რას ჰყვება Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტი - კვირის პალიტრა

რას ჰყვება Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტი

"ვგრძნობდი სისუსტეს, ფილტვებთან ტკივილს, მტკიოდა ბეჭებიც. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ გაციების, უცნაური შეგრძნება იყო. დავკარგე გემოსა და სუნის შეგრძნება და ვიეჭვე, რომ ეს იყო კორონავირუსი..."

"ეს ვირუსი არის ხანგრძლივი და არ უნდა გაუთამამდეთ"

რუსუდანი: - უკვე ორ კვირაზე მეტია, მე და ჩემი შვილი ვირუსს ვებრძვით. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. უნდა გამიკეთდეს ფილტვების განმეორებითი ტომოგრაფია და ნახავენ, ანთება ჩაცხრა თუ არა. ჩემთვის კორონავირუსის დაწყების თარიღად ექიმები მიიჩნევენ 18 მარტს, ჩემი 15 წლის გიორგისთვის კი - 15 მარტს. მარტის დასაწყისში გიორგი იყო ამერიკაში, ნიუ-იორკში. 11 მარტს ჩამოვიდა თურქეთის გავლით. შეამოწმეს თურქეთის აეროპორტშიც და საქართველოშიც. არანაირი სიმპტომი - ცხელება, ხველა ან ყელის ტკივილი არ ჰქონია, მაგრამ სახლში იყო თვითიზოლაციაში და მეც მასთან ერთად ვიყავი. 15 მარტს, ჩამოსვლიდან ხუთი დღის შემდეგ გიორგის მისცა სიცხე - 37,7, მაგრამ სხვა სიმპტომი არ ჰქონია. ერთი კვირის განმავლობაში კარგად იყო, მაგრამ 22 მარტს ისევ აეწია ტემპერატურა და თავი ცუდად იგრძნო, თუმცა არც მაშინ ჰქონია ხველა, ცემინება ან ყელის ტკივილი. მე 18-ში გავხდი ცუდად. ვგრძნობდი სისუსტეს, ფილტვებთან ტკივილს, მტკიოდა ბეჭებიც. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ გაციების, უცნაური შეგრძნება იყო. დავკარგე გემოსა და სუნის შეგრძნება და ვიეჭვე, რომ ეს იყო კორონავირუსი, ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ექიმებისთვის. ამასობაში ჩემს შვილს ისევ აეწია ტემპერატურა, წავიყვანეთ ინფექციურში და ტესტმა დაადასტურა კორონავირუსი. იმავე დღეს ტესტი მეც გამიკეთეს და ვირუსი მეც დამიდასტურდა. მას შემდეგ ვართ ინფექციურ საავადმყოფოში.

თავიდან დაბალი სიცხე გვქონდა. საავადმყოფოში შემოსვლის მეორე დღეს გაგვიკეთეს ფილტვების მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია. ჩემს შვილს, ჩემგან განსხვავებით, ფილტვების ანთება არ აქვს, მას არც ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაუკარგავს, თითქმის უსიმპტომოდ მიდის ინფექცია.

ინფექციურ საავადმყოფოში ყველა ვმკურნალობთ ბატონ თენგიზ ცერცვაძისა და მისი გუნდის მეთვალყურეობით. გიორგის მკურნალობენ სიმპტომურად. უკვე ხუთი დღეა, სიცხე აღარ გვქონია, თავს კარგად ვგრძნობთ, ჩემი შვილი ონლაინგაკვეთილებსაც ესწრება. ერთ რამ მინდა ვთქვა - ეს ვირუსი არის ხანგრძლივი და არ უნდა გაუთამამდეთ არც დაინფიცირებულები და არც ისინი, ვინც არ არის დაინფიცირებული. ის ორი დღე, სანამ გავარკვევდით, გვჭირდა თუ არა კორონავირუსი, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. მას შემდეგ, რაც ვირუსი დამიდასტურდა, უფრო გავძლიერდი... ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქედან გასვლის შემდეგ მაშინვე ქუჩაში დავიწყებ სიარულს. აუცილებლად უნდა მოფრთხილება, გამოჯანმრთელების შემდეგ იზოლაციაში ყოფნა ორი კვირის განმავლობაში, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ. გავუწიოთ ერთმანეთს ანგარიში და დავრჩეთ სახლში.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს, თავიანთი სიცოცხლის ფასად რომ გვემსახურებიან, გვამხნევებენ და დადებით განწყობას გვიქმნიან.