"15-16 წლის ვიყავი, პირველი ოჯახი რომ შევქმენი და არც ჩემი ნებით მომხდარა ეს"
"15-16 წლის ვიყავი, პირველი ოჯახი რომ შევქმენი და არც ჩემი ნებით მომხდარა ეს"
"ჩემს ცხოვრებაში მშობლები უფრო პრინციპულად რომ ჩარეულიყვნენ და იმაზე არ ეფიქრათ, ვინმემ რამე არ თქვასო, ჩემი ცხოვრება გაცილებით სრულფასოვანი იქნებოდა"

ის ყოველთვის ელეგანტური და მოხდენილია. მოსწონს, როდესაც ფორმაშია და ყველა ქალს ურჩევს, არ მოდუნდნენ, გარეგნობას მიხედონ. თვითონ ამას მაინც ახერხებს, თუნდაც, ყველაზე დაძაბული დღის რეჟიმი ჰქონდეს. ჩვენი სტუმარია პიარტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა, რომელსაც თანამედროვე ქალების პრობლემებსა და საფიქრალზე ვესაუბრეთ.

- თაობები ერთმანეთს ცვლიან და ყველაფერი იცვლება. რა მოგწონთ დღევანდელი
ახალგაზრდების აზროვნებაში?

- ყველაფერი მომწონს, რაც ახალ თაობასთან არის დაკავშირებული. ჩემი თაობის ე.წ. სიწმინდეები იმდენად იყო გაუკუღმართებული და გაცრეცილი, იმდენი ხავსი გახლდათ დაგროვილი, მიხარია, ახალი თაობა ყველაფერს თავის სახელს რომ არქმევს. პატარა გოგო აუცილებლად უნდა გათხოვილიყო და მთელი ცხოვრება სამზარეულოში ეტრიალა, რადგან მიიჩნეოდა, რომ მამაკაცი
გახლდათ ყველაფრის თავიდათავი. ქალის ინიციატივა ჩვენთან ყოველთვის ისჯებოდა და ზოგჯერ, ახლაც ისჯება. გადახედეთ საქმიან, რეალიზებულ ქალებს, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს, პრაქტიკულად ყველა მარტოა. რთულია მამაკაცთან ერთად, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, კარიერა ააწყო. ძნელია მას აუხსნა, რომ საღამოს, გვიან, შეიძლება საქმიანი შეხვედრა გქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში უნდა გადაფრინდე, რადგან იქ აუცილებელი შეხვედრა გაქვს. ეს გთრგუნავს და მოთმინების ძაფი სადღაც მაინც წყდება...

- თუმცა, თანამედროვე გოგონები ასეთ შეზღუდვებს აღარ ემორჩილებიან.
- საბედნიეროდ, ასეა. ახალმა დროებამ ისიც მოიტანა, რომ მამაკაცი ოჯახს მარტო ვეღარ ინახავს. მას ქალის მხარში დგომა სჭირდება. ახალგაზრდა ოჯახებში ეს ყველაფერი გააცნობიერეს და ფუნქციებიც თანაბრად გადაინაწილეს. წარსულს ჩაჰბარდა დრო, როცა ქალი თხოვდებოდა და მერე შეეძლო არაფერი ეკეთებინა, რადგან მეუღლის ან მისი ოჯახის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს კარგია. დღეს ახალგაზრდა ოჯახმა თვითონ უნდა იზრუნოს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა, რადგან დედამთილთან და მამამთილთან თითქმის არავინ ცხოვრობს. ვფიქრობ, ესეც ძალიან კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა მეუღლის მშობლებთან, მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ტელევიზორში რას უყურონ, სახლში როგორი ავეჯი შეიტანონ და როგორ განკარგონ თავიანთი ბედი.

- საბედნიეროდ, საქართველოში მოტაცების ტრადიციაც დაივიწყეს, როცა გოგონა იძულებული იყო სრულიად უცხო მამაკაცთან გაეტარებინა მთელი ცხოვრება...
- გეთანხმებით, ეს საშინელება იყო. როდესაც არასრულწლოვანს იტაცებ, ეს უკვე დანაშაულია. ეს - არქაული, საშინელი წესია, ბავშვის ტრავმირება და იმ პატარა გოგონას ცხოვრების არევა - სულერთია, როგორ დამთავრდება მოტაცება, ქორწილით თუ განშორებით. როგორ შეიძლება შენი ცხოვრების თანამგზავრად იქცეს ადამიანი, როცა ყველაზე მთავარს არ ეკითხები - უნდა თუ არა შენი ცოლი გახდეს?! ჩემს თაობაში ეს ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ: თუ გარეგნობა ხელს გიწყობდა, დიდი შანსი იყო, რომ სკოლას ვერ დაამთავრებდი ან - მშობლებს ხელჩაკიდებული უნდა ეტარებინე ყველგან.

- თუმცა, მოტაცების შედეგად კარგი ოჯახებიც იქმნებოდა...
- ეს იშვიათი გამონაკლისი იყო. თითოეული ადამიანი ხომ ცალკე ბიოქიმიური წარმონაქმნია. სუნამოც კი ყველას სხვადასხვანაირი მოსწონს. როცა ორი ბიოლოგიური ინდივიდი ერთმანეთს უნდა შეერწყას, მათ ბევრი რამ უნდა ჰქონდეთ საერთო. უამრავი განქორწინება ხდება იმის გამო, რადგან ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ ეგუება. ოჯახი თავიდან ინარჩუნებს ცრუმორჩილებას, რომელიც ჩვენი, კავკასიური სენია. ოღონდაც ვინმემ რაიმე არ თქვას, ოღონდ მეზობელმა არ გაგვკიცხოს და საკუთარი ინტერესები უკანა პლანზეა გადასული. მიუხედავად ამისა, თანდათან იწყება განცალკევება, მეუღლეები ნელ-ნელა სხვადასხვა ოთახში გადადიან, სხვადასხვა ცხოვრება აქვთ და ბოლოს ასეთი ოჯახი იშლება. მე ჩემს თავზე გამოვცადე ამ ე.წ. ტრადიციის მავნე გავლენა: 15-16 წლის ვიყავი, პირველი ოჯახი რომ შევქმენი და არც ჩემი ნებით მომხდარა ეს. ამიტომ, ძალიან მომწონს, რომ მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას მიაკუთვნეს. კარგია, რომ ამ საუკუნეში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაცილებით სერიოზულად ეკიდება ოჯახის შექმნას.

- როგორც ჩანს, თქვენც გაუწიეთ ანგარიში საზოგადოების აზრს.
- დიახ, როდესაც პირველი ოჯახი შევქმენი, ბევრ რამეს გავუწიე ანგარიში, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მშობლები უფრო პრინციპულად რომ ჩარეულიყვნენ და იმაზე არ ეფიქრათ, ვინმემ რამე არ თქვასო, ჩემი ცხოვრება გაცილებით სრულფასოვანი იქნებოდა. ურთულესია, როცა არავინ არაფერს გეკითხება, როცა შენთვის უცხო ადამიანები მანქანაში ჩაგტენიან და მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ შენი ცხოვრება სხვებმა უკვე განსაზღვრეს... საბედნიეროდ, ძალიან შემიწყვეს ხელი მშობლებმა, უნივერსიტეტი და ასპირანტურა რომ დამემთავრებინა, მაგრამ ჩემ ირგვლივ ბევრი ნიჭიერი გოგონას ბედი აირია. მათ სწავლა სურდათ. გაგრძელება

ლუხო
05 აპრილი 2020 09:01
ლალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იგი იფერებს,
ის თქვენგან შექებას ელის, ნუ გაუცრუებთ იმედებს,
როცა სარკესთან ჩაივლის და წამით ყელს მოიღერებს,
უთხარით ქათინაური, თვალი დაუდგეს სიბერეს!
irma
05 აპრილი 2020 04:47
GETANXMEBI LALI YVELAFERSHI, RAC AR UNDA ZLIERI OJAXSHI MOXVDE , RODESAC BAVSHVI XAR, GANA SHEIZLEBA ! BEDNIERI IYO, ES TAVIS MOTYYEBAS GAVS,DA ARA BEDNEREBAS, RAC AR UNDA GIYVARDET ERTMANETI.


.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები