"მხოლოდ უფალს შეუძლია ეს აზვირთებული სენი შეაჩეროს"
"მხოლოდ უფალს შეუძლია ეს აზვირთებული სენი შეაჩეროს"
"კითხვა, თუ რატომ უშვებს­ ღმერთი ამას, პასუხი ასეთია - ყველა ჩვენგანის ცოდვების გამო"

ხალი კორონავირუსის გავრცელების გამო რეგულაციები დაწესდა ყველა სფეროში და ეს ცვლილებები ნაწილობრივ უკვე შეეხო მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. პატრიარქის თქმით: "ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი". თუმცა ილია მეორის რეკომენდაციით, 4 აპრილიდან ლოცვა შუადღეს, 16:00 საათზე დაიწყო, ეკლესიები კი 20:00 საათზე დაიხურა. გარდა ამისა, პატრიარქს ორი რეკომენდაცია აქვს -
ტაძრის ეზოებში გაკეთდეს 1,5 მ-ის დაშორებით ხალხის დასადგომი ნიშნულები; ყოველდღიურად და ხშირად გაიწმინდოს ხატები სპირტისა და ვარდის წყლით, იატაკები კი დამუშავდეს...

საპატრიარქოს პრესმდივან მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვის ჩატარების შესახებ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 21 აპრილამდეა გამოცხადებული. ამ პერიოდში
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამის შესახებ გვესაუბრა მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელმაც თავის ეპარქიაში არსებული ვითარების შესახებაც გვიამბო.

- ყველა მოძღვარი, ვინც რაიონის გარეთ ცხოვრობდნენ, თავიანთ სამრევლოებს დაუბრუნდნენ მრევლის გასამხნევებლად.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ შიდა გადაცემის დიდი რისკი იყო, მთავრობამ­ კარანტინი გამოაცხადა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. შემდეგ მთელ რეგიონში თერმოსკრინინგი ჩატარდა და მოსახლეობაც­ თანდათან მოერგო ახალ რეალობას. ახლა რეგიონში შედარებით სიმშვიდეა და ხალხი თავს მეტად დაც­ულად გრძნობს. მადლობა უფალს, მოსახლეობის დიდ ნაწილს სახიფათო არაფერი აღმოაჩნდა და ეპიდაფეთქებას გადავურჩით.

- რა ცვლილებებს უნდა ელოდეს მართლმადიდებლური სამყარო სააღდგომოდ?
- მართლმადიდებელი ეკლესია ყველანაირად ცდილობს მორჩილებით მიიღოს­ ის რეგულაციები, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს და გაითვალისწინოს იმდენად, რამდენადაც ეს მის რელიგიურ სინდისს არ ეწინააღმდეგება... ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, ძალიან მკაცრად დაიცვან დისტანცია ღვთისმსახურების დროს, ზოგი ეკლესიის გარეთ, ეზოში დგას.

პატრიარქმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ ლო­ცვები ცოტა ადრე დაიწყოს, რათა კომენდანტის საათს­ არ დაემთხვეს. თუმცა მაინც არიან ისეთები, ვინც ცდილობენ ეკლესიის როლი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ არ ვუფრთხილდებით ადამიანის სიცოცხლეს...

როდესაც ლაპარაკია იმაზე, თუ რატომ დაუშვა ეს უფალმა, ის ამბობს, ნუ გეშინიათ­ იმის, რასაც თქვენი ხორციელად მოკვდინება შეუძლია, გეტყვით, რომ ცოდვის, გეენის­ გეშინოდეთ, რასაც შეუძლია ადამიანი­ საუკუნო გეენიაში ჩააგდოს. რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან ფასეულია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ არა საუკუნო ცხოვრების ხარჯზე.

იმდენად დავემორჩილებით ამქვეყნიურ კანონებს, რამდენადაც საღვთო კანონისთვის იქნება მისაღები.
მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლ­ობა ვუთხრა ჩვენს სახელმწიფოს, მხედრობას, პოლიციას, ჯანდაცვის მუშაკებს­ და გულით დავლოცო ისინი, რომ ასეთი­ თავ­დ­ადებული არიან. ასევე­ მადლობა იმისთვის, რომ ეკლესიასა და საპატრიარქ­ოსთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

- თქვენ მრევლს მოუწოდეთ, დარჩით სახლში და თქვენთვის ჩვენ ვილოცებთო...
- დიახ, მუნიციპალიტეტში ეპიდაფეთქების საფრთხე იყო, მიმოსვლა შეიზღუდა, კარანტინი გამოცხადდა და სანამ ვითარებაში გავერკვეოდი, მრევლს ვუთხარი,­ ღვთისმსახურები ვიქნებით ტაძარში, თქვენ კი სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ და ასე ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ვიღაცამ სახლ­იდან, სხვებმა კი ტაძრებიდან-მეთქი.

თანდათან ჩამოვყალიბდით და მივყვებით რეგულაციებს - მკაცრად ვიცავთ დისტანციას. ასევე დავამკვიდრეთ მისალმების ახალი წესი - გულზე ხელის დადებითა და თავის­ დაკვრით ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა. შევიძინეთ ხმის გამაძლიერებლებიც. ამ რეალობისთვის ტექნიკურადაც კი არ ვიყავით მზად. შესაბამისად, ჩვენი ეპარქიის მრევლი ჩემს პასუხს ელოდებოდა, და იმ წუთში ეს პასუხი მქონდა - თქვენ დარჩით სახლში, ჩვენ კი თქვენთვის ვილოცებთ-მეთქი. ბოლოს შევთანხმდით, რომ ხმის გამაძლიერებლები დაგვეყენებინა.

მე ასეთი მიდგომა მაქვს, არავის არაფერს ვავალდებულებ. ვინც ფიქრობს, რომ მისთვის ამ განსაცდელის ჟამს პური ზეშთაარსობის სასიცოცხლოდ მნიშვნელ­ოვანია, მივიდეს ტაძარში, ილოცოს ქვეყნისთვის, ხალხისთვის... ვინც ფიქრობს, რომ სახლში დარჩენა ჯობია, იქ ილოცონ. ჩვენ არავის ვზრახავთ, განვიკითხავთ და ვაკნინებთ, ყველა ერთნაირად გვიყვარს და ვიღებთ მათ.

- ფიქრობთ, რომ თავად მრევლი არ დაყოფს "მცირედ" და "მეტად" მორწმუნეებს?
- ჩვენ ყველას ავუხსენით და მრევლიც შეგნებულად მიუდგა ამ საკითხს მთელ მუნიციპალიტეტსა და ეპარქიაში. ყველამ გაიგო, რომ ტაძარში მოსვლა ნებაყოფლობითია - ვისაც სურს მობ­რძანდეს. ტაძრის კარი არ დაიხურება, სანამ უკანასკნელი მღვდელი, უსისხლო მსხვერპლთშემწირველი იდგება უზენაესი საკურთხევლის წინაშე.

- საუფლო დღესასწაულები მოდის... ევქარისტიაზეც გკითხავთ, რაც დღემდე იწვევს საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვას.­
- ზიარება ევქარისტიული კავშირი ღმერთთან, რომელიც განკაცებულმა უფალმა ქრისტემ თავად დააწესა საიდუმლო სერობაზე - ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდაო, ამბობს უფალი. ასევე მაშინდელ ებრაელებს უთხრა, თქვენმა მამებმა მანანა სჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ, ხოლო პური, რომელი მივცე მე, ხორცი არსო...

ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც დედამიწას ატრიალებს და წმინდა მამების წერილების თანახმად, რაჟამს ჟამის წირვა დასრულდება, სამყაროც დასრულდება, რადგან ამ დროს თვით უფალი მოვა. რაც შეეხება ზიარებას, ეს იქნებოდა კოვზით თუ ხელით, ამაზე წმინდა სინოდმა იმსჯელა და უცვლელად დატოვა.

- იყო განსხვავებული მოსაზრებები?
- ასე რომ ყოფილიყო, ასე არ დარჩებოდა, რადგან აზრადაც არ უნდა გავივლოთ, რომ ზიარებით ადამიანს რაღაც სენი გადაედება...

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კომენდატის საათის დარღვევად ჩაითვლება ნებისმიერი შემთხვევა, ნებისმიერი მასობრივი შეკრება ეკლესიაში იქნება თუ სხვა სივრცეში. ალბათ, უკვე იმსჯელეთ სააღდგომო დღესასწაულის მოსალოდნელ ღამის თევაზე.
- რადგან იზოლაციაში ვიმყოფებით, ყველა თავის ეპარქიაშია, მღვდელმთავრებს ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვაქვს, მაგრამ ისეთ საუფლო დღესასწაულზე, როგორიც არის აღდგომა, რითაც უფალმა სიკვდილი განაქარვა და ადამიანები საუკუნო ეშმაკის მონობისგან გამოგვიხსნა, ლიტურგია ტარდება ღამის თევით, ლიტანიობით და მის მსახურებას თავისი წეს-განგება აქვს.
მჯერა ჩვენი ხელისუფლება იპოვის გონივრულ გამოსავალს, რომელიც არ დააკნინებს სააღდგომო მსახურებას ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დადგეს. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვისაც არ სწამს ან მცირედ მორწმუნეა, თუმცა­ ჩვენ ყველასთვის ერთნაირად ვლოცულობთ. ისე კი ახლა უფრო მეტად გვჭირდება ლოცვა, ვიდრე სხვა დროს.

მრავალჭირგამოვლილ საქართველოს ადრეც ჰქონია მსგავსი განსაცდელი, რა დროსაც ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა.­ მან უარი თქვა წყაროდან მოტანილი წყლის დალევაზე და ის მიირთვა, რასაც მისი მრევლი სვამდა და გარდაიცვალა. ეს იყო ღვთის დაშვება. თუ იმას, რაც ახლა ხდება, სულიერ ჭრილში შევხედავთ, ცოდვების გამრავლება ყოველთვის იწვევდა კატაკლიზმებს, თითქოს თავად სამყარო დაიჭიმებ­ოდა, დაიძაბებოდა. ამას უფალი უშვებს, რათა შეაფხიზლოს და შეაჩეროს ადამიანი, რათა რაღაც უარესისგან დაიცვას.

ასე იყო ნოეს დროსაც - უფალმა ისე გადარეცხა დედამიწა, მხოლოდ ნოეს ოჯახი გადარჩა, რომლისგან შემდგომ გამრავლდა კაცობრიობა.
ჩვენ ისეთ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ, როდესაც უფლის მეორედ მოსვლა მოახლოებულია. უფალი ამბობს, როდესაც ასეთი ამბებს­ იხილავთ, ეს ნიშნავს, რომ ჟამი ახლოს არის. ეს ისეთივეა, როგორც მშობიარე დედაკაცის ამბავი, რომელიც დაახლოებით გრძნობს, როდის დაეწყება სამშობიარო ტკივილი, უბრალოდ, ზუსტად არ იცის, ეს შუადღეს მოხდება თუ ღამეს...

მხოლოდ უფალს შეუძლია ეს აზვირთებული­ სენი შეაჩეროს. როდესაც ჩვენი უფალი, განკაცებული ღმერთი, ჩვენი ცოდვების გამოსახსნელად პეტრე მოციქულს ესტუმრა, მისი სიდედრი ცხელებით სარეცელზე იყო დადებული და უფალმა ერთი შეხებით განკურნა. ეს ნიშნავს, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, მაგრამ კითხვა, თუ რატომ უშვებს­ ღმერთი ამას, პასუხი ასეთია - ყველა ჩვენგანის ცოდვების გამო.
რაც მთავარია, ამა ქვეყნის ძლიერმა თუ უბრალო ადამიანმა გააცნობიერა, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე ერთ ხაზზე ვდგავართ. იქნებ ეს გაკვეთილია, რათა ახლა მაინც ვიყოთ ერთსულოვანი, შევურიგდეთ უფალს და გულწრფელი სიყვარულით გვიყვარდეს ერთმანეთი.

- ამ უცნობი ვირუსის გამოჩენისა და გავრცელების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბრუნდება ათასობით ემიგრანტი და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ანუ სხვა რეალობაში გადავედით?
- დიახ, ჩვენი უწმინდესი შემთხვევით არასდროს არაფერზე საუბრობს. მან არც ისე დიდი ხნის წინ მოუწოდა ემიგრანტებს,­ თავის დროზე რომ მოგვევლო ჩვენი მიწა-წყლისთვის, უფრო გაგვიადვილდებოდა­ ყველაფერიო. დიახ, უამრავი ჩამოვიდა, მაგრამ ათასობით მათგანი ჯერ კიდევ უცხოეთშია ჩარჩენილი. მადლობა ხელის­უფლებას, რომ მათ ჩამოსაყვანად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ერთბაშად მათი ჩამოყვანა შეუძლებელია, რადგან როგორც ვიცი, მხოლოდ იტალიაში 50 000 ქართველია... როგორ ჩამოიყვანენ ყველას ერთბაშად? არადა, ყველას სურს დაბრუნება. პატრიარქი ჯერ კიდევ როდის მოუწოდებდა მათ, დაუბრუნდით თქვენს მიწა-წყალსო. ზოგმა ეს თხოვნა საქილიკოდ გაიხადა... საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი დაბრუნება, ეს კი ძალიან დიდი მადლია.
ქართველებს გეორგიანელები გვეწოდებოდა, რაც ბერძნულად მიწათმოქმედს ნიშნავს. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ვამბობთ, რომ ყველაფერი აირია, მაგრამ იქნებ პირიქით არის, იქნებ ახლა გვეძლევა შანსი საწყისს დავუბრუნდეთ, თან ისე, რომ განვითარება არ შევწყვიტოთ?

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მიერ განვლილი უმძიმესი გზით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ გადარჩენისა და განვითარების ღირსი ვართ. ჰოდა, ახლაც გადავურჩებით ამ უბედურებას და გაძლიერებული გამოვალთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?