს ეხმარებიან.

ჩვენ გვაქვს სტრესი განუსაზღვრელობის, ანუ არ ვიცით, მომავალში რა იქნება და ცუდის მოლოდინის - ჩვენ ხომ პანდემიის შედეგებს მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ეპიდემიოლოგებიც ვითარების გაუარესებაზე გვესაუბრებიან. აი, ეს მოლოდინი აჩენს შფოთვას. შფოთვას იწვევს ეკონომიკის გაუარესების მოლოდინიც. 90-იან წლებში, როდესაც რთული ეკონომიკური სიტუაცია გვქონდა, მსოფლიო სტაბილური იყო და დაგვეხმარა, დღეს კი მსოფლიო სტაბილურობაც ირყევა. შფოთვას იწვევს სიტუაციის აღქმაც: ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, საიდან შემოგვიტევს უხილავი ვირუსი, რის გამოც უსუსურობის განცდა გვეუფლება, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრედიქტორია. ამ ყველაფერმა მართლაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ნამდვილად არ შეგვიწყობს ხელს პანდემიის დაძლევაში.

- რა გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან, რით გავუმკლავდეთ? - ბევრი მექანიზმი არსებობს, რასაც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციაც გვთავაზობს. უპირველესად არ უნდა გავხდეთ ინფორმაციის პასიური მიმღებები, ანუ ინფორმაციული ნაკადის გაფილტვრა და ამით საკუთარი თავის დაცვა უნდა შეგვეძლოს. მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს ვარჯიში და რაღა თქმა უნდა, ყოველდღიური საოჯახო რუტინაც - რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, კვლავ ის უნდა ვაკეთოთ. ეს ოჯახის ყველა წევრს ამშვიდებს. სტრესთან გამკლავების ჩვენი მექანიზმები სწორედ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ურთიერთობებში დევს. იმ სინამდვილეში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. როგორც ოჯახში, ასევე ნაცნობ-მეგობრებთან, უნდა შევცვალოთ ძველებური ურთიერთობის წესები და ყველაფერი ისე გადავაწყოთ, რომ სტრესების დაძლევა გაგვიადვილდეს. ერთმანეთისთვის გამაღიზანებლები კი არ ვიყოთ, ერთმანეთის დახმარებით გავუმკლავდეთ პრობლემას. ხშირად უნდა შევეხმიანოთ ახლობლებს საკომუნიკაციო საშულებებით, ოჯახში კი ერთმანეთის დაცვის წესები უნდა ამოქმედდეს. ჩვენ, ყველანი, ჩვენი ოჯახების ექსპერტებიც ვართ. ყველამ კარგად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ოჯახებსა და ახლობლებს თანადგომისთვის.

- რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა შფოთვის კონდიცია იმ ნიშნულზეა, რომ დაავადების გავრცელების საშიშროებას ნებისმიერ გარემოში ხედავენ და ამის გამო ყველასგან იზოლირება გადაწყვიტეს. - ახლობლებთან ურთიერთობის თავის არიდებამ შესაძლოა უფრო დაამძიმოს სტრესული სიტუაცია, თუმცა მათი გაგება შეიძლება. ამიტომ ურთიერთობა სხვა კომუნიკაციებით უნდა სცადოთ - დაურეკოთ, მოიკითხოთ. ახლა ყველა ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ. მაგალითად, ჩემი, თქვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე, ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მეზობლების ჯანმრთელობაზე, მეზობლებისა კი მაღაზიაში საყიდლებზე შესულ ხალხზე...

- ეს ყველაფერი არცთუ იოლი გასაცნობიერებელია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის. - ჩვენ ადამიანები ვართ და ყველა სირთულის გადალახვა უნდა შევძლოთ, მათ შორის ამ სიტუაციაში, რაც აგვარიდებს სტერესებს და გაგვიიოლებს ცხოვრებას.

- ძალიან ბევრს დროდადრო ეჩვენება, რომ ის სიმპტომები, რომლებიც ამ ვირუსს ახასიათებს: სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი და ა.შ., მათაც აქვთ. აი, ამ სტრესის დაძლევა როგორ შეიძლება? - სტრესი და შფოთვა ფსიქიკას დარტყმას აყენებს. ამიტომ უნდა გადავხედოთ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რჩევებს. გარდა ამისა, შეიქმნება ფსიქოლოგური დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერს შეუძლია დარეკოს და ფსქოლოგიური დახმარება მიიღოს.

- ამ მდგომარეობაში განსაკუთრებული საზრუნავი არიან ბავშვები და მოხუცები. მათ როგორ დავეხმაროთ? - მათთვის ეს მდგომარეობა მართლაც ძალიან სენსიტიურია. თუმცა ბავშვები მაინც ადვილად გაგვიგებენ, თუ დილიდანვე შევუთანხმებთ მთელი დღის რეჟიმს და იმასაც ვეტყვით, რომ მათთვისაც აუცილებლად გამოვნახავთ დროს. რაც შეეხება მოხუცებს, მათთვის სტრესულია იმის მოსმენა, რომ კორონავირუსი ახალგაზრდებისთვის არ არის საშიში, მოხუცებს კი ხოცავს. სწორედ ამის გამო შეიძლება მეტი შფოთვა ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ. ამიტომაც ხშირად უნდა ვუთხრათ, რომ ისინი ღირებულნი არიან ჩვენთვის, ღირებულია მათი ცხოვრებისეული გამოცდილება, შრომის უნარი და მათ გვერდით უნდა ვიყოთ. ამით მხოლოდ მათ კი არა, საკუთარ თავსაც ვეხმარებით უპირველესად იმით, რომ უფრო ჰუმანურები ვხდებით, ზრუნვა აძლევს ჩვენს სიცოცხლეს დამატებით საზრისს... გვახსოვდეს, რომ ადამიანებს სიტუაციის მართვა შეგვიძლია და სწორედ ეს გვაძლიერებს...