"ფაქტობრივად, ცირკში დავიბადე... არენაზე ყუთიდან უნდა გამოვსულიყავი - ეს იყო ჩემი როლი, მაგრამ ჩამეძინა" - კვირის პალიტრა

"ფაქტობრივად, ცირკში დავიბადე... არენაზე ყუთიდან უნდა გამოვსულიყავი - ეს იყო ჩემი როლი, მაგრამ ჩამეძინა"

ინტერვიუ ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილთან

"როცა უნა განსაცვიფრებელი ღირსებით მიაბიჯებს ჩემ წინ, ვიწრო ტროტუარზე, მე მის ნატიფ სხეულს ვხედავ, ვხედავ მის სწორად დავარცხნილ მუქ თმას, რომელშიც უკვე ბრწყინავს ვერცხლისფერი ძაფები და ისეთ სიყვარულსა და სინაზეს ვგრძნობ, რომ თვალები ცრემლით მევსება," - წერს ჩარლი ჩაპლინი მეუღლეზე, უნა ო'ნილზე.

უნა ო'ნილი 18 წლის იყო, როდესაც 54 წლის ჩარლი ჩაპლინი გაიცნო, მაგრამ 36-წლიან ასაკობრივ სხვაობას არ შეუშინდა, უარი თქვა კარიერაზე და თავი ოჯახს მიუძღვნა. იგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიისა და პულიტცერის პრემიის ლაურეატის, იუჯინ ო'ნილის შვილი იყო. მამამ წყენა ვერ დამალა, როცა მისი ქალიშვილი 36 წლით უფროს მამაკაცს მეოთხე ცოლად გაჰყვა, მოიძულა ისინი და აღარასდროს უნახავს. მიუხედავად ამისა, უნასა და ჩარლი ჩაპლინის ოჯახური იდილია არ დარღვეულა. წყვილს რვა შვილი ეყოლა, მათ შორის - გენიალური ვიქტორია ჩაპლინი, ვიქტორიას შვილი კი უფრო გენიალური აურელია ტიერია - ჩემი რესპონდენტი.

 აურელია ტიერი

2019 წლის ოქტომბერში თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა სპექტაკლი, რომელშიც 79 წუთის განმავლობაში, შესვენების გარეშე, ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი აურელია ტიერი ჯეიმს მარტინესთან ერთად პანტომიმითა და საცირკო ნომრების ელემენტებით კლეპტომანი ქალბატონის ამბავს გადმოგვცემდა. პიესას "ზანზალაკები და ავგაროზი" ჰქვია, სპექტაკლის იდეისა და დადგმის ავტორი კი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ვიქტორია ჩაპლინია. ჩაპლინების ოჯახის ერთობლივმა სპექტაკლმა თბილისში ანშლაგით ჩაიარა. აკრობატული ნომრების, პანტომიმისა და ცეკვის სინთეზი ჩაპლინების ოჯახის დამახასიათებელი შტრიხია. მსახიობი აურელია ტიერი ჩაპლინების ოჯახზე, სამსახიობო კარიერასა და თბილისში გატარებულ დღეებზე "კვირის პალიტრის" მკითხველს ექსკლუზიურად უამბობს.

- მინდა ჩვენი საუბარი დავიწოთ სპექტაკლით "ზანზალაკები და ავგაროზი". ეს არის ამბავი გამოუსწორებელ კლეპტომანზე, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ იმ საგნების იმედად არის, რომელთა მოპარვასაც ცდილობს; იმავდროულად, ის ინანიებს და უყვარდება მეგობარი მამაკაცი... ეს ყველაფერი ჯადოსნურ სანახაობას ჰგავს, წარმოდგენის ბოლოს კი მაყურებელს უჭირს გააცნობიეროს, სად იყო ზღვარი მთავარი გმირის წარმოსახვასა და რეალობას შორის. ჩემი პირველი კითხვაც ეს არის: რა უფრო მთავარია ადამიანის ცხოვრებაში - რეალობა თუ წარმოსახვა? - წარმოდგენის წინა ღამეს ყოველთვის ვთავისუფლდები ზედმეტი აზრებისგან და როლში შევდივარ. ეს აზარტულ თამაშს ჰგავს. სპექტაკლის მსვლელობისას ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს, ან არ გამოგივიდეს, შეიძლება ფეხი გაგისხლტეს, შეიძლება მაყურებლის ყურადღება მოდუნდეს... ეს ძალიან სათუთი და მოსაფრთხილებელი პროცესია. ნავს ჰგავს, რომელიც მეორე ნაპირამდე უნდა მიცურდეს, შიგ მსხდომნი კი ვცდილობთ, არ ჩაიძიროს. ამის უნდა გჯეროდეს. მე ჩემი პერსონაჟით (კლეპტომანი ქალი) არავის ვმოძღვრავ, რადგან ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, თუმცა ერთს გეტყვით - როგორც დედაჩემმა ვიქტორიამ შთამაგონა (ის არის პიესის ავტორი), მთავარი გმირი რაღაცით მატა ჰარის ჰგავს. ადამიანისთვის წარმოსახვის უნარიც ისეთვე მნიშვნელოვანია, როგორიც რეალობა. ჩვენ ოცნებები გვჭირდება იმისთვის, რომ რეალობა გამოვძერწოთ და პირიქით. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ოცნებებში გავატარე. ადამიანისთვის პიროვნული თავისუფლება იწყება მაშინ, როცა წარმოსახვის უნარი აქვს. ამ დროს იბადება ადამიანის შესაძლებლობები. რუტინული რეალობისთვის თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ოცნებაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარმოდგენა ადამიანს საშუალებას აძლევს, იმოგზაუროს წარმოსახვით ადგილებში.

- აურელია, ოთხი წლის იყავით, როცა ცირკის არენაზე გამოხვედით. აქედან იწყება თქვენი სამსახიობო კარიერა... - მე, ფაქტობრივად, ცირკში დავიბადე (აურელიას მშობლებმა ვიქტორია ჩაპლინმა და ჟან-ბატისტ ტიერიმ 1970 წელს იქორწინეს და მალევე ჩამოაყალიბეს თანამედროვე ცირკი, რომელსაც ტრადიციულ ცირკთან მხოლოდ აკრობატული ნომრები და კონცეფცია აკავშირებს. თანამედროვე ცირკში ცხოველების მონაწილეობა აკრძალულია. 1990 წლიდან ისინი Le Cirque Invisible-ის სახელით გამოდიან. ამ წარმოდგენებში მონაწილეობენ მათი შვილებიც - აურელია და ჯეიმს ტიერები - ავტ.). პატარა აურელია პირველად, როდესაც სცენაზე გამოვედი, სამი წლის ვიყავი. არენაზე ყუთიდან უნდა გამოვსულიყავი - ეს იყო ჩემი როლი, მაგრამ ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, თვალებში სცენის შუქი მანათებდა. ამ დროს ვიგრძენი ის მუხტი, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა. ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ცეცხლთან ყოფნას ჰგავს მაშინ, როცა გაყინული ხარ. შემდეგი როლი ჩემოდანს უკავშირდება - ყუთიდან ჩემოდანში გადავინაცვლე, საიდანაც მხოლოდ ფეხები მიჩანდა. რომ გავიზარდე, ჩემოდანში ვეღარ ჩავეტიე და სხვა როლი მომცეს - პატარა ცხოველის. ამის შემდეგ "გადავიქეცი" მწერად, ბოლოს კი - მონსტრად...

ჩემი აზრით, მშობლებმა სცენაზე იმისთვის დაგვაყენეს, რომ ჩვენთვის თვალი არ მოეშორებინათ და მთელი ოჯახი ერთად ვყოფილიყავით. ისინი გვასწავლიდნენ წესრიგს, მუშაობას და იუმორსაც. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მგზნებარე ადამიანების გარემოცვაში ხარ, არა აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, რადგან დატყვევებული შეჰყურებ, როგორ უყვართ თავიანთი პროფესია. მოზარდს გულმა ახალი თავგადასავლებისკენ გამიწია - მომინდა სკოლაში სიარული, ჩემი ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა... მაგრამ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ თეატრის სურნელი მომენატრა, ის გარემო, საგრიმიორო, ჩემი ოჯახი და ცირკში დავბრუნდი. დედასთან - ვიქტორია ჩაპლინთან ერთად

ვიქტორიასთან (დედასთან) ერთად მუშაობა რომ დავიწყე, უკვე ზრდასრული ვიყავი. თავიდან ერთად ვმონაწილეობდით წარმოდგენებში - ეს ორივესთვის ამაღელვებელი იყო. ცირკში დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა კომოდს უკავშირდება - მახსოვს, როგორ ჩავძვერი შიგ. ეს დეჟა ვუ იყო, სახლში დაბრუნებას ჰგავდა. პიესა Aurelia’s Oratorio-ს დადგმას ერთი წელი დასჭირდა - გაგვიჭიანურდა გასტროლებისა და სხვა სპექტაკლების გამო, მაგრამ ამ წარმოდგენამ გასტროლებზე რვა წელი იმოგზაურა. Murmures des murs ჩემი და ვიქტორიას მეორე სპექტაკლია, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა. Bells and Spells ჩვენი მესამე წარმოდგენაა და თითები მაქვს გადაჯვარედინებული, თვალი რომ არ გვეცეს - ვისურვებდი, დიდხანს წარმატებით იმოგზაუროს ამ სპექტაკლმა.

- ცირკში გამოსვლამ რა გამოცდილება შეგძინათ? სცენაზე რომ გხედავთ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თქვენთვის სირთულეები არ არსებობს... - გმადლობ! ზოგჯერ მგონია, რომ გამომძიებელი ვარ - ემოციებს ვიძიებ. ყველაფერს ვიყენებ ოსტატობის სრულყოფისთვის - ვუყურებ სხვებს, ვსწავლობ, მერე კი ვეძებ გზებს, რომ გამომივიდეს. სწავლა არასდროს შემიწყვეტია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახისგან, ვიქტორიასგან ვისწავლე. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, ჯეიმს მარტინესი პროფესიონალი მოცეკვავე და არტისტია. ცეკვის დროს ის მუდმივად ითვლის, მე - არა. ჩემი ცეკვის გამოცდილება მხოლოდ აკრობატულ ტრაპეციაზე გამოსვლაა, ასე რომ, ჯეიმსის "ენის" შესწავლა მომიხდა. რომ იტყვის: "ექვსი, შვიდი, რვა..." - უკვე ვიცი, რასაც გულისხმობს... თითქმის ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ სხვა წარმოდგენებშიც მიმიღია მონაწილეობა, ტრადიციულ სპექტაკლებში, რამდენიმე ფილმში. შარშან ოპერაშიც კი ვითამაშე, თუმცა ვიქტორიას პიესები არის ის, რაც მიყვარს - ოპტიკური ილუზია, ჯადოქრობა, ცეკვა, ილეთები... სცენაზე მთელი ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, მაგრამ მხოლოდ მე და ჯეიმსი ვჩანვართ.

ჩარლი ჩაპლნი უნასთან ერთად

- ჩვენს საუბარს ისე ვერ დავამთავრებთ, ბაბუაზე, ჩარლი ჩაპლინზე რომ არ გკითხოთ. მოგვიყევით, როგორი დაგამახსოვრდათ. - ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ჩარლი ჩაპლინი შენი ბაბუაა. ეს რაღაც მაგიური და სიურრეალისტურია. ჩვენ, მისი შთამომავლები, ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩემი მოგონებები ბაბუზე ის ფოტოები, კადრები, ფილმებია, რომლებიც ყველას გვაქვს ნანახი, ასევე დედის, დეიდის, ბიძების ნაამბობი... მიყვარს მისი ფილმები, როგორც ყველას. ჩარლი უფრო მაყურებელს, ხალხს ეკუთვნის, ვიდრე მის ოჯახს. ეს დამახასიათებელია მისი მასშტაბის ხელოვანებისთვის - მათი შემოქმედება ყველას გვაერთიანებს.

- თბილისში ვიზიტზეც გკითხავთ... როგორი შთაბეჭდილებებით წახვედით საქართველოდან? - ძალიან შემიყვარდა თბილისი. ეს იყო ხანმოკლე ვიზიტი, მაგრამ მუდამ მემახსოვრება თბილისში გატარებული დღეები, მონასტრები, ქვაფენილიანი ქუჩები... ღია ცის ქვეშ პატარა რესტორანში თქვენი ტრადიციული კერძებიც გავსინჯე. ამ ქალაქს თავისი მამოძრავებელი ძალა აქვს, ქართველი მაყურებელი კი ძალიან თბილი და ენთუზიაზმით აღსავსეა. მოგონებები სულ თან დამაქვს. მახსენდება ქუჩის მოსახვევი, ხედი, ვიღაცის გამოხედვა ან წამოძახილი - ეს ყველაფერი ჩემი ნაწილია. იმედი მაქვს, თბილისში კვლავ დავბრუნდები.

- ახლა თქვენც, მეც და მთელი მსოფლიოც იზოლაციაში ვართ. რას ეტყოდით უამრავ ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს? - იმოგზაურეთ, იმოგზაურეთ და იმოგზაურეთ თქვენს წარმოსახვაში, სანამ ჩაკეტილები ვართ. ასეთ დროს შეიძლება მივიწყებული მოგონებები გავიხსენოთ, ჩვენს სურვილებსა თუ შიშს ჩავუღრმავდეთ... ახლა სრულიად განსხვავებული ცხოვრების ტემპია. მთავარია, ძლიერები ვიყოთ და სულიერება შევინარჩუნოთ. იყავით სახლში უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და იმედიანად. დღევანდელი რეალობის ირონიაა - თუ გინდა, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი დაიფარო, უნდა იყო იზოლაციაში და იმუნურ სისტემას გაუფრთხილდე. გარეთ კი, როცა გავალთ, სრულიად შეცვლილი მსოფლიო დაგვხვდება.