თენგიზ ცერცვაძე: "მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება" - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე: "მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება"

"პლაზმის მომზადებისა და ამ მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო ასეთი პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მაინც იქნება."

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ვესაუბრებით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს.

- ბატონო თენგიზ, საუბარი გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობის მეთოდით დავიწყოთ. შევძლებთ ამ მეთოდით დაავადებულების განკურნებას?

- დაავადებულთა მკურნალობა უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმით ცნობილი მეთოდია და მას მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებენ მაგალითად, ებოლას ან H1N1 გრიპის ეპიდემიების დროს. გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლი შეიცავს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს, რომლებიც იმ პაციენტში, ვისაც გადაუსხამ, იწვევს აღნიშნული ვირუსის ნეიტრალიზებას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მაგრამ ეს მეთოდი არ არის ფართოდ გამოსაყენებელი და გარანტირებულად ეფექტიანი. მას იყენებენ მძიმე პაციენტებთან, როდესაც ამოწურულია მკურნალობის სხვა ტრადიციული მეთოდები, ყველა ავადმყოფთან გამოყენება არ შეიძლება, რადგან არსებობს გარკვეული შეზღუდვები და სიძნელეები.

- კერძოდ? - უპირველესად, უნდა გყავდეს შესაფერისი დონორი. არ კმარა მხოლოდ ის, რომ ამ ინფექციისგან განიკურნა. მის სისხლში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს მანეიტრალიზებელი, ანუ დამცავი ანტისხეულები. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასხმა ვერ მოახდენს ეფექტს. ამიტომ ჯერ უნდა შეირჩეს დონორი, რომელიც თანახმა იქნება სისხლის გაცემაზე, მერე მის სისხლში უნდა იყოს ანტისხეულების საჭირო რაოდენობა, შემდეგ დონორი უნდა შემოწმდეს ინფექციებზე, როგორიც არის, მაგალითად, აივ-შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები და სხვ. ასევე დონორს არ უნდა ჰქონდეს ონკოლოგიური ან რომელიმე სხვა სერიოზული თანმხლები დაავადება. შესაფერისი დონორის მოძებნის შემდეგ პლაზმის დამზადებაც რთული პროცესია და მოითხოვს მაღალ ტექნოლოგიებს. დონორის რეზუსი და ჯგუფი უნდა ემთხვეოდეს პაციენტისას. უნდა იყოს თავსებადობა დონორისა და პაციენტის პლაზმას შორის... ყველა ამ პირობის გათვალისწინების შემდეგ შეიძლება პლაზმის გადასხმა. ეს რთული პროცედურაა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ 24 მარტს Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ამ მეთოდის გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა, თუმცა არ გაუცია ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია. ანუ პლაზმის გადასხმა არ არის ხელაღებით რეკომენდებული. თითოეულ შემთხვევაში პლაზმის გადასხმა შეთანხმებული უნდა იყოს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოსთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანოა და განსაზღვრავს, რომელი ავადმყოფობის დროს რომელი წამლის გამოყენება შეიძლება და რომლის - არა. მსოფლიოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე Covid 19-ით ინფიცირებულს გადაუსხეს და ისიც - ამერიკაში.

საქართველოსთვისაც არ არის ეს იოლი თუნდაც იმიტომ, რომ ჯერჯერობით გვყავს მხოლოდ ორ ათეულზე ცოტა მეტი გამოჯანმრთელებული და მათ შორის ყველა პარამეტრით მისაღები დონორი ბევრი არ იქნება. წარმოიდგინეთ, ჩინეთში ათეულათასობით გამოჯანმრთელებული ჰყავთ, ასევე იტალიაში, ესპანეთში, სადაც ინფიცირების ასეულათასობით შემთხვევა იყო და ბუნებრივია, გამოჯანმრთელებულიც ბევრია. ჩვენთან ჯერ ძალიან ცოტა შემთხვევაა - დღეისათვის სულ 157 (ინტერვიუ ჩაწერილია 4 აპრილს. - ავტ.) და გამოჯანმრთელებულიც ცოტაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავინტერესდით ამ მეთოდით. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს საქართველოს სასიამოვნო უცნაურობა დაებედა - მართალია, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი არ არის დიდი, არც ჯანდაცვის სისტემაა მაინცდამაინც წელში გამართული, მაგრამ საქართველო ზოგიერთ დარგში მაინც ქმნის ინოვაციურ პროექტებს და აღწევს უფრო დიდ წარმატებას, ვიდრე განვითარებული ქვეყნები ძლიერი ჯანდაცვის სისტემებით. ამის შესანიშნავი მაგალითია ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ამ მართლაც ისტორიული პროგრამისთვის პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ სამოდელე ქვეყნად შეირჩა საქართველო და ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ამ პროექტს. პლაზმის მომზადებისა და ამ მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში საქართველო ასეთი პიონერი ვერა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მაინც იქნება. ამ საკითხზე ვმუშაობთ - უკვე შევხვდით კომპანიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები, მაგრამ მთავარია, შესაბამისი დონორების შერჩევა მოვახერხოთ. ჯერჯერობით, ჩვენს გამოჯანმრთელებულთა შორის შესაძლოა, ვერც ერთი დონორი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შევეცდებით...

ამ ეტაპზე საქართველო ტრადიციული მეთოდებით კარგად გადის ფონს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვყავს ორი გარდაცვლილი... თუ შევძლებთ იმუნური პლაზმის დამზადებას, ეს იქნება მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი.

- სტატისტიკის გათვალისწინებით ითვლიან, რამდენი დაავადებული თუ გარდაცვლილი შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას. ანგელა მერკელმაც ასე გამოთვალა ის ციფრი, რომლითაც გერმანელები, ცოტა არ იყოს, შეაშინა... - ეს გამოთვლა ინდივიდუალურია, სუბიექტური და ოფიციალურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა. მერკელმა თქვა, გერმანიის მოსახლეობის 60-70% გახდება ავადო, რაც 50 თუ 60 მილიონი ადამიანია. ასე თქვა ინგლისის პრემიერმაც, რომელიც თვითონ დაინფიცირდა. სხვადასხვანაირი პროგნოზი ისმის. მე შემიძლია ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა. ვინაიდან საქართველოში დაიწყო ინფექციის შიდა გავრცელების ეტაპი, ამიტომ გარდაუვალია შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, მთელმა ვერტიკალმა - რიგითი ექიმით დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ, უპირველესად კი - პრემიერმა გიორგი გახარიამ (რომლის გადაწყვეტილებები იყო ძალიან დროული და შედეგიანი) მოახერხეს, ეპიდემიის ყველა ეტაპზე გაეტარებინათ ადეკვატური ღონისძიებები, რითაც საქართველომ მიაღწია იმას, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს და აღიარებს - ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპმა საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სამი-ოთხი კვირით დაიგვიანა. ჩვენ სამი-ოთხი კვირა მოვიგეთ. ცხადია, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა ისე მასშტაბურად და კატასტროფულად, როგორც ევროპის ქვეყნებში. ვფიქრობ, საქართველოში მატება იქნება ისეთი, როგორიც არის ახლა. თუ ადრე დღეში სამი, ოთხი, ხუთი ადამიანი გვემატებოდა, ახლა, შიდა გავრცელების შემდეგ, ყოველდღიურად გვეყოლება 10-15-20 ახალი ინფიცირებული, მაგრამ ეს ამ სტადიისთვის ნორმალურია, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ არა - ათასობით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება.

- ვითარება პიკს როდის მიაღწევს? - ვფიქრობ, პიკი გვექნება ორი-სამი კვირის შემდეგ, ორი-სამი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და მერე დაიწყება კლება. ჩემი პროგნოზით, პიკის პერიოდში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 1000-ს, ან, თუ გადააჭარბებს, ბევრით არა.

- დასასრულს როდის უნდა ველოდოთ? - ეგ არავინ იცის. ისევ ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ, ორ-სამ თვეში.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, შესაძლოა, დაავადების მეორე ტალღა დაიწყოს... - ეგეც არავინ იცის...

- არის ვარაუდი, რომლის მიხედვით, საქართველოში შედარებით მსუბუქად იმიტომ მიმდინარეობს ეს დაავადება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. ბცჟ აცრა იცავს. იზიარებთ ამ შეხედულებას? - ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც არავის დაუმტკიცებია. არც ერთი კვლევით ეს არ დადასტურებულა.

- ხელმეორედ დაავადება მოსალოდნელია? - არც ეგ ვიცით ჯერ. ცოტა დროა გასული და არავინ იცის, გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს როგორ იმუნიტეტს დაუტოვებს. შესაძლოა, ამ დაავადებამ დატოვოს მყარი იმუნიტეტი, როგორსაც, მაგალითად, წითელა ტოვებს, ან დატოვოს იმუნიტეტი, მაგრამ არა 100%-იანი, არამედ ისეთი, როგორსაც ტოვებს გრიპი - შეიძლება განმეორებით დაემართოს ადამიანს, მაგრამ გადატანილი გრიპი მას 60-70%-ით იცავს ხელმეორედ დაინფიცირებისგან; თუმცა შეიძლება სულ არ დატოვოს იმუნიტეტი.

ჩემი აზრით, კორონავირუსგადატანილ პაციენტებს იმუნიტეტი მაინც ექნებათ. შესაძლოა, 100%-იანი - არა, მაგრამ 60-70%-იანი მაინც და თუ დასნებოვნდებიან კორონავირუსით, ის უფრო მსუბუქად ჩაივლის.

- თუ არ ვცდები, კორონავირუსთან ბრძოლაში კარგი შედეგები გვაქვს იმიტომ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია ზუსტად არ გავითვალისწინეთ. - დიახ. ეს არ არის მთავარი მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზია, რამაც ხელი შეგვიწყო. მკითხველს რომ მცდარი წარმოდგენა არ შეექმნას, გეტყვით, რაც მოხდა... ჯანმოს ინსტრუქციაში წერია, რომ შესაძლო შემთხვევად ჩაითვლება პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია, ერთ-ერთ პუნქტში კი აღნიშნულია, რომ ტემპერატურა უნდა ჰქონდეს 38 გრადუსი ან მეტი. ჩვენ ეპიდემიის დასაწყისშივე გადავწყვიტეთ, რომ ეს პუნქტი, ზიანის მომტანი იყო... ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ეს ამართლებდა მაგრამ, არა - ჩვენთან, რადგან ავადმყოფების ნახევარზე მეტს არ ჰქონდა 38 და მეტი სიცხე. საერთოდ უნდა მისდიო ჯანმოს რეკომენდაციებს, მაგრამ ეს არ არის კონსტიტუცია, რომ ვერ დაარღვიო. თუ გაქვს არგუმენტები, შეგიძლია რაღაც შეცვალო და მათ ჩვენს არგუმენტებს დაუჯერეს. ჩვენ ფორმულირება - "მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია" შევცვალეთ ფორმულირებით: "ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექცია", 38 და მეტი ტემპერატურა კი ფორმულირებით: "ცხელებით ან ცხელების გარეშე". ამან გაამართლა. იმ კრიტერიუმით რომ გვეხელმძღვანელა, საწყის ეტაპზე მხოლოდ დაავადებულთა ერთ მესამედს აღმოვაჩენდით, მეტს - ვერა. ორ მესამედს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია 38-მდე ტემპერატურა. ზოგს ჰქონდა 37.1, ზოგს - 37.5, ზოგს კი სულ არ ჰქონდა. ეს 2/3 დაიკარგებოდა, გაიპარებოდა, აითქვიფებოდა მოსახლეობაში და ახლა შეიძლებოდა 1000 და 2000 შემთხვევა გვქონოდა. სწორედ ეს დაემართა იტალიას. აი, ამ პუნქტის შეცვლამ ძალიან შეუწყო ხელი საქართველოში ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებას.

4 აპრილს საქართველოში Covid 19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

"მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან დღემდე ვეცადეთ, ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო... გარდაცვლილი პირველი ინფიცირებულის ნათესავია და ინფექციის ჯაჭვი ჩვენთვის ცნობილი", - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. კორონავირუსით გარდაცვლილია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის მკვიდრი 79 წლის ქალბატონი. მას კონტაქტი ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ და სარიტუალო სუფრაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ. ის კლინიკაში მძიმე თანმხლები დაავადებებით მიიყვანეს. მდგომარეობა პირველივე დღიდან კრიტიკული იყო. 4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 162 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მათ შორის არის ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძეც. ის საავადმყოფოდან გამოვიდა და ახლა თვითიზოლაციაშია.

"ჩემი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ დაცული არავინ არის"

ამირან გამყრელიძის ვაჟმა ნიკოლოზ გამყრელიძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა:

- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ეშინია, მაგრამ მე ამ დაავადებაზე უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა, ამიტომ სხვა რამის მეშინოდა - ხომ არ გადავდე ჩემს მეუღლეს, შვილებს ან ჩემს რომელიმე მეგობარსა თუ თანამშრომელს. საბედნიეროდ, იმ კლასტერის ჯაჭვის გაწყვეტა მოვახერხეთ ოპერატიული იზოლაციით. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ შველის თვითიზოლაცია და დისციპლინა ამ დაავადებას... ნიკოლოზ გამყრელიძე მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია. ის მხოლოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან. ყველა შეხვედრის შემდეგ ხელებსაც ვიმუშავებდი და მაინც გადამედო... ეს დაავადება შეიძლება სავალალო იყოს ხანდაზმული ადამიანების ან ჩემი თანატოლებისთვისაც, თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა... ჩვენ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და დავიცვათ რეკომენდაციები. ჩემი შემთხვევა ძალიან კარგი მაგალითია, რომ დაცული არავინ არის.

ინფორმირებული ვიყავი, მაგიდაზე ყოველთვის ნიღბები მედო, ჯიბეში კი - სანიტაიზერი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი დაინფიცირებული აღმოვჩნდი. თუ არ ვიქნებით ყურადღებით, ეს ყველაფერი ძალიან საშიში გახდება. მე რომ სიმპტომები არ მქონოდა, იმ შაბათ-კვირას, ალბათ, წავიდოდი და მოვინახულებდი ბებიას, რომელიც 92 წლისაა, ქრონიკული დაავადებები აქვს და შეიძლებოდა მომეკლა. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეს ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.