"ნაგვის გადაყრის დრო რომ მოდის, ლამის ჰალსტუხით და "კოსტიუმ-შარვალით" გავიდე, ისე მომენატრა ამ "ნარიადში" გამოწკეპვა"
05-04-2020
"ნაგვის გადაყრის დრო რომ მოდის, ლამის ჰალსტუხით და "კოსტიუმ-შარვალით" გავიდე, ისე მომენატრა ამ "ნარიადში" გამოწკეპვა"
"დარჩი სახლში" კამპანიის ფარგლებში ბევრი ადამიანი მოუწოდებს გარშემო მყოფებს, ეს ერთი შეხედვით მარტივი რეკომენდაცია შეასრულონ. თუმცა, ურჩ მოქალაქეებზე ალბათ მხოლოდ სიმკაცრე გაჭრის. რამდენად იცავენ თვითიზოლაციის წესებს და სხვა რეკომენდაციებს და როგორ იქცევენ თავს კარჩაკეტილი რეჟიმისას, ამ საკითხებზე ჟურნალი "გზა" საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

გიორგი ონიანი, ცნობილი საოპერო მომღერალი:
- რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, დამჯერი ვხდები. ადამიანის ხასიათში, ზოგადად, სიტუაციის შესაბამისად ისეთი გრძნობები და
ქცევები იღვიძებს, რომლებსაც მანამდე არ იცნობდა? დღეს "საზოგადოებრივი თვითშეგნება", "მოქალაქეობრივი ვალი", "საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა" - ეს დამახასიათებელი ნიშნები გახდა მნიშვნელოვანი. ბევრ რამეს ხომ არ ითხოვენ ჩვენგან? თითქოს უმარტივესია - დარჩი სახლში, არ გახვიდე გარეთ, ხელები ხშირად დაიბანე და ა.შ. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმ ადამიანების თვითშეგნებაზე საუბარს
მოვერიდები, ვინც კარანტინიდან გარბის ან თვითიზოლაციის წესებს შეგნებულად არღვევს. გაიძახიან - არ მჭირს არაფერი, ჯანმრთელი ვარ, აქ რა მინდა? მხოლოდ უგუნურები იქცევიან ასე. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვებსაც, მათ შორის, ოჯახის წევრებს. უბედურება ისაა, რომ ამ საშინელმა ვირუსმა არ იცის ჭკვიანი და უგუნური. როცა შეგნება მოიკოჭლებს, იქ ძალა უნდა ჩაანაცვლო - ეს მეთოდი ამ შემთხვევაშიც ეფექტურია.

სახლში გამოკეტვა, რა თქმა უნდა, იოლი არაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბინაში ცხოვრობს, თორემ ზოგს იმხელა სახლი და ეზო აქვს, ნახევარი საათი შეიძლება ისეირნოს ისე, რომ გარეთ არ გავიდეს. ეს არაა შინაპატიმრობა. როცა შენს სახლში კოტრიალზეა სამყაროს ბედი დამოკიდებული, კი უნდა დაეტიო ერთ ადგილას. ვინც არ დაემორჩილება, მოუწევს გვირაბში სეირნობა ნათელი შუქისკენ. მე და ჩემი ოჯახი (საბედნიეროდ, ოთხნი ვართ) ჯოკერს ვთამაშობთ, სანამ კარტი არ გაგვიცვდება (იცინის). შიგადაშიგ, ჭადრაკსაც ვეთამაშები ჩემს ვაჟს. ასე ერთად აქამდე ვერ ვახერხებდით ყოფნას, ახლა გადმოვალაგეთ შვილების პატარაობის ვიდეოები, ერთად ვიხსენებთ და მხიარულად ვუყურებთ. იმდენი თავისუფალი დრო გამიჩნდა, რომ რაც ორ-სამ წელიწადში ახალი ოპერების სიმღერა მიწევს, ახლა ვისწავლი, საქმეს წინ წავიგდებ. ნაგვის გადაყრის დრო რომ მოდის, ლამის ჰალსტუხით და "კოსტიუმ-შარვალით" გავიდე, ისე მომენატრა ამ "ნარიადში" გამოწკეპვა (იცინის).

პანიკა ზოგადად ძალზე ცუდია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, თორემ მერე პანიკის ღრუბელი ეფარება ადამიანის ტვინს და ხელს უშლის ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში. სიმშვიდე მნიშვნელოვანია და ყველა წარმატების საიდუმლოც მის შენარჩუნებაშია. "ნეტარ არიან მშვიდნი" და მართლაც ასეა. არ დამავიწყდება, როცა მიხეილ შუმახერს ჰკითხეს მისი წარმატების საიდუმლო, მან მოკლედ უპასუხა: "არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ვუსმენ მოტორის ხმას და ვინარჩუნებ სიმშვიდეს".
ჩემი მეგობარი გერმანიაში, უჰანში ეპიდემიის გამოჩენისთანავე ჩავარდა პანიკაში და 3.500 ევროს პროდუქტი, სადეზინფექციო და დამცავი საშუალებები მოიმარაგა. მაშინ ერთი კვირა მეგობრები ამაზე ვშაყირობდით, ახლა კი ის გვამარაგებს ამ თავდაცვის საშუალებებით. მამაჩემის გამოხდილი ორნახადი ჭაჭაც გამომადგა. არ ვსვამ, მაგრამ ხელების დეზინფექციისთვის ნამდვილად კარგია - პატარა ფლაკონებში გადავასხი და ჯიბით დავატარებთ, როგორც პირადობის მოწმობას. იხილეთ სრულად

თამთა დადეშელი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები