"მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს"
"მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს"
"დაინფიცირებულთა 40% ნიუ-იორკზე მოდის. დიდი ქალაქია, ძალიან მჭიდროდ დასახლებული და სწორედ სოციალური დისტანციის დაუცველობამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი აფეთქება. ახლა ნიუ-ორლეანი შედის პიკის ფაზაში..."

ზურაბ გურული მისისიპის შტატში,­ ქალაქ ჯექსონში ცხოვრობს. ის აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური­ კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორია. მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, ახალ კორონავირუსს ეხება.

- დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბევრ რამეს გადააფასებს პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური თვალსაზრ­ისით. ამერიკაც და ევროპაც დაფიქრდება, როგორ შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებიც
აიძულებს ბიზნესმენებს, სტრატეგიული წარმოების ობიექტები ქვეყნიდან­ არ გაიტანონ. საეჭვო გახდება ჯანდაცვის­ მსოფლიო ორგანიზაციის სანდოობა.

ევრო­კავშირის ეფექტიანობაც დასაფიქრებელი იქნება, რადგან კრიზისმა აჩვენა, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია­ ბრძოლისა და მოქმედების ერთიანი სტრატეგია და გადამწყვეტ მომენტში ყველა ქვეყანას მარტოს უწევს პრობლემასთან გამკლავება...

- "ამბობენ, რომ კორონამ დასავლური­
მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრია, სინამდვილეში კი დასავლური მედიცინის მაღალი დონის გამო განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ხანდაზმულთა რაოდენობა და კორონავირუსმა ძირითად სამიზნედ სწორედ ეს სპექტრი აირჩია, რითაც ფსიქოლოგიურად დაარტყა განათლებისა და პროგრესის საყოველთაო კონცეფციას. მიზანი ერთია - პლანეტამ უნდა დაიჯეროს, რომ პროგრესი­ ხსნა არ არის" - ეს თქვენი სიტყვებია. უფრო ვრც­ლად რას გვეტყვით ამ მოსაზრების შესახებ?
- დასავლური მედიცინა ისევ არის უაღრესად განვითარებული დარგი. სწორედ დასავლური მედიცინის წყალობით იქმნება და ინერგება უახლესი ვაქცინები, მედიკამენტები, მკურნალობის ახალი მეთოდები, სწორედ მის იმედზეა კაცობრიობა, ამჟამინდელი კრიზისი კი მხოლოდ სტრუქტურული, ლოგისტიკური ხასიათის პრობლემაა და ეს სანახევროდ პოლიტიკური პროცესია.

- ამ სიტუაციის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა? ბრძანეთ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომა დაუშვა,­ როცა ეს პრობლემა გააადვილა, პანდემიის გვიან გამოცხადებამ კი პრევენციის ზომების მიღება დააგვიანა.­ სხვა შემთხვევაში ევროპისა და ამერიკის რეაქცია უფრო სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა?
- ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ დღესაც კი, პანდემიის დაწყების მესამე თვეს, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ამ ვირუსის ქცევის შესახებ. არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა, სხვადასხვა ქვეყანაში დაავადების გავრცელების განსხვავებული ტემპისა და კლინიკური სიმწვავის დამაჯერებელი ახსნა, მაგრამ მსოფლიომ ამ კრიზისის საპასუხო რეაქცია აშკარად დააგვიანა. Dდროული და მკაცრი პრევენციული­ ღონისძიებები მკვეთრად შეასუსტებდა როგორც ჯანდაცვის სტრუქტურების, ასევე ეკონომიკური კრიზისის სიმწვავეს.

- ამჟამად აშშ-ში სად არის ყველაზე ცხელი წერტილები?
- დაავადება სხვა­დასხვა შტატში სხვადასხვაგვარი სიმწვავით მიმდინარეობს. ამჟამად ყველაზე ცხელი ადგილი ნიუ-იორკია.­ ამერიკელ დაინფიცირებულთა დაახლოებით 40% ნიუ-იორკზე მოდის. ნიუ-იორკის პრობლემა ის არის, რომ დიდი ქალაქია, ძალიან მჭიდროდ დასახლებული და სწორედ სოციალური დისტანციის დაუცველობამ გამოიწვია ეპიდემიის ასეთი აფეთქება. ახლა ნიუ-ორლეანი შედის პიკის ფაზაში. მისისიპი, სადაც მე ვარ, დაახლოებით 250 კმ-ით არის დაშორებული ნიუ-ორლეანიდან და ჯერჯერობით აქ სტაბილური მდგომარეობაა.

- დღეს რა გამოწ­ვევების წინაშე დგას ამერიკის ჯანდაცვის სისტემა?
- სამედიცინო პერსონალისა და აღჭუ­რვილობა-ეკიპირების დეფიციტია დასაძლევი, რაც, ჩემი აზრით, ორ-სამ თვეში მოგვარდება...

- თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ინფიცირებულებზე. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
- დაავადება ძალიან ნელა იწყება­ დაღლილობის შეგრძნებით, სახსრების,­ კუნთების ტკივილით; ბევრს ეწყება ყელის­ ტკივილით, ზოგს კი - მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურით და ამ ტემპე­რატურის კონტროლი რთულია, ასე ვთქვათ, ჯიუტი ტემპერატურაა.
არ მინდა ვინმეს­ შეეშინდეს, მაგ­რამ უნდა ვთქვათ - იშვიათად, დაახლ­ოებით მეოთხე-მე­ხუთე დღეს იწყება სუნთქვის უკმარისობა, თითქოს გულ-მკერდზე ლოდი გადევსო. უჭირთ ღრმად ჩასუნთქვა, ამის მიზეზი კი ჟანგბადის ნაკლებობაა.

თუ პაციენტი ეცდება, შეამციროს ფიზიკური აქტიურობა, ხშირად იწვეს, დროდადრო გავიდეს სუფთა ჰაერზე, დაახლოებით 48 საათის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუ ეს მდგომარეობა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სიმძიმის შეგრძნებამ იმატა და სუნთქვაც გაძნელდა, საჭიროა პაციენტის სტაციონარში გადაყვანა და ჟანგბადით მკურნალობა - ვგულისხმობ მართვითი სუნთქვის აპარატებს.

ახლა იღებენ მკურნალობის ახალ პროტოკოლებს. რამდენიმე დღეა, ამბობენ, რომ ცდილობენ პაციენტებს თავზე ჩამოაცვან სპეციალური სკაფანდრები, სადაც იქნება ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერი, რაც პაციენტებს სუნთქვას გაუადვილებს.

ერთი სიტყვით, ბევრი ხერხი არსებობს, რომ ამ დაავადებამ მეტ-ნაკლებად კონტრ­ო­ლით ჩაიაროს. კარგი ექიმებისა და დროული ჩარევის შემთხვევაში მას სერიოზული გართულება არ მოჰყვება..

- ქართულ ჯანდაცვაზე რას იტყვით?
- საქართველოს ჯერჯერობით არ ჰქონია დაპირისპირება მასობრივ სერიოზულ­ კლინიკურ შემთხვევებთან. ერთი-ორი პაც­იენტის წარმატებული მენეჯმენტი არ იძლევა სერიოზული დასკვნის საშუალებას. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ეტაპზე ქვეყანა მეტ-ნაკლებად წარმატებით უმკლავდება გამოწვევას, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა სერიოზული დასკვნის გაკეთება.

- ხშირად ლაპარაკობენ სტატისტიკის­ გაყალბებაზე, ეს საქართველოსთან დაკავშირებითაც­ ითქვა. თქვენ ბრძანეთ, რომ სტატისტიკა გაყალბებული კი არ არის, არ არსებობსო...
- დიახ, არ არსებობს, რადგან ჯერჯერობით მასობრივი ტესტირების საშუალება არ არის, ტესტების სანდოობაც საეჭვოა, განსაკუთრებით - რეგიონებში. ამასთან, მასობრივი ტესტირება შეიძლება ორლესული მახვილიც გამოდგეს, რადგან მოსალოდნელია, ტესტების დადებითი პასუხებით შეშინებული პაციენტები დაავადების თუნდაც ფანტომური გამწვავების ფონზე მასობრივად მიაწყდნენ კლინიკებს და უკონტროლო ქაოსი შექმნან, ამიტომ აქაც ზომიერების დაცვა და გონივრული მოქმედებაა საჭირო.

- მკურნალობის ხერხზე რას გვეტყვით?
- როდესაც არ არსებობს მკურნალობის ჩამოყალიბებული სქემა, გამოცდილმა კლინიცისტებმა უნდა იმოქმედონ თავიანთი ალღოთი და ინსტინქტებით. არ არის საჭირო ამა თუ იმ მეთოდიკის უსაფუძვლო გაფეტიშება და მისი ბრმად მიყოლა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, სულ ახალ-ახალი სამეცნიერო ინფორმაცია ჩნდება, ამიტომ საჭიროა მკურნალობის ტაქტიკის დინამიკურობის შენარჩუნება და დოგმატიკისაგან თავის შორს დაჭერა.

- შორს არის ის დღე, როცა ეს ვირუსი­ კონტროლს დაექვემდებარება?
- სრული კონტროლის დამყარებას ერთი წელი დასჭირდება. ამასობაში გვექნება ვაქცინაც, წამალიც და მსოფლიოს მასობრივი იმუნიტეტიც, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვირუსი რამდენჯერმე შემოუვლის პლანეტას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა