"ყველა ქალი მტოვებდა, თუმცა ჩემგან წასული ყველა ბედნიერი ხდებოდა" - კვირის პალიტრა

"ყველა ქალი მტოვებდა, თუმცა ჩემგან წასული ყველა ბედნიერი ხდებოდა"

"სულ სამჯერ ვიყავი გაშტერებით შეყვარებული, ახლა, ამ ასაკში, მეოთხეზეც არ ვიტყოდი უარს, იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის"

თემურ კილაძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, საბჭოთა კავშირში მან პირველმა დაიწყო ნავთობის გადამუშავება და ორჯერ გახდა მილიონერი, თუმცა ორჯერვე გაკოტრდა. 37 წლისამ უფის ნავთობის ინსტიტუტში საკანდიდატო დაიცვა და პროფესორი, შემდეგ კი კათედრის გამგე გახდა. დღეს გურიაში ცხოვრობს და განვლილ საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს.

- უზარმაზარ 8-მილიონიან მოსკოვში ჩასულ 17 წლის ბიჭს ქვეყანა ჩემი მეგონა. გიბკინის (ნავთობის) ინსტიტუტში ჩავაბარე. ვითომ საქართველო ნავთობს მიჰქონდა. მეორე კურსზე ჯერ აკადემიური ავიღე, მერე კი ინსტიტუტი მივატოვე, მოგვიანებით უფის ნავთობის ინსტიტუტში ჩავაბარე და მანდ დაიწყო ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპი - სადოქტორო, პროფესორობა, ახალი სიყვარული, მილიონერობა...

თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ იმ გოგოს ჩემზე ეთქვა, ეს ბიჭი ყველას სჯობსო. ქალის გამო მთებს ვაბრუნებდი, ამიტომ გავხდი 36 წლის ასაკში დოქტორი, 37 კი პროფესორი და კათედრის გამგე, ასამდე ნაშრომის ავტორი... სანამ ვამტკიცებდი, რა მაგარი ვიყავი, იმ გოგოს სიყვარულმა გადამიარა. შემდეგ მეორეს ვუმტკიცებდი სიყვარულს, მერე მესამეს. ბოლოს დავჭკვიანდი და არავის არაფერს ვუმტკიცებდი. სულ სამჯერ ვიყავი გაშტერებით შეყვარებული, ახლა, ამ ასაკში, მეოთხეზეც არ ვიტყოდი უარს, იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის.

- დაუმტკიცეთ იმ გოგოს, რომ მაგარი ხართ?

- იმ გოგომ შემამჩნია. მეც მთელი ოცი წელი მიყვარდა. მერე მაინც მიმატოვა. არაფერი გამიკეთებია მის შესაჩერებლად. ისე, ყველა მტოვებდა, მე არავინ მიმიტოვებია, თუმცა ჩემგან წასული ყველა ქალი ბედნიერი ხდებოდა.

- როგორ გახდით მილიონერი? - სადოქტორო რომ დავიცავი, პერესტროიკა წამომეწია. 1989 წელს საბჭოთა კავშირში პირველმა მე დავიწყე ბენზინის კერძოდ წარმოება. ნავთობგადამუშავების რესპუბლიკაში (ბაშკირეთში) ყველა ქარხნის დირექტორს ვიცნობდი და რამდენიმესთან ვმეგობრობდი. ერთ-ერთ ქარხანასთან ხელშეკრულება გავაფორმე. პირველი პარტია უკრაინაში გავყიდე და ფირმის ანგარიშზე იმდენი ფული მოვიდა, 115 "ლადას" ვიყიდდი, იმ "ლადას", რომლის საყიდლადაც მამაჩემმა 15 წელიწადს აგროვა ფული.

- როგორ გაკოტრდით? - ნელ-ნელა უამრავი მყიდველი გამოჩნდა, პატიოსანიც და ვიგინდარაც... ერთ ტიპს გადავუტვირთე 20 000 ტონა ნავთობპროდუქტი წინასწარი გადახდის გარეშე. სამ თვეში საბჭოთა კავშირი დაინგრა და ის ტიპიც გაქრა. წავიდა ლონდონში და პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. პირველმა გაკოტრებამ ისე იმოქმედა, ვიფიქრე, აღარ მინდა არც საბჭოთა კავშირი, არც მილიონები-მეთქი. დავწერე განცხადება, დავტოვე კათედრის გამგეობა და გადავსახლდი ევროპაში. მთლად გაკოტრებულიც არ ვიყავი - სახლი ვიყიდე ადრიატიკის სანაპიროზე, ცოტა ფულიც მქონდა და ვიფიქრე, ახალ ბიზნესს დავიწყებ, სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა-მეთქი, მაგრამ ერთ მშვენიერ დილას აღმოვაჩინე, რომ ანგარიშზე მხოლოდ 5 ათასი დოლარი დამრჩენოდა. რას ვიზამდი? დავიწყე უძრავი ქონების გაყიდვა რუსეთში და ერთი-ორი წელი კიდევ გავქაჩე. 1997 წელს მივხვდი, რომ გასაყიდი მხოლოდ ის სახლიღა დამრჩა, ადრიატიკაზე. 10 წლის მერე მაგის გაყიდვამაც მომიწია - ეს უკვე მეორე გაკოტრების შემდეგ.

- ნავთობის ბიზნესში გაკოტრების შემდეგ მეორედ გახდით მილიონერი, როგორ? - ბედის წყალობით ახალი ბიზნესი დავიწყე - ხეტყის გადამუშავება. იტალიიდან რუსეთში დავდიოდი და იტალიელებს რუსებთან ვაკავშირებდი. იტალიაში გავხდი უზარმაზარი ფირმის წარმომადგენელი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში 90-მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა.

ახალი ბიზნესი იმდენად წარმატებული გამოვიდა, საზღვარგარეთ მყოფი მომნახა ბაშკირეთის პრეზიდენტმა მურთაზ რახიმოვმა და უზარმაზარი ჰოლდინგის გენერალურ დირექტორად დამნიშნა. პუტინი ახალი მოსული იყო მთავრობაში და ბაშკირეთს ეწვია. სადილზე მურთაზ რახიმოვს პუტინზე ვკითხე, როგორ მოგეწონა-მეთქი და, დასცინა - აბანოში ვიყავით, კაი ბიჭია, კუნთებაო. ფაქტობრივად, უპორტფელო მინისტრი ვიყავი. კვირაში ერთხელ თათბირზე ვიყავი პრემიერთან და სახელმწიფო მანქანა მემსახურებოდა.

2007 წელს ბაშკირეთის ენციკლოპედიაშიც მოვხვდი როგორც ქიმიკოსი, რომელსაც ნავთობგადამამუშავებელ სფეროში ასზე მეტი ნაშრომი აქვს დაწერილი. ამ მეორე გაკოტრებას კი ნუღარ გამახსენებთ, იმასაც, ახლა რა დღეშიც ვარ და რამდენი ვალი მაქვს. ეს ყველაფერი წარსულია, აწმყო - სავალალო, მაგრამ ვიცი, კიდევ გამიღიმებს ბედი.

ხათუნა კორთხონჯია